top of page

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები
C ჰეპატიტის შესახებ
ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • რა არის ჰეპატიტი? 

  • რითი განსხვავდება ვირუსული ჰეპატიტები A, B, და C ერთმანეთისგან?

  • შეიძლება თუ არა ერთდროულად მქონდეს რამდენიმე ტიპის ჰეპატიტი?

  • იკურნება თუ არა C ჰეპატიტი?

  • არის თუ არა სანდრო დღეს საქართველოში მიმდინარე C
    ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა?

  • ორსულობა და C ჰეპატიტი;

  • სისხლისა და სხვა ბიოლოგიური მასალის დონაცია და C ჰეპატიტი;

  • სარისკო ქცევის შემდეგ, როდის შემიძლია ჩავიტარო გამოკვლევა? 

  • შეიძლება თუ არა ტესტის პასუხი იყოს არასწორი?

  • შეიძლება თუ არა C ჰეპატიტის მქონე ადამიანი გადამდები
    იყოს, თუკი მას კლინიკურად არაფერი აღენიშნება და
    ჯანმრთელად გამოიყურება

  • ხდება თუ არა მწვავე C ჰეპატიტისგან თვით განკურნება?

  • როგორ მოვიქცე ქრონიკული C ჰეპატიტისგან განკურნების
    შემდეგ?

  •  რას ნიშნავს C ჰეპატიტით რე-ინფექცია? 

  • შეიძლება თუ არა დავკარგო სამსახური C ჰეპატიტის გამო?

რა არის B ჰეპატიტი?

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა, რომელიც შეიძლება განპირობებულ იქნას სხვადასხვა ტიპის ვირუსების, ტოქსინების, ზოგიერთი მედიკამენტის, სხვადასხვა დაავადების ან ალკოჰოლის ჭარბად გამოყენების შედეგად. ყველაზე მეტად გავრცელებულ ვირუსული ჰეპატიტების ტიპებს მიეკუთვნება A, B და C.

რითი განსხვავდება ვირუსული ჰეპატიტები A, B, და C ერთმანეთისგან?

სამივე ტიპის ჰეპატიტს იწვევს სამი სხვადასხვა ტიპის ვირუსი. ვირუსული ჰეპატიტები ერთმანეთს ჰგვანან კლინიკური 

სიმპტომებით, თუმცა გადაცემის გზები განსხვავებულია და ღვიძლზეც განსხვავებულად ზემოქმედებენ. 


A ჰეპატიტი (ანუ ბოტკინის დაავადება) არსებობს მხოლოდ მწვავე ფორმით და არასდროს გადადის ქრონიკულ ფორმაში. ადამიანი ინფიცირდება ვირუსით დაბინძურებული წყლისა და საკვების მიღების დროს. A ჰეპატიტისგან განკურნება ადვილად ხდება. B და C ჰეპატიტები გადაეცემა ძირითადად სისხლის გზით. იწყება მწვავე ფორმით, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ვირუსი რჩება სისხლში, ვითარდება ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და განაპირობებს ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებს მრავალი წლის შემდეგ. არსებობს პროფილაქტიკური აცრები A და B ჰეპატიტის წინააღმდეგ, თუმცა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არსებობს.

შეიძლება თუ არა ერთდროულად მქონდეს რამდენიმე ტიპის ჰეპატიტი?

შესაძლებელია ერთდროულად არსებობდეს B და C ჰეპატიტი, ან B, C და D ჰეპატიტი. მსგავს შემთხვევებს ექიმები კო-ინფექციებს უწოდებენ. კო-ინფექციების დროს გაცილებით იზრდება ღვიძლის დაზიანების ხარისხი, მეტი რისკი არსებობს ღვიძლის ციროზის ან კიბოს განვითარებისთვის. ამიტომაც, საჭიროა გამოკვლევების და მკურნალობის დროული ჩატარება.

 

 

იკურნება თუ არა ქრონიკული C ჰეპატიტი?

დიახ, დღეისათვის არსებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატებით შესაძლებელია C ჰეპატიტისგან სრულად განკურნება. პრეპარატები ზემოქმედებენ ვირუსის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე და აფერხებენ მის ფუნქციონირებას და გამრავლების ფუნქციას. აღნიშნულ მედიკამენტებს წარსულში გამოყენებული სამკურნალო წამლებისგან განსხვავებით, ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვთ, მისაღებად
გაცილებით მარტივია (არ საჭიროებს ინექციებს ყოველდღიურად, ინიშნება ტაბლეტების სახით) და გაცილებით ეფექტურია.

 

დანიშნული მკურნალობის სქემა და პერიოდი დამოკიდებულია ვირუსის გენოტიპზე, წარსულში C ჰეპატიტის მკურნალობის გამოცდილებაზე და დაავადების დაწყებისას ღვიძლის დაზიანების ხარისხზე, აგრეთვე სხვა თანმხლები ინფექციების და დაავადებების არსებობაზე. საშუალოდ მკურნალობის პერიოდი 8 კვირიდან 12 ან 24 კვირამდე გრძელდება და გამოჯანმრთელების ალბათობა საკმაოდ მაღალია (90-95%). ვირუსისგან განკურნების მაღალი შანსი აქვთ ციროზის, მათ შორის დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებს, წარსულში წარუმატებლად ნამკურნალევ პაციენტებს და პაციენტებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომ.

 

არის თუ არა სანდრო დღეს საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა?

დიახ, არის. ეს პროგრამა უნიკალურია იმ მხრივ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი შანსი მიიღოს ბოლო თაობის ანტივირუსული პრეპარატები. ამ მედიკამეტების ეფექტურობა დადასტურებულია წლობის განმავლობაში და აქტიურად გამოიყენება ევროპაში, ინგლისში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში. მკურნალობის შედეგად განკურნების ალბათობა 98% და მეტია.

შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირებულ ქალს ეყოლოს ჯანმრთელი შვილი?

რა თქმა უნდა შესაძლებელია. დედისგან ბავშვის ინფიცირების შემთხვევები იშვიათია - დაახლოებით 100-დან 3-6 შემთხვევაში. რისკი შედარებით მაღალია, თუ დედას C ჰეპატიტთან ერთად აივ ინფექცია ან სისხლის გზით გადამდები სხვა ინფექციებიც აქვს.

 

შემიძლია თუ არა ჩავაბარო სისხლი, ან გავხდე ორგანოს ან სპერმის დონორი, თუ მაქვს C ჰეპატიტი?

არა, თუ დაგიდგინდათ C ჰეპატიტის დიაგნოზი, ინფექციის გადაცემის თავიდან აცილების მიზნით სისხლის, ორგანოს ან სპერმის დონაცია რეკომენდებული არ არის.

ერთი კვირის წინ გავიკეთე ტატუირება, არ ვარ
დარწმუნებული რომ იარაღები სტერილური იყო. როდის შეიძლება ჩავიტარო გამოკვლევა? 

უმჯობესია გამოკვლევა სწრაფი ტესტებით ჩაიტაროთ 2-3 თვის შემდეგ, ანუ როდესაც დაავადების საშუალო ინკუბაციური პერიოდი გაივლის და სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოჩნდება. თუმცა, მეორე, უფრო სპეციფიური რნმ-ის შემცველი (PCR) ტესტით ზუსტი პასუხის გაგება სავარაუდო ინფიცირებიდან

1-2 კვირაში შეიძლება. 

შეიძლება თუ არა ტესტის პასუხი იყოს არასწორი?

შეიძლება, თუმცა ეს იშვიათად ხდება. სწრაფი ტესტირებისას ,,ცრუ დადებითი“ პასუხის შემთხვევაში, ექიმი ითხოვს სხვა დამატებითი კვლევების ჩატარებას, მაგ. PCR კვლევა ან HCV ბირთვის ანტიგენის განსაზღვრა, რაც არასწორ პასუხს გამორიცხავს. 


არის შემთხვევები, როდესაც C ჰეპატიტით ინფიცირებულს უტარდება
სწრაფი ტესტი და პასუხი არის უარყოფითი. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც პიროვნების ინფიცირება არც თუ დიდი ხნის წინ მოხდა და სისხლში საკმარისი რაოდენობით ანტისხეულები არ არის წარმოქმნილი. მსგავსი ,,ცრუ უაყოფითი“ შემთხვევები ასევე ფიქსირდება აივ ინფექციის არსებობისას.

შეიძლება თუ არა C ჰეპატიტის მქონე ადამიანი გადამდები იყოს, თუკი მას კლინიკურად არაფერი აღენიშნება დაჯანმრთელად გამოიყურება?

შეიძლება, თუ მას არაფერი აწუხებს ჯანმრთელობის მხრივ და აქვს C ჰეპატიტი, მაინც იქნება გადამდები სხვებისთვის. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მაშინ იგებენ თავიანთი დიაგნოზის შესახებ, როდესაც ღვიძლი სერიოზულად ზიანდება. ამიტომაც უწოდებენ C ჰეპატიტს ,,ალერსიან მკვლელს“.

ხდება თუ არა მწვავე C ჰეპატიტისგან თვით განკურნება?  

მწვავე C ჰეპატიტისგან თავისით განკურნება ხდება შემთხვევათა 15%–25%-ში, თუმცა ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი მექანიზმი, თუ როგორ ებრძვის და ამარცხებს ორგანიზმი ვირუსს წამლების გარეშე.

როგორ მოვიქცე ქრონიკული C ჰეპატიტისგან განკურნების შემდეგ?

თქვენი ღვიძლი საჭიროებს გაფრთხილებას. მკურნალი ექიმი გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაგიბარებთ გამოკვლევებზე, რაც აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ. მნიშვნელოვანია თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან, ასევე ნებისმიერი სხვა სახის მკურნალობა, რაც შეიძლება დაგჭირდეთ მომავალში, არ უნდა შეიცავდეს ჰეპატო ტოქსიურ მედიკამენტებს, წარსულში გადატანილი C ჰეპატიტის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ ექიმს.


C ჰეპატიტისგან განკურნების შემდეგ ღვიძლის შემდეგი დაზიანების
პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია ჩაიტაროთ ვაქცინაცია A და B
ჰეპატიტების წინააღმდეგ.

ექიმმა მითხრა, რომ C ჰეპატიტისგან განვიკურნე, თუმცა სწრაფი ტესტის ჩატარებისას შედეგი ისევ დადებითია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ისევ ინფიცირებული ვარ? 

სწრაფი ტესტების გამოყენებით ხდება სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა, რასაც სჭირდება შემდგომში დამადასტურებელი გამოკვლევის ჩატარება (PCR), რადგან ანტისხეულები სისხლში ჩანს C ჰეპატიტისგან თვითგანკურნების ან მკურნალობის შემდეგაც.

 

 

რას ნიშნავს C ჰეპატიტით რე-ინფექცია?

ეს არის C ჰეპატიტით ხელახალი დაინფიცირება, შესაბამისად არ ხდება C ჰეპატიტის გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბება. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს ვირუსის სხვა გენოტიპებით. ხშირად მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში შპრიცის ან სხვა
აღჭურვილობის გაზიარების შედეგად.

შეიძლება თუ არა დავკარგო სამსახური C ჰეპატიტის გამო?

საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით C ჰეპატიტის დიაგნოზის გამო ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლება არ უნდა მოხდეს (გამონაკლისს წარმოადგენს ინფექციაზე არანამკურნალევი სამხედრო პირები და სამედიცინო პერსონალი, რადგან არსებობს პოტენციური საფრთხე, მოხდეს სისხლის გზით სხვა პირების დაინფიცირება). თუმცა, მკურნალობის ჩატარების შემდგომ არც ისინი წარმოადგენენ საფრთხეს დაავადების გავრცელების კუთხით და ჩვეულებრივ შეუძლიათ სამსახურში აღდგენა.

bottom of page