რატომ იყო მნიშვნელოვანი სასარგებლო მოდელით დაცვის ობიექტის შეზღუდვა!
სასარგებლო მოდელი წარმოადგენს გამოგონების პატენტის ალტერნატიული დაცვის ფორმას მცირე ინოვაციებისთვის. სასარგებლო მოდელის ძირითადი მიზანია პროდუქტის ფუნქციური ასპექტების დაცვა (სასარგებლო მოდელით დაცვა ხშირად გამოიყენება სათამაშოების, მაჯის საათების, ოტპიკური კაბელების და სხვადასხვა დანადგარების დეტალებისთვის). სასარგებლო მოდელები ტრადიციულად გამოიყენება მექანიკის, ოპტიკის და ელექტრონიკის დარგებში და მათ პოზიტიური როლი შეასრულეს ისეთი ქვეყნების მრეწველობის განვითარებაში, როგორიცაა გერმანია, იაპონია, სამხრეთ კორეა და ინდოეთი. ამჟამად, მსოფლიოს დაახლოებით 75-მდე ქვეყანაში არსებობს სასარგებლო მოდელი, როგორც სამრეწველო საკუთრების ობიექტი.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია სასარგებლო მოდელის დაცვის ობიექტი, არსებობს საერთო ასპექტებიც, რომლებიც გაზიარებულია ქვეყნების უმრავლესობის კანონმდებლობაში. კერძოდ:
-
გამოგონებებთან შედარებით, სასარგებლო მოდელისათვის მოითხოვება ნაკლები საგამომგონებლო დონე;
-
სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემისათვის გამარტივებულია ან საერთოდ არ ტარდება არსობრივი ესპერტიზა;
-
გამოგონების პატენტთან შედარებით, სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადა ნაკლებია.
სასარგებლო მოდელის სისტემას აქვს თავისი უპირატესობები და შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობის წახალისებას და განვითარებას. მისი დაცვისთვის საგამომგონებლო დონის მოთხოვნა დაბალია, ხოლო პატენტის გაცემის პროცედურა – მარტივი.
რიგი ქვეყნები სასარგებლო მოდელის განაცხადზე ატარებენ მხოლოდ სიახლის ექსპერტიზას ადგილობრივ მონაცემთა ბაზებში, ხოლო ქვეყნების ნაწილი სასარგებლო მოდელის განაცხადზე ატარებს მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და ისე გასცემს პატენტს. აღნიშნული ასპექტები მოქნილს და ხელმისაწვდომს ხდის საპატენტო დაცვის სისტემას მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და ხელს უწყობს ამ სექტორში ინოვაციური საქმიანობის განვითარებას.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ სასარგებლო მოდელების დაცვის სისტემის არასწორმა გამოყენებამ და უფლებებით არაკეთილსინდისიერმა სარგებლობამ შეიძლება მოიტანოს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები. მრავალ ქვეყანაში, ისტორიული და კულტურული ფაქტორების გამო, არსებობს გონივრული საფრთხე, რომ ბაზრის დიდი მოთამაშეები სასარგებლო მოდელის დაცვის სისტემას გამოიყენებენ გამოგონების პატენტუნარიანობისთვის დადგენილი მკაცრი კრიტერიუმების გვერდის ასავლელად და მცირე და საშუალო ბიზნესს შეუზღუდავენ კონკურენციის შესაძლებლობას. ცხადია, რომ არსობრივი ექსპერტიზის გარეშე გაცემული სასარგებლო მოდელების პატენტების გამო, მესამე პირებისთვის ბუნდოვანი ხდება, თუ რომელი უფლებები არის ვალიდური, როდესაც ჩაატარებენ ძიებას საპატენტო სისუფთავეზე. აღნიშნული კი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამატებითი ბარიერი კონკურენტებისათვის.
ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნების და მათი ეკონომიკური სისტემების სპეციფიკის გათვალისწინებით, სასარგებლო მოდელის დაცვის მიზანშეწონილობა ინდივიდუალურად შეფასდეს მრეწველობის თითოეული სექტორისთვის და ინდივიდუალურად განისაზღვროს თუ რომელი სექტორისთვის არის სასარგებლო მოდელების სისტემა სარგებლის მომტანი, და რომელი სექტორისთვის შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები და უფლებებით ბოროტად სარგებლობა.
დასმული საკითხის ანალიზისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ასპექტები. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებისა და დაენრგვისას, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უცხო სისტემიდან სამართლებრივი ტრანსპლანტების გადმოტანა ყოველთვის სწორად არ მუშაობს და საჭიროა დაცვის სისტემის ქვეყნის სპეციალურ საჭიროებებზე მორგება.
რას ითვალისწინებდა საქართველოს საპატენტო კანონი:
საქართველოს საპატენტო კანონი ითვალისწინებს სასარგებლო მოდელების დაცვის სისტემას. სასარგებლო მოდელის პატენტი შეიძლება გაიცეს გამოგონებაზე ნებისმიერ იმ დარგში, რომელშიც გაიცემა გამოგონების პატენტი. სასარგებლო მოდელისათვის მოითხოვება საერთაშორისო სიახლე. თუმცა, არსობრივი ექსპერტიზისას, სიახლე მოწმდება მხოლოდ ადგილობრივ დონეზე. შესაბამისად, თუ წარდგენილ განაცხადს გააჩნია სიახლე საქართველოში გაცემულ პატენტებთან მიმართებაში, მასზე სასარგებლო მოდელის პატენტი გაიცემა. გაცემული პატენტი შეიძლება შემდგომში ბათილად იქნას ცნობილი იმ საფუძვლით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სიახლეს.
სასარგებლო მოდელის დაცვისათვის მოითხოვება გამოგონებასთან შედარებით დაბალი საგამომგონებლო დონე. კერძოდ, სასარგებლო მოდელი ცხადად არ უნდა გამომდინარეობდეს მოცემულ დარგში გათვითცნობიერებული პირისათვის, მაშინ როდესაც გამოგონების პატენტი ცხადი არ უნდა იყოს მოცემული დარგის სპეციალისტისთვის. სასარგებლო მოდელის დაცვის ვადა შეადგენს 10 წელს განაცხადის შეტანის თარიღიდან.
სასარგებლო მოდელის დაცვა საქართველოში 1999 წლიდან არსებობს. ამ დროის განმავლობაში, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად, აღნიშნული სისტემა არაკეთილსინდისიერად გამოიყენება განმცხადებლების მიერ. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში, განმცხადებლისთვის ცნობილია, რომ დაცვის ობიექტი არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სიახლის ან სასარგებლო მოდელისთვის დადგენილ საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს. თუმცა, რამდენადაც არსობრივი ექსპერტიზისას მოწმდება მხოლოდ სიახლე და ისიც მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, განმცხადებლებს შეგნებულად შეაქვთ სასარგებლო მოდელის განაცხადი პატენტის ფორმალურად მოპოვებისთვის, რომ შემდგომ არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ მოპოვებული უფლებები.
ამგვარი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ქმნიან დაბრკოლებებს ბიზნესისათვის, რადგან კონკურენტები იძულებული არიან ან შეწყვიტონ ასეთი პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევა, ან გაიღონ მნიშვნელოვანი ხარჯები მათ გასაუქმებლად და დაიწყონ ხანგრძლივი საპატენტო დავა. დღემდე, ყველა სასარგებლო მოდელი, რომელზე უფლებების დაღვევასთან დაკავშირებითაც დაიწყო დავა (მათ შორის სამედიცინო სფეროში) გაუქმდა ხელახალი ექსპერტიზის ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, იმ საფუძვლით, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სიახლის ან საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს.
რატომ იყო ეს გამოწვევა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით?
ქიმიის, ბიოლოგიის და სამედიცინო სფეროების სტატისტიკა და ანალიზი აჩვენებდა, რომ სასარგებლო მოდელის დაცვის სისტემამ ხელი ვერ შეუწყო ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას მოცემულ დარგებში და ვერ წაახალისა საინოვაციო საქმიანობა. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, სასარგებლო მოდელის პატენტის მოპოვება ხდებოდა მიზანმიმართულად, რათა თავიდან აერიდებინათ სავარაუდო უარი გამოგონების პატენტის გაცემაზე და ხდებოდა სასარებლო მოდელის პატენტიდან გამომდინარე უფლებების არაკეთილსინდისიერად გამოყენება. კერძოდ, ასეთი სასარგებლო მოდელის პატენტის მფლობელების მიერ მოთხოვნილ იქნა კონკურენტებისთვის საქმიანობაში უკვე ცნობილი ნივთიერებების გამოყენების აკრძალვა.
აქვე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ იმ ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც იცავენ სასარგებლო მოდელს, სასარგებლო მოდელის პატენტს არ გასცემენ გამოგონებებზე ქიმიის, ბიოლოგიისა და მედიცინის სფეროში, ან სასარგებლო მოდელის დაცვისათვის ადგენენ გამოგონების პატენტის ანალოგიურ მოთხოვნებს.
რა შეიცვალა?
ფარმაციის სფეროში საპატენტო უფლებების ბოროტად გამოყენების პრევენციის და წამლებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა წინანდადება საქართველოს საპატენტო კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და სასარგებლო მოდელის დაცვის ობიექტიდან ქიმიის, ბიოლოგიისა და მედიცინის სფეროს გამორიცხვის შეთავაზებით.
შეთავაზებული ცვლილება ეხებოდა საქართველოს საპატენტო კანონის მე-17 მუხლს.
საბოლოოდ, 2023 წლის 16 მაისს, საქართველოს საპატენტო კანონის მე-17 მულში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც პატენტი აღარ გაიცემა სასარგებლო მოდელზე რომელიც ეხება ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ ნივთიერებებს, მათ შორის, ფარმაცევტულ ნივთიერებებს.