top of page

C ჰეპატიტის გადაცემის გზები
და დაავადების პრევენცია
ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • C ჰეპატიტის გადაცემის გზები: 

    • შპრიცები და არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტები;

    • მშობიარობა, ორსულობა და ძუძუთი კვება;

    • სქესობრივი გზით გადაცემა. 

გადაეცემა თუ არა C ჰეპატიტი საყოფაცხოვრებო კონტაქტით?

  • როგორ დავიცვათ თავი C ჰეპატიტისგან?  

    • C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა​;

    • სტერილური შპრიცების და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება;

    • დაცული სქესობრივი კონტაქტი.

  • რე-ინფექციის საფრთხე C ჰეპატიტისგან განკურნებულებში;

  • B ჰეპატიტზე ვაქცინაცია.

C ჰეპატიტი სისხლის გზით გადამდები ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანისგან მეორის დაინფიცირება სისხლის გზით ხდება.

 

ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული  C  ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი. 

ყველაზე ხშირად, ინფექციის გავრცელების წყაროს წარმოადგენს ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცები, ნემსები და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტები. ასევე, ვირუსის გავრცელებისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეუმოწმებელი სისხლის ან სისხლის პროდუქტების გადასხმა ან ორგანოების გადანერგვა. 

ვირუსის გადაცემა ზოგჯერ სქესობრივი გზითაც ხდება (3-5 % შემთხვევებში).


სისხლის გადასხმა


ბევრ ქვეყანაში 90-იან წლებში სისხლის წინასწარი გამოკვლევა ვირუსულ ჰეპატიტებზე სისტემატურად არ ხდებოდა. შედეგად, მრავალი ადამიანის დაინფიცირება მოხდა. დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, C ჰეპატიტის გავრცელება ამ გზით თითქმის არ ხდება. 

დღეისათვის, ეს პრობლემა შედარებით მოგვარებულია მსოფლიოს დანარჩენ ნაწილშიც. საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში სისხლის ჩაბარებისას ყოველთვის ხდება მათი გამოკვლევა სხვადასხვა ინფექციებზე, მათ შორის აივ/შიდსსა და ვირუსულ ჰეპატიტებზეც. 

 

შპრიცები და არასტერილური

სამედიცინო ინსტრუმენტები 

შპრიცების და სხვა საინექციო აღჭურვილობის (ბამბა, კოვზი, ფილტრი და სხვა) გაზიარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს C
ჰეპატიტის ეპიდემიის გავრცელებაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ხდება ნარკოტიკების მოხმარება ინტრავენურად (აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია).


ინფექციის გავრცელების წყარო შეიძლება იყოს დაბინძურებული ნემსი და სხვა აღჭურვილობა ტატუს გაკეთების დროს,

აკუპუნქტურისას და სილამაზის სალონებში სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარების დროს.

 

ვირუსის გადაცემის რისკი არსებობს საერთო კბილის ჯაგრისის, 

მაკრატლის და სამართებლის გამოყენებისას.
 

მშობიარობა,

ორსულობა და ძუძუთი კვება 

ორსულობისა და მშობიარობის დროს დედიდან შვილზე გადაცემის
რისკი მცირეა. 

 

თანამედროვე გაიდლაინების თანახმად C ჰეპატიტით ინფიცირებული ორსულისთვის რეკომენდირებულია ფიზიოლოგიური მშობიარობა, იმდენად დაბალია ბავშვის დაინფიცირების რისკი. ადრე მხოლოდ საკეისრო კვეთა იყო რეკომენდირებული, რაც დღეისათვის შეიცვალა.


რაც შეეხება ინფიცირებული დედის მიერ ბავშვის ძუძუთი კვებას, დედის რძე ვირუსს პრაქტიკულად არ შეიცავს, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, თუ ძუძუს თავზე წარმოქმნილი ნახეთქების გამო ბავშვის კვების დრო ხდება სისხლის შერევა რძესთან ერთად, უმჯობესია ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა. ახალშობილს ინფიცირებული დედისგან 18 თვის მანძილზე სისხლში 
თანდაყოლილი აქვს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულები.
ამიტომაც, ამ ასაკამდე რთულია მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა ინფიცირებულია თუ არა ბავშვი.


იმ შემთხვევაში, თუ ორსული არის C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, მისი მკურნალობა არ ხდება, რათა არ მოხდეს ნაყოფის დაზიანება. მკურნალობის დაწყება ინფიცირებულ ქალს შეუძლია მშობიარობის და ძუძუთი კვების დასრულების შემდგომ.


იმ შემთხვევაში, თუ ქალი იმყოფება C ჰეპატიტის ელიმინაციის მკურნალობის პროგრამაში და მკურნალობს, უნდა მოხდეს ორსულობის პრევენცია ჩასა ხვის საწინააღნდეგო საშუალებების გამოყენებით. 


ორსულობა რეკომენდირებულია მკურნალობის დამთავრებიდან 6 თვის შემდეგ.


თუ მამაკაცია ინფიცირებული C ჰეპატიტით


ინფიცირებული მამისგან ბავშვზე ვირუსი არ ვრცელდება (თუ დედა არაა ინფიცირებული). 


