B ჰეპატიტი, საჭირო გამოკვლევები
და მონიტორინგი
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
როგორ ხდება B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა?
- B ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპები;
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები;
- ღვიძლის სხვა ფუნქციური გამოკვლევები;
-
B ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგი;
-
მკურნალობაზე არმყოფი პაციენტების მონიტორინგი.
ცნობილია, რომ B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა არ არის ინფორმირებული მისი დიაგნოზის შესახებ, რადგანაც არასდროს ჩაუტარებია შესაბამისი ტესტირება.
სისხლის ტესტირება და სხვა გამოკვლევების ჩატარება მნიშვნელოვანია B ჰეპატიტის დიაგნოზის დასმისა და შემდგომში მკურნალობის მონიტორინგის ჩატარების მიზნით.
როგორ ხდება B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა?
B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა მოიცავს გამოკვლების ფართო სპექტრს.
საწყის ეტაპზე ტარდება სისხლის სეროლოგიური ტესტირება, რაც მოიცავს სხვადასხვა ტიპის გამოკვლევებს:
-
HBsAg - B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა;
-
anti-HBc ანუ HBcAb - B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა;
-
Anti-HBs ანუ HBsAb - B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა;
-
HBeAg - B ჰეპატიტის ვირუსის ადრეული (e) ანტიგენის განსაზღვრა;
-
anti-Hbe ანუ HBeAb - B ჰეპატიტის ადრეული (e) ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა.
1. დადებითი შედეგი B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) ტესტზე მიუთითებს ორგანიზმში B ჰეპატიტის მწვავე ან ქრონიკული ინფექციის არსებობაზე. HBsAg-ის ტესტზე დადებითი შედეგი ნიშნავს, რომ პიროვნება გადამდებია. თვითგანკურნების შემდეგ HBsAg-ტესტზე შედეგი ხდება უარყოფითი. მწვავე ინფექციის შედეგად თვითგანკურნების შანსი შეადგენს 9%-ს, რაც დამოკიდებულია ინფიცირებულის ასაკზე და იმუნიტეტზე. ქრონიკული შემთხვევების თვითგანკურნების შემთხვევები ძალიან იშვიათია და 0.8%-2%-ს შეადგენს წელიწადში.
HBsAg-ზე დადებითი შედეგის მიღების შემდეგ უნდა დადგინდეს ეს არის მწვავე თუ ქრონიკული ინფექცია.
2. დადებითი შედეგი B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების (anti-HBs ანუ HbsAb ტესტზე) მიუთითებს, რომ ადამიანი დაცულია B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებისგან, რაც მიიღწევა ვაქცინაციის შედეგად ან მიგვითითებს უკვე გადატანილ ინფექციაზე.
anti-HBs ტესტზე დადებითი შედეგის მქონე პირები არ არიან
გადამდები.
3. დადებითი შედეგი B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვის საწინააღმდეგო
ანტისხეულების (anti-HBc ან HbcAb) ტესტზე მიუთითებს წარსულში
გადატანილ ან მიმდინარე ინფექციაზე ორგანიზმში. B ჰეპატიტის ვირუსით მიმდინარე ინფექციის არსებობის დასადასტურებლად უნდა ჩატარდეს ზემოთ ნახსენები HbsAg-ის ტესტი.
4. დადებითი შედეგი HBeAg-ის ტესტზე მიუთითებს ვირუსის მაღალ
აქტივობაზე.
5.დადებითი შედეგი anti-HBe ტესტზე ეს მიუთითებს, რომ ვირუსი აღარ არის აქტიური ორგანიზმში.
შემდგომ ეტაპზე ხდება B ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის (დნმ-ს) განსაზღვრა პოლიმერაზული ჯაჭვული რეაქციის (PCR) მეთოდით. ამ მეთოდით შესაძლებელია 1 მლ სისხლში B ჰეპატიტის დნმ-ს კონცენტრაციის (დატვირთვის) განსაზღვრა. ვირუსული დატვირთვის და სხვა გამოკვლევების შედეგების საფუძველზე ექიმი იღებს მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილებას.
B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პირებში დამატებით იკვლევენ სისხლში B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვის საწინააღმდეგო 2 ტიპის იმუნოგლობულინის (იმუნოგლობულინ M [IgM] და მუნოგლობულინ G [IgG]) არსებობას: IgM ანტისხეულები წარმოიქმნება ინფექციის ადრეულ ეტაპზე, ხოლო IgG ანტისხეულები მოგვიანებით წარმოიქმნება, ანაცვლებს IgM-ს და სისხლში რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე.
B ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპები
ვირუსის გენეტიკური სტრუქტურის მიხედვით არსებობს მისი 10
გენოტიპი (A-J). მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული
გენოტიპია გავრცელებული. მკურნალობის შესარჩევად გენოტიპის
განსაზღვრას კრიტიკული მნიშვნელობა არ აქვს.
