B ჰეპატიტის მკურნალობის
მიზნები
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
B ჰეპატიტის სიმპტომები;
-
B ჰეპატიტის მკურნალობა:
- მწვავე B ჰეპატიტი
- ქრონიკული B ჰეპატიტი
-
B ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგი;
-
მკურნალობაზე არ-მყოფი პაციენტების მონიტორინგი;
-
B ჰეპატიტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა
საქართველოში;
მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევების 95% თვითგანკურნებით
სრულდება. დანარჩენ 5%-ში ვირუსი სისხლში რჩება 6 თვეზე
მეტი ხნის განმავლობაში ანუ ვითარდება ქრონიკული B ჰეპატიტი.
B ჰეპატიტის სიმპტომები
ბევრმა ადამიანმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ ინფიცირებულია B
ჰეპატიტის ვირუსით, რადგან ხშირად ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაავადების სტატუსის არ ცოდნა ზრდის ღვიძლის მძიმე დაზიანების და სხვა პირებზე ვირუსის გავრცელების რისკს.
ზოგ პაციენტს ინფიცირებიდან მრავალი წლის შემდეგაც კი ღვიძლის
უმნიშვნელო დაზიანება აღენიშნება. როცა ინფექცია უსიმპტომოდ
ვითარდება, გარკვეული დროის განმავლობაში პაციენტი ვერც ხვდება, რომ ინფიცირებულია, ან ის მცირე სიმპტომები, რაც აღენიშნება, ხშირად სხვადასხვა დაავადებებს (კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, დეპრესია, კანის დაავადებები და სხვა) მიეწერება ხოლმე.
კლინიკური გამოვლინების შემთხვევაში, დაავადებას შემდეგი
სიმპტომები ახასიათებს:
• საერთო სისუსტე;
• უმადობა;
• გულისრევა-ღებინება;
• ცხელება;
• გამონაყარი კანზე;
• უსიამოვნო შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
• კანის და/ან თვალის თეთრი გარსების სიყვითლე;
• სახსრების ტკივილი;
• ფაღარათი;
• შარდის გამუქება
• ღია ფერის განავალი
B ჰეპატიტის მკურნალობა:
მწვავე B ჰეპატიტი – სპეციალური ანტივირუსული მკურნალობა არ ტარდება, ინიშნება მხოლოდ სიმპტომური და დეზინტოქსიკაციური თერაპია, რომლის მიზანიც არის ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნა, ადეკქატური კვების ბალანსის შენარჩუნება ღებინების და/ან დიარეის დროს სითხის დაკარგვის/ორგანიზმის გაუწყლოების პრევენცია .
ქრონიკული B ჰეპატიტი – მკურნალობის დაწყება დამოკიდებულია ღვიძლის დაზიანების ხარისხზე და სისხლში ვირუსულ დატვირთვაზე. ამ შემთხვევაში ინიშნება ანტივირუსული მკურნალობა, რომლის მიზანია ვირუსის გამრავლების შეფერხება, ღვიძლის დაზიანების პრევენცია და სიცოცხლის გახანგრძლივება.
ანტივირუსული პრეპარატები ინიშნება როგორც მონოთერაპიის,
ისე კომბინირებული თერაპიის სახით. ინფიცირებულთა უმეტესობას არ უვითარდება ღვიძლის მძიმე დაზიანება. შემთხვევათა 20%-ში (10-20 წლიან პერიოდში) ვითარდება ღვიძლის ციროზი.
თუკი დიდი ხნის განმავლობაში არ ხდება მკურნალობის დაწყება,
მოსალოდნელია ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ციროზის ან ღვიძლის კიბოს (ჰეპატოცელულარული კარცინომა) განვითარება. შესაძლოა დადგეს ღვიძლის გადანერგვის (ტრანსპლანტაცია) აუცილებლობა ან დაავადება გარდაცვალებით დასრულდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ქრონიკული B
ჰეპატიტის სამკურნალოდ მოწოდებულია პირველი რიგის მედიკამენტები ტენოფოვირი ან ენტეკავირი (Tenofovir or Entecavir). სხვა მედიკამენტებთან შედარებით, ნაკლებია მათ მიმართ რეზისტენტობის განვითარების ალბათობა. ამ მედიკამენტების მიღება მარტივია (1 ტაბლეტი დღეში ერთხელ) და აღინიშნება მცირე გვერდითი მოვლენები.
შემთხვევათა უმრავლესობაში, ანტივირუსული მედიკამენტებით ვერ
ხერხდება B ჰეპატიტის ვირუსისგან სრულად განკურნება და ფერხდება მხოლოდ ვირუსის გამრავლება. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მკურნალობის გაგრძელება სიცოცხლის ბოლომდე.
B ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგი
თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს კონცენტრაცია არ შემცირდა მინიმუმ 1 log-ით, ან თუ მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის (24 კვირა) შემდეგ B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს კონცენტრაცია არ შემცირდა მინიმუმ 2 log-ით, ითვლება, რომ აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობა არ არის ეფექტური და მკურნალობა უნდა შეწყდეს. შესაბამისად, განხილულ უნდა იქნას სხვა მედიკამენტით მკურნალობის საკითხი.
მკურნალობაზე არმყოფი პაციენტების მონიტორინგი
HBeAg-დადებით პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან მკურნალობაზე, უნდა ჩაუტარდეთ ALT-ს კონტროლი ყოველ 3-6 თვეში ერთხელ. ასევე მიზანშეწონილია B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს-კონცენტრაციის კონტროლი 6 თვეში ერთხელ და ღვიძლის ფიბროზის მონიტორინგი 6-12 თვეში ერთხელ, რათა შეფასდეს მკურნალობის საკითხი.
HBeAg-უარყოფით პირებს ALT-ს ნორმალური მაჩვენებლით და B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს დაბალი კონცენტრაციით, ყოველ 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ ALT-ს კონტროლი (პირველი ერთი წლის განმავლობაში), რათა გაირკვეს არის თუ არა პაციენტი ე.წ. „ჯანმრთელი მტარებელი“.
ALT-ს მაჩვენებლის მომატების შემთხვევაში პაციენტსპერიოდულად უნდა ჩაუტარდეს B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს კონცენტრაციის და ღვიძლის ფიბროზის განსაზღვრა, რათა შეფასდეს მკურნალობის საკითხი.
B ჰეპატიტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში
B ჰეპატიტის სამკურნალო ანტივირუსული მკურნალობა არ იფარება
სახელმწიფო ან სადაზღვევო კომპანიების მიერ. თურქული წარმოების ტენოფოვირით ყოველთვიური მკურნალობის კურსი 80-დან 160 ლარამდე ღირს.
გარდა ამისა, დიაგნოსტიკისთვის საჭირო ხარჯების გაწევაც პაციენტის მიერ ხდება.
B ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაციაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. განსაკუთებით რთული სიტუაციაა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. გაცილებით ძვირია მკურნალობა ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს, როდესაც საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
მსოფლიოში 2015 წელს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდა
ინფიცირებულთა მხოლოდ 8%-ს (1.7 მლნ). ბევრი ადამიანი მხოლოდ მაშინ იგებს, რომ B ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული, როდესაც ღვიძლის შორსწასული დაზიანება აქვს.
დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე დაბალი ხელმისაწვდომობის გარდა, არსებობს შემდეგი ბარიერები B ჰეპატიტის მკურნალობაში ჩასართავად:
• ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე მრავალმა ადამიანმა არ იცის, რომ B
ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული;
• ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე ზოგიერთ პაციენტს აქვს გაუცნობიერებელი შიში B ჰეპატიტის მკურნალობის მიმართ, ეშინია მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ან არ არის დარწმუნებული, რომ მკურნალობის კურსს ბოლომდე მიიყვანს (მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის არსებული მედიკამენტები გაცილებით მარტივად ასატანია პაციენტებისთვის, ვიდრე წლების წინ);
• ბარიერს წარმოადგენს სტიგმა და თვითსტიგმა ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში. სტიგმა ხშირად სამედიცინო პერსონალისგანაც გამომდინარეობს.