თუ მამაკაცი მკურნალობს C ჰეპატიტს, ორსულობა უნდა დაიგეგმოს
მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ ახალი ანტივირუსული
მედიკამენტების ტერატოგენული ეფექტის გამო.

 

გადაეცემა თუ არა C ჰეპატიტის ვირუსი
სქესობრივი გზით?

სქესობრივი გზით C ჰეპატიტის გადაცემა შესაძლებელია დაუცველი
სქესობრივი კონტაქტისას, თუმცა ძალიან მცირეა ამ გზით ვირუსის გადადების ალბათობა (დაახლოებით 3-5%). ერთი სტაბილური პარტნიორის ყოლის შემთხვევაში, ეს რისკი მინიმალურია. რისკი გაცილებით მაღალია შემთხვევითი კავშირებისა და მრავალი პარტნიორის არსებობისას.


C ჰეპატიტისგან განსხვავებით, სქესობრივი გზით გაცილებით მაღალია B ჰეპატიტის და აივ/შიდსის გადადების შანსი.


სქესობრვი გზით C ჰეპატიტის გავრცელების მეტი რისკი აქვთ მამაკაცებს, ვისაც დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, რამდენადაც სქესობრივი კავშირის ეს გზა გაცილებით ტრავმულია და არსებობს სისხლძღარღვების დაზიანების მეტი რისკი.

გადაეცემა თუ არა C ჰეპატიტი საყოფაცხოვრებო კონტაქტით?
 

C ჰეპატიტი არ გადაეცემა:

  • ჰაერწვეთოვანი გზით (საუბრისას, ცემინებისას, ხველებისას);

  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;

  • საერთო ჭურჭლის მოხმარებით;

  • საერთო ტუალეტისა და აბაზანის გამოყენებით;

  • მწერების და ცხოველების ნაკბენით. 

 

შესაბამისად, C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულებს არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან

იცოდეთ და გაუზიარეთ ცოდნა C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის გზების შესახებ თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. რაც მეტია ცოდნა დაავადების შესახებ, ნაკლებია სტიგმა და დისკრიმინაცია ინფიცირებულების წინააღმდეგ.

როგორ დავიცვათ თავი C ჰეპატიტისგან?

 

C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა

დღესდღეისობით, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არსებობს. რამდენადაც, C ჰეპატიტის ვირუსს ახასიათებს მუტაციის უნიკალური უნარი. ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა საჭირო ვაქცინის შსაქმნელად. 


სტერილური შპრიცების და სხვა სამედიცინო
ინსტრუმენტების გამოყენება 

  • ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციისას, გამოიყენეთ ერთჯერადი სტერილური ინსტრუმენტები. ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში ან კოსმეტოლოგიურ/სილამაზის სალონებში მიმართვისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ  უსაფრთხოების ზომები დაცულია.  შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ინსტრუმენტების დეზიმფექცია, მოითხოვეთ ნემსების, შპრიცების, სტერილური სტომატოლოგიური ინვენტარის თქვენს თვალწინ გახსნა.

  • დაუშვებელია საზიარო შპრიცის, კოვზის, ფილტრის ან ბამბის და სხვა ატრიბუტიკის გამოყენება ნარკოტიკის მომზადებისას (თუნდაც იცოდეთ, რომ თქვენს პარტნიორსააც აქვს C ჰეპატიტი, მაინც არ უნდა მოხდეს ინსტრუმენტების გაზიარება);

  • სხვა ადამიანების პირადი ნივთების (კბილის ჯაგრისი, სამართებელი, ტატუს, პირსინგისა და მანიკურის გასაკეთებელი ინსტრუმენტები) გამოყენებაზე უარის თქმა.

დაცული სქესობრივი კონტაქტი

  • მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი კონტაქტით ვირუსის გადაცემის რისკი მაღალი არ არის, მაინც სასურველია პრეზერვატივის გამოყენება;

  • უმჯობესია გყავდეთ ერთი ერთგული პარტნიორი, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ერთად ჩაიტაროთ გამოკვლევა სისხლის და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.

რე-ინფექციის საფრთხე C ჰეპატიტისგან განკურნებულებში

C ჰეპატიტისგან განკურნებული პირებისათვისაც არსებობს ხელახლა
დაინფიცირების, ანუ რე-ინფექციის საფრთხე. შესაძლებელია ადამიანის თავიდან დაინფიცირება მოხდეს C ჰეპატიტის სხვა გენოტიპით ან ქვეტიპით. ამ შემთხვევაში, თქვენი ღვიძლის დაზიანების საფრთხე გაცილებით მაღალია.

B ჰეპატიტზე ვაქცინაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვაქცინაცია B ჰეპატიტზე უნდა ჩაუტარდეთ ვირუსული ჰეპატიტებით დაინფიცირების რისკის მქონე პირებს (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან, კომერციული სექს მუშაკები, სამედიცინო პერსონალი).

 

დღეისათვის ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ყველა პაციენტს უტარდება B ჰეპატიტზე ვაქცინაცია. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. 

B injection trans.PNG
B child birth trans.PNG
B sex trans.PNG
C transmision.PNG
bottom of page