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ღვიძლის ფუნქციური სინჯები ასახავენ ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობას. ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა შესაძლოა არც იყოს დაკავშირებული B ჰეპატიტთან.
ღვიძლის ფუნქციური სინჯებიდან ყველაზე ხშირად იყენებენ სისხლში ალანინ ამინოსტრანსფერაზას (ALT) და ასპარტატ ამინოსტრანსფერაზას (AST) განსაზღვრას. სისხლში აღნიშნული ფერმენტების შემცველობის მომატება მიუთითებს ღვიძლში ანთებითი პროცესის მიმდინარეობაზე. თუმცა, როდესაც ALT-ს მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ეს არ გამორიცხავს B ჰეპატიტის ინფექციის არსებობას ორგანიზმში. ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები შესაძლოა იცვლებოდეს დროთა განმავლობაში, მაგ. ვირუსული წარმოშობის სხვა დაავადებების ან მედიკამენტების მოქმედების შედეგად.
როგორც წესი, დასკვნების გამოტანა არ ხდება ერთი ცალკეული გამოკვლევის საფუძველზე, რადგან შესაძლებელია თითოეული გამოკვლევის შედეგზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებდნენ.
საუკეთესო შემთხვევაში მკურნალი ექიმი აკვირდება ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევის შედეგებს დინამიკაში, რათა დაადგინოს ეს მაჩვენებლები მუდმივადაა დარღვეული თუ იკვეთება რაიმე სახის დინამიკა.
ღვიძლის სხვა ფუნქციური გამოკვლევები
B ჰეპატიტის ქრონიკულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში
თავისუფალი ბილირუბინის დონის მომატება - ეს კი განაპირობებს თვალის სკლერების და კანის მოყვითალო-მომწვანო შეფერილობას.
ასევე იკვლევენ პროთრომბინის დროს (PT) - ამ ანალიზის საშუალებით იზომება დრო, რომელიც სჭირდება სისხლს შედედებისთვის. სისხლის შედედებისთვის საჭიროა ღვიძლის მიერ გამომუშავებული ვიტამინი K და ცილა (პროთრომბინი). თუკი პროთრომბინის წარმოქმნის დრო გახანგრძლივებულია, ეს მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე.
ღვიძლის ბიოფსია ფიბრო-ტესტი და ფიბრო-მაქსი
ღვიძლის ბიოფსიას ატარებენ ღვიძლის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად. ამ დროს ხდება ღვიძლის მცირე ზომის ნაწილის ამოღება სპეციალური ნემსის საშუალებით და მისი გამოკვლევა
მიკროსკოპით.
ღვიძლის ელატოგრაფია ფიბროსკანით
ღვიძლის ელასტოგრაფია ღვიძლის სიმკვრივის განსაზღვრის
არაინვაზიური, უმტკივნეულო და სწრაფი კვლევის მეთოდია, რომელიც გამოიყენება ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების (ქრონიკული C, B ჰეპატიტების და სხვა) დროს ფიბროზის ხარისხის დასადგენად. ხშირ შემთხვევაში ფიბროელასტოგრაფია ღვიძლის
ბიოფსიის ალტერნატიული მეთოდია.
ფიბ 4
ეს არის ღვიძლის დაზიანების ხარისხის დასადგენი არაინვაზიური
გამოკვლევა, რომელიც ეფუძნება სისხლში ღვიძლის ამინოტრასფერაზების (ALT, AST) დონეს, თრომბოციტების რაოდენობას და ასაკს. FIB-4 ტესტით ხდება ა ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა .
B ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგი
ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება პერორალური
მედიკამენტები ტენოფოვირი ან ენტეკავირი. მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ თუ B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს კონცენტრაცია არ შემცირდა მინიმუმ 1 log-ით, ან თუ მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის (24 კვირა) შემდეგ - მინიმუმ 2 log-ით, ითვლება, რომ აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობა უეფექტოა და მკურნალობა უნდა შეწყდეს. შესაბამისად განხილულ უნდა იქნას სხვა მედიკამენტით მკურნალობის საკითხი.
მკურნალობაზე არმყოფი პაციენტების მონიტორინგი
HBeAg პოზიტიურ პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან მკურნალობაზე, ყოველ 3-6 თვეში ერთჯერ უნდა ჩაუტარდეთ ALT-ს კონტროლი. მიზანშეწონილის სისხლში B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს კონცენტრაციის განსაზღვრა 6 თვეში ერთხელ, ხოლო ღვიძლის ფიბროზის ხარიხის კონტროლი 6-12 თვეში ერთხელ.
HBeAg უარყოფით პირებს ALT-ს ნორმალური მაჩვენებლით და B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს დაბალი კონცენტრაციით ყოველ 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ ALT-ს კონტროლი (პირველი წლის განმავლობაში).
ALT-ს მაჩვენებლის მომატების შემთხვევაში პაციენტს პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს კონცენტრაციის და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის მონიტორინგი, რათა შეფასდეს მკურნალობის დაწყების საკითხი.