top of page

რა არის პრეპ-ი?

ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • რა შემთხვევაში მჭირდება პრეპი?

  • როდის ჯობია PrEP-ის დაწყება?

  • რა მედიკამენტი გამოიყენება პრეპის დროს?

  • რა გვერდითი ეფექტი აქვს პრეპს?

  • თუ პრეპს ვიღებ, კონდომი მაინც უნდა გამოვიყენო?

  • როგორ ჩაერთო პროგრამაში?

  • რა ასაკიდან შემიძლია პროგრამაში ჩართვა?

  • რა ღირს პრეპის პროგრამაში ჩართვა?

  • პრეპის პროგრამა კონფიდენციალურია?

პრეპი/PreP ანუ პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა განკუთვნილია აივ ნეგატიური სტატუსის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც დგანან აივით ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე.


მეთოდი საკმაოდ მარტივია - აივ ნეგატიური პირი იღებს
ანტირეტროვირუსულ (არვ) მედიკამენტს ინფექციისგან დაცვის
მიზნით.


ყოველდღიურად დღეში 1 აბის მიღების შემთხვევაში პრეპი
აივ ინფექციისგან იცავს 99%-მდე. ტაბლეტის მიღება ხდება
იმისდამიუხედავად, ჰქონდა თუ არა ადამიანს იმ დღეს სარისკო ქცევა.


პრეპი აღიარებულ იქნა აშშ-ში აივ პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციის მეთოდად 2012 წლიდან, ამასთანავე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებიც მოიცავს პრეპს, როგორც ძირითად რეკომენდაციას აივ-ის ეპიდემიასთან საბრძოლველად. 


ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პრეპს იღებს, ამბობს, რომ ახლა უკვე შეუძლიათ ჰქონდეთ სექსი შიშის გარეშე.

რა შემთხვევაში მჭირდება პრეპი?

როდის ჯობია PrEP-ის დაწყება?

 

• როდესაც ხშირად არ იყენებ კონდომს;


• როდესაც გაქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (მათ შორის რექტალური) ;


• ჩატარებული გაქვს აივ ინფექციის პოსტ ექსპოზიციური პროფილაქტიკა (პეპ/PEP) ;


• გაქვს სქესობრივი კონტაქტი პირებთან, ვისი აივ სტატუსიც არ იცი; 


• გაქვს სქესობრივი კონტაქტი აივ ინფიცირებულ პირთან, თუმცა არ არის ცნობილია აქვს თუ არა მას ვირუსული სუპრესია/ არანაგსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა;


• გაქვს ჯგუფური სექსის პრაქტიკა, რის ფონზეც მონაწილეები მოიხმარენ სხვადასხვა ტიპის ფსიქოაქტიურ ან ნარკოტიკულ საშუალებებს ინექციური ან არაინექციური გზით.


შენ არ გჭირდება პრეპი, თუკი გყავს ერთი, მუდმივი სქესობრივი
პარტნიორი, რომელსაც აქვს აივ ინფექცია, თუმცა იგი ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზეა და მისი ვირუსული დატვირთვა არაგანსაზღვრადია.

რა მედიკამენტი გამოიყენება პრეპის დროს?

ეს არის ტრუვადა, რომელიც შეიცავს 2 აქტიურ ნივთიერებას

ემტრიციტაბინი და ტენოფოვირ- დისოპროქსილი (Tenofovir-DF და FTC). ტრუვადა მედიკამენტის სავაჭრო დასახელებაა. მოზრდილი ადამიანის სტანდარტული დოზა მოიცავს 1 ტაბლეტს დღიურად (შეიცავს 245 მგ tenofovir DF + 200 მგ FTC).

აივ ვირუსთან კონტაქტისას ტრუვადა ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას შეჭრის ადგილზევე და მის შემდგომ გავრცელებას.

ტრუვადა ასევე გამოიყენება აივ ინფიცირებული მოზრდილი პირების სამკურნალოდაც სხვადასხვა რეჟიმის სახით. გარდა ამისა, ტრუვადას ნიშნავენ 12 წლიდან იმ მოზარდებისთვის, ვინც რეზისტენტულია აივ-ის პირველი რიგის არვ მედიკამენტების მიმართ ან ვერ იღებს სხვა მედიკამენტებს გვერდითი ეფექტის გამო.

რა გვერდითი ეფექტი აქვს პრეპს?


გამოკითხულ პირთა უმრავლესობა, რომელიც ამჟამად იღებს პრეპს, ამბობს, რომ მათ შემთხვევაში გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, თუმცა ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, პრეპსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რომელიც შესაძლოა არც კი გამოვლინდეს.


ხოლო მათ შორის, ვინც აღნიშნავს გვერდით ეფექტებს, ყველაზე მეტად გავრცელებულია გულისრევის შეგრძნება, დიარე, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. როგორც წესი, ეს ჩივილები მაქსიმუმ 2-3 კვირაში ქრება.


ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნება ათი ადამიანიდან ერთს, მედიკამენტის მიღების დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.


იშვიათად გრძელვადიანი გვერდითი ეფექტების სახით შეიძლება
გამოვლინდეს ცვლილებები თირკმლის ფუნქციებში და ძვლის მინერალურ სიმკვრივესთან დაკავშირებული პრობლემები.

 

გამომდინარე აქედან, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გვერდითი მოვლენები, საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს. დღეს საქართველოში მოქმედი პრეპის პროგრამა მოიცავს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას და საჭირო ანალიზების გაკეთებას აღნიშნული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით.

თუ პრეპს ვიღებ, კონდომი მაინც უნდა გამოვიყენო?


პრეპი უზრუნველყოფს აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებისგან მაქსიმალურ დაცვას, თუმცა იგი არ იცავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისგან (მაგ: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ჰეპატიტები), შესაბამისად, კონდომის გამოყენება კვლავ აუცილებელია.

 

როგორ ჩაერთო პროგრამაში?

პროგრამაში ჩასართავად, უნდა მიბრძანდეთ თანასწორობის მოძრაობის ოფისში, სადაც შეავსებთ რისკის შეფასების კითხვარს და გაიკეთებთ სწრაფ ტესტს აივ ინფექციაზე. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სპციალური მიმართვის ფორმით, გადამისამართდებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში, სადაც პროგრამის ექიმები ჩაგიტარებენ საჭირო ანალიზებს, სამედიცინო კრიტერიუმების დაკმაყობფილების დასადგენად.
რის შემდეგაც უკვე შეძლებთ პრეპის აღებას.

 

რა ასაკიდან შემიძლია პროგრამაში ჩართვა?

საქართველოში პრეპის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია 18 წლიდან.

რა ღირს პრეპის პროგრამაში ჩართვა?

პრეპის პროგრამის ფარგლებში ექიმთან რეგულარული კონსულტაციები, ანალიზები და პრეპი სრულიად უფასოა.

პრეპის პროგრამა კონფიდენციალურია?

დიახ, პროგრამა სრულაიდ კონფიდენციალური და ანონიმურია.
პროგრამაში ჩართვისთვის არსად არ მოგეთხოვებათ პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ამის ნაცვლად გამოიყენება უნიკალური15 ნიშნა კოდს, რომლის საშუალებით ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

 

 

როდის გვჭირდება prep.PNG
bottom of page