C ჰეპატიტის შესახებ
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
რა არის ჰეპატიტი?
-
რა არის C ჰეპატიტი?
-
C ჰეპატიტის გადაცემის გზები;
-
რა გზებით არ ხდება C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა?
-
კლინიკური ნიშნები C ჰეპატიტის დროს
-
ტესტირება;
-
ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობა;
-
კვების რეჟიმი C ჰეპატიტის დროს;
-
ფიზიკური ვარჯიში;
-
ქრონიკული C ჰეპატიტისგან განკურნების შემდეგ;
-
ვაქცინაცია.
რა არის ჰეპატიტი?
ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა, რომელიც შეიძლება განაპირობებულ იყოს სხვადასხვა ტიპის ვირუსების, ტოქსინების, ზოგიერთი მედიკამენტის, სხვადასხვა დაავადების ან ალკოჰოლის ჭარბად გამოყენების შედეგად. ყველაზე მეტად გავრცელებულ ვირუსული ჰეპატიტების ტიპებს მიეკუთვნება A, B, და C.
რა არის C ჰეპატიტი?
ეს არის ღვიძლის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული ფორმის. C ჰეპატიტს იწვევს მხოლოდ C ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც ძირითადად ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტის გზით ვრცელდება.
მწვავე C ჰეპატიტი - ვლინდება ინფიცირებიდან 6 თვის მანძილზე. შესაძლებელია მისგან განკურნება მოხდეს მკურნალობის გარეშეც შემთხვევათა 15%–25%-ში, თუმცა ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი მექანიზმი, თუ როგორ ებრძვის და ამარცხებს ორგანიზმი ვირუსს წამლების გარეშე. მწვავე C ჰეპატიტი შემთხვევათა 75-85%-ში გადადის ქრონიკულ ფორმაში.
ქრონიკული C ჰეპატიტი - არის ხანგრძლივი ინფექციური დაავადების შედეგი. ვირუსი შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს ორგანიზმში და განაპირობოს ღვიძლის ციროზის ან კიბოს განვითარება. შემთხვევათა 80%-ში ქრონიკული ინფექცია მიმდინარეობს კლინიკური ნიშნების გარეშე.
ღვიძლის ციროზისა და ფიბროზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა (ცხიმოვანი ცვლის მოშლა) და სხვა.
C ჰეპატიტის გადაცემის გზები
C ჰეპატიტის ვირუსი ძირითადად ინფიცირებული ადამიანის სისხლთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის გზით ვრცელდება.
ვირუსის გადაცემა ყველაზე ხშირად ხდება:
-
შპრიცების, ნემსების და სხვა საინექციო აღჭურვილობის გაზიარებისას;
-
ინფიცირებული სისხლის ან ორგანოს ტრანსპლანტაციის (გადანერგვა) დროს;
-
არასტერილური იარაღებით სამედიცინო და კოსმეტოლოგიური მანიპულაციების (მანიკური, პირსინგი, ტატუირება, სტომატოლოგიური მანიპულაციები და სხვა) დროს;
-
ინფიცირებული დედისგან - ბავშვის დაინფიცირება ხდება საშუალოდ 100 დან 3-6 შემთხვევაში.
ვირუსის გადაცემა შედარებით იშვიათად ხდება:
-
ინფიცირებული პირის მიერ გამოყენებული საპარსის ან კბილის ჯაგრისის გამოყენებისას;
-
ინფიცირებულ პირთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტით.
C ჰეპატიტის გადაცემა სქესობრივი გზით
სქესობრივი კონტაქტით ვირუსის გადაცემა ყველაზე ნაკლებად გვხვდება ინფიცირებულებში (3-5%). დადგენილია, რომ სქესობრივი გზით ვირუსის გადაცემის რისკი იზრდება რამდენიმე სქესობრივი პარტნიორის არსებობისას, ასევე სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადების (სიფილისი, გონორეა, აივ ინფექცია/შიდსი) არსებობისას. C ჰეპატიტით დაინფიცირების რისკი შედარებით მაღალია ჰომოსექსუალური კონტაქტების დროს, ამ დროს
იზრდება ტრამვების და სისხლდენების რისკი.
B ჰეპატიტის ვირუსის სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანის ორგანიზმის გარეთ 7-10 დღეს შეადგენს. ამ დროის განმავლობაში, ვირუსს ჯერ კიდევ შეუძლია გამოიწვიოს ინფექცია თუკი მოხვდება იმ ადამიანის ორგანიზმში, რომელიც წინასწარ არ არის დაცული ვაქცინით.
რა გზებით არ ხდება C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა?
-
საყოფაცხოვრებო კონტაქტით, ინფიცირებულის ჭურჭლის გამოყენებით,
-
ჩახუტებით, კოცნით, ხელის ჩამორთმევით, დახველებით და დაცემინებით;
-
ყველა იმ მოქმედებით, რაც სისხლთან კონტაქტს არ მოიცავს;
-
C ჰეპატიტი არ გადაეცემა კოღოს ან სხვა მწერების კბენის შედეგად.
კლინიკური ნიშნები C ჰეპატიტის დროს
მწვავე C ჰეპატიტის დროს, კლინიკური სიმპტომები იშვიათად (10-20%) ვლინდება ინფიცირებიდან საშუალოდ 6-7 კვირის შემდეგ (მინიმუმ 2 კვირაში, მაქსიმუმ 6 თვეში). ამ დროს აღინიშნება საერთო სისუსტე, დისკომფორტი მუცლის მარჯვენა ზედა კუთხეში.
ჰეპატიტის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომები, ესენია:
• სიყვითლე;
• უმადობა;
• სახსრების, მუცლის ტკივილი;
• გულისრევა, ღებინება;
• დიარეა (ფაღარათი);
• შარდის გამუქება;
• უფერული განავალი;
• ძვლების და სახსრების ტკივილი;
• გამონაყარი კანზე და ქავილი;
• ღვიძლის და ელენთის გადიდება;
• სხეულის ტემპერატურის მომატება
რამდენადაც კლინიკური ნიშნების გამოვლენა დაახლოებით 80%-ში არ ხდება, ადამიანმა შეიძლება მრავალი წლის მანძლზე არც იცოდეს თავისი ინფიცირების შესახებ, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები სწორედ მაშინ იგებენ დიაგნოზის შესახებ, როდესაც ღვიძლი სერიოზულად ზიანდება. ამიტომაც უწოდებენ C ჰეპატიტს ,,ალერსიან მკვლელს“.
ტესტირება
სისხლის რომელი გამოკვლევები გამოიყენება
C ჰეპატიტის დიაგნოზის დასასმელად?
C ჰეპატიტის დიაგნოზის დასასმელად სხვადასხვა ტიპის კვლევებია საჭირო. პირველ ეტაპზე იყენებენ სწრაფ მარტივ ტესტებს, რომელიც სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობას საზღვრავს. მწვავე C ჰეპატიტის დროს პირველი 2-3 თვის განმავლობაში ანტისხეულების აღმოჩენა შეიძლება ვერც კი მოხერხდეს. სისხლში ანსტისხეულების აღმოჩენა ნიშნავს იმას,
რომ ადამიანი შესაძლოა ინფიცირებული იყოს C ჰეპატიტის ვირუსით ან იგი ინფიცირებული იყო წარსულში. ანტისხეულები სისხლში ჩანს C ჰეპატიტისგან თვითგანკურნების ან მკურნალობის შემდეგაც.
PCR იგივე პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია, არის C ჰეპატიტის დიაგნოზის დასადგენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტი. ამ ტესტზე დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ ადამიანი ამჟამად არის ინფიცირებული ვირუსით.
ვირუსული დატვირთვა
ვირუსული დატვირთვა განსაზღვრავს C ჰეპატიტის ვირუსის რაოდენობას სისხლში. ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყებამდე, მისი მიმდინარეობისას და მკურნალობის შემდეგაც. მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად პირველადი ვირუსული დატვირთვის ტესტის შედარება ხდება მოგვიანებით ჩატარებული ტესტირების შედეგებთან.
ვირუსის გენოტიპის განსაზღვრა
დიაგნოსტიკის შემდგომ ეტაპზე კეთდება C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპის განსაზღვრა მაღალ ტექნოლოგიური ლაბორატორიული ტესტების საშუალებით. ამ ტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სქემის და ვადის განსაზღვრისათვის.
ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობა
დღეისათვის, არსებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატებით შესაძლებელია C ჰეპატიტისგან სრულად განკურნება. პრეპარატები ზემოქმედებენ ვირუსის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე და აფერხებენ მის ფუნქციონირებას, გამრავლების ფუნქციას. აღნიშნულ მედიკამენტებს წარსულში გამოყენებული სამკურნალო წამლებისგან განსხვავებით, ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვთ, მისაღებად გაცილებით მარტივია (არ საჭიროებს ინექციებს ყოველდღიურად, ინიშნება აბების სახით) და გაცილებით ეფექტურია.
დანიშნული მკურნალობის სქემა და პერიოდი დამოკიდებულია ვირუსის გენოტიპზე, წარსულში C ჰეპატიტის მკურნალობის გამოცდილებაზე და დაავადების დაწყებისას ღვიძლის დაზიანების ხარისხზე, აგრეთვე სხვა თანმხლები ინფექციების და დაავადებების არსებობაზე. საშუალოდ, მკურნალობის პერიოდი 12 ან 24 კვირამდე გრძელდება და გამოჯანმრთელების ალბათობა საკმაოდ მაღალია (90-95%). ვირუსისგან განკურნების მაღალი შანსი აქვთ ციროზის, მათ შორის დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებს, წარსულში წარუმატებლად ნამკურნალევ პაციენტებს და პაციენტებს ღვიძლის ტრანსპალნტაციის შემდგომ.
ეს არის ღვიძლის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული ფორმის. C ჰეპატიტს იწვევს მხოლოდ C ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც ძირითადად ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტის გზით ვრცელდება.
კვების რეჟიმი C ჰეპატიტის დროს
C ჰეპატიტის მქონე პირები განსაკუთრებულ სპეციალურ დიეტას არ
საჭიროებენ, თუ არ არის განვითარებული ღვიძლის ციროზი, დიაბეტი ან თირკმლის დაავადება.
ექიმები რეკომენდაციას აძლევენ სწორ, რეგულარულ და დაბალანსებულ კვებას, ყოველდღიურ რაციონში უნდა ჭარბობდეს ხილი და ბოსტნეული, ასევე ცილების შემცველი საკვები (ფრინველის და საქონლის მჭლე ხორცი, თევზი). შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს ცხიმის, მარილის და შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი საკვების მიღება, დღიურად მიღებული სითხის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 6-8 ჭიქას. მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებულ იქნას სხეულის ნორმალური წონა.
ფიზიკური ვარჯიში
ფიზიკური ვარჯიში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წონის კორექციისთვის, არამედ მკურნალობის ხელშეწყობისათვის - ის აუმჯობესებს მადას, ამცირებს წამლის გვერდით ეფექტებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს განწყობას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
ეცადეთ ყოველდღიურად მინიმუმ 10 წუთი დაკავდეთ ვარჯიშით. უპირატესობა მიანიჭეთ დაბალი დატვირთვის მქონე ვარჯიშებს, როგორიცაა სიარული და ცურვა. დასაწყისისთვის კარგი იქნება ფეხით სიარული თუნდაც 10 წუთით. სურვილისამებრ გააკეთეთ შესვენებები. გაზარდეთ ფეხით სიარულის ხანგრძლივობა თანდათან
.
თუ პაციენტს განვითარებული აქვს ციროზი, ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე უმჯობესია იგი დაელაპარაკოს ექიმს.
კვების რეჟიმის ან ფიზიკური აქტივობების დაწყებამდე, დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს, ის მოგცემთ სწორ დანიშნულებას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ქრონიკული C ჰეპატიტისგან განკურნების შემდეგ
ღვიძლი ისევ საჭიროებს გაფრთხილებას. მნიშვნელოვანია ალკოჰოლის, ნარკოტიკების და სხვადასხვა ტოქსიკური მედიკამენტების მიღებისგან თავის შეკავება.
მკურნალი ექიმი გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაგიბარებთ
გამოკვლევებზე, რაც აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ. თუკი დაგჭირდებათ სხვა ტიპის მკურნალობის დაწყება, წარსულში გადატანილი C ჰეპატიტის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ ექიმს.
C ჰეპატიტისგან განკურნების შემდეგ ღვიძლის შემდეგი დაზიანების
პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია ჩაიტაროთ ვაქცინაცია A და B
ჰეპატიტების წინააღმდეგ.
ვაქცინაცია
C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არსებობს, დღეისათვისმეცნიერების მიერ ტარდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა საჭირო ვაქცინის შესაქმნელად.