top of page

მსოფლიო პანდემია, პოლიტიკა

და აბორტი

მიუხედავად ზემოხსენებული, განუზომლად დიდი გამოწვევებისა, სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ მოხსნილა აბორტის საკითხი. რაც ერთის მხრივ უცნაურია არსებული კატაკლიზმების ფონზე, თუმცა რეალობაა და აქედან გამომდინარე, შევეცდები მიმოვიხილო სხვადასხვა ქვეყნებში აბორტთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები.

2019 წლის დასასრულს ჩინეთში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა. მისი გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, 2020 წლის დასაწყისში მსოფლიო პანდემია გამოცხადდა, რამაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო წესრიგი. ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება დღემდე არ არსებობს. ფარმა კომპანიები დაჩქარებული წესით მუშაობდნენ ახალ ვაქცინაზე. 2020 წლის დასასრულისკენ მსოფლიომ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სამყაროში არსებული სოციალური უსამართლობა. ე.წ. პირველი სამყაროს ქვეყნები აღმოჩნდნენ მოწინავეები ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინირებულთა შორის ჭარბად იყვნენ ადამიანები, რომლებისთვისაც კოვიდ 19 ნაკლებ რისკს წარმოადგენდნენ, ხელი მიუწვდებოდათ ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე და არ გამოირჩეოდნენ ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემებით. ამ ვითარებაში, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, სადაც გაცილებით მეტი გამოწვევებია ჯანდაცვის სფეროში, დღემდე ვერ ხერხდება მოსახლეობის აცრა. საქართველო ერთ-ერთია ამ ქვეყნებს შორის.

ხსენებული გამოწვევების პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება ვირუსით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა, ეკონომიკური განვითარება შეფერხებულია, სასწავლო პროცესმა გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში, უცნობია პანდემიის გრძელვადიანი შედეგები, გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე დღემდე შეუსწავლელია. ჩნდება უამრავი კითხვა, პასუხები არ გვაქვს, მომავალი კი ბუნდოვანია, მანამ სანამ პანდემია არ დასრულდება. 

შექმნილმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა სამყარო, გაჩნდა განსხვავებული გამოწვევები და სოციალური დღის წესრიგში მოხდა პრიორიტეტების გადალაგება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების, სიღარიბის და უმუშევრობის პარალელურად, გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ადამიანების იძულებით ერთ სივრცეში გამოკეტვას[1]

მიუხედავად ზემოხსენებული, განუზომლად დიