top of page

B ჰეპატიტი, ოპიოდებით ჩანაცვლებითი თერაპია,

ნარკოტიკების მოხმარება 

ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • მსოფლიოს ფარული ეპიდემია - B ჰეპატიტი;

  • მსოფლიო სტატისტიკა;

  • ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტი;

  • რატომ დგანან ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები
    B ჰეპატიტის გავრცელების მაღალი საფრთხის წინაშე?

  • ზიანის შემცირების პროგრამები და B ჰეპატიტი;

  • უფასო და ანონიმური შპრიცებისა და ნემსების პროგრამით სარგებლობა;

  • ზიანის შემცირების პროგრამების სერვის ცენტრების მისამართები.

მსოფლიოს ფარული ეპიდემია - B ჰეპატიტი


დღეისათვის, ევროპის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, B ჰეპატიტის გავრცელების ძირითად გზას წარმოადგენს ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას შპრიცების, ნემსების და სხვა ღჭურვილობის (ფილტრი, ბამბა, წყალი, კოვზი) გაზიარება. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის B ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 14- 84 %-ია. 

 

რამდენადაც დაავადებულების უმეტესობას კლინიკური ნიშნები მრავალი წლის მანძილზე არ აღენიშნება, ინფექცია ფარულად ვრცელდება და ეპიდემიის სახეს იღებს.

 

მსოფლიო სტატისტიკა ასეთია:


• ნარკოტიკებს ინექციურად მსოფლიოს 158 ქვეყანაში 11.2 მლნ ადამიანი მოიხმარს;


• B ჰეპატიტით ინფიცირებულია 257 მლნ ადამიანი;


• 2015 წელს B ჰეპატიტის გართულებების შედეგად (მათ შორის ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო) 887,000 ადამიანი არდაიცვალა;

 

ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტი:


• საინექციო აღჭურვილობის გაზიარება საშუალოდ 10-ჯერ ზრდის
ვირუსული ჰეპატიტების გადაცემის რისკს;


• ნარკოტიკების მომხმარებლები არიან სტიგმატიზირებულნი, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მიერ;


• ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების დიაგნოსტიკა ვირუსულ
ჰეპატიტებზე ხშირად დაგვიანებით ხდება, შესაბამისად ინფექციის
გავრცელების საფრთხე იზრდება;

რატომ დგანან ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები B ჰეპატიტის გავრცელების მაღალი საფრთხის წინაშე?


შპრიცების, ნემსების და სხვა საინექციო აღჭურვილობის გაზიარება
წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს B ჰეპატიტის გავრცელებისთვის. თუმცა, თუკი პიროვნება არ არის სისტემატურად ნარკოტიკების მომხმარებელი და მას თუნდაც ერთხელ მაინც ჰქონდა შპრიცის ან სხვა მოწყობილობის გაზიარების გამოცდილება, მაინც აქვს რისკი იყოს დაინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით.


B ჰეპატიტის გავრცელების მხრივ, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილი ნარკომომხმარებლები.


B ჰეპატიტის გავრცელების რისკი ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში იზრდება მათი ციხეში ყოფნის დროს, ნარკოტიკის მოხმარებისას საზიარო შპრიცის გამოყენებით ან დაუცველი სქესობრივი კავშირებით. დადგენილია, რომ ნარკომომხმარებელთა საშუალოდ 56-90% მინიმუმ ერთხელ მაინც მოხვედრილა საპატიმრო დაწესებულებაში.


ხშირად, შპრიცების და საინექციო აღჭურვილობის გაზიარებას ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა - როდესაც გართულებულია ხელმისაწვდომობა სტერილურ შპრიცებზე, აფთიაქებში არ იყიდება ისინი დანიშნულების გარეშე, არ მოქმედებს შპრიცების და ნემსების პროგრამები ან რთულია მოქმედ სერვის ცენტრებში მისვლა და სერვისებით სარგებლობა.

ზიანის შემცირების პროგრამები და B ჰეპატიტი 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზიანის შემცირების პროგრამები - ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია (ჩთ) და შპრიცების და ნემსების პროგრამა (შნპ) - რეკომენდებულია, როგორც ეფექტური გზა, ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად:
ინფექციური დაავადებების (აივ/შიდსი, ჰეპატიტები) გავრცელების პრევენცია, ზედოზირების პრევენცია, ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებების მართვა,ხელმისაწვდომი სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდება და სხვა.

იმ შემთხვევაში, თუკი დაგჭირდებათ B ჰეპატიტის მკურნალობა, კარგი იქნება, თუ ექიმს გულახდილად მოუყვებით, გაქვთ ან გქონიათ თუ არა შეხება ნარკოტიკებთან. ნუ დაუმალავთ რა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმართ, რათა მან სწორად შეძლოს მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრა და თავიდან აიცილოთ სხვადასხვა გვერდითი ეფექტი.


თქვენი ღვიძლის დაზოგვის მიზნით, მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. კვლევები ადასტურებს, რომ ალკოჰოლი ხელს უწყობს ვირუსის გამრავლებას და ღვიძლის დაზიანებას. შედეგად, ვითარდება ციროზი და იზრდება ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი.


მეტადონის პროგრამაში ყოფნა ხელს არ უშლის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებას!


თუ იმყოფებით B ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობაზე და მეტადონის პროგრამაში ერთდროულად და გაქვთ რაიმე ტიპის გვერდითი მოვლენა, რაც ართულებს თქვენს მდგომარეობას, დაელაპარაკეთ თქვენს მკურნალ ექიმს. არ შეწყვიტოთ არც ერთი მკურნალობა თვითნებურად. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი ჯანმრთელობა და განვითარდეს რეზისტენტობა (მდგრადობა) რომელიმე მედიკამენტის მიმართ. 

 

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია ვაქცინაცია B ჰეპატიტზე.  დაელაპარაკეთ თქვენს მკურნალ ექიმს და გაიგეთ მეტი, როდის ჯობია ვაქცინაციის ჩატარება და სად ტარდება იგი. 

 

შპრიცების და ნემსების პროგრამა

პროგრამის მიერ შეთავაზებული სერვისების პაკეტი მოიცავს:
• შპრიცები, ნემსები, სპირტიანი ტამპონები, ჟგუტები, კონდომები,
ნალოქსონი;


• რისკის კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე, B და C
ჰეპატიტებსა და სიფილისზე, აგრეთვე სკრინინგი ტუბერკულოზზე;


• პაციენტთა სკოლები C ჰეპატიტით ინფიცირებულთათვის;

• სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ (ჰეპატიტები, უსაფრთხო ინექცია, ზედოზირება, აივ ინფექცია, ნარკომომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, კუსტარული ნარკოტიკების მოხმარების შედეგები და სხვა).

 შპრიცების პროგრამით სარგებლობა უფასო და ანონიმურია

სერვისების მიწოდება ხდება როგორც სტაციონარულად - ცენტრების ოფისებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მობილური ამბულატორიების საშუალებით. დღეისათვის, საქართველოში მოქმედი ჩანაცვლებითი თერაპიისა და შპრიცების და ნემსების პროგრამების შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

 

დაუკავშირდით თქვენს ქალაქში მოქმედ ზიანის შემცირების პროგრამას და გაიგეთ უფრო მეტი მისი საქმიანობის შესახებ!

 

ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებლებს გაცილებით მეტი რისკი აქვთ დაინფიცირდნენ C ჰეპატიტით, აივ ინფექციით, B ჰეპატიტით, ტუბერკულოზით და სხვა გადამდები დაავადებებით. ნუ გადადებთ და ჩაიტარეთ გამოკვლევები ამ ინფექციებზეც.

ზიანის შემცირების პროგრამების სერვის ცენტრების მისამართები:

bottom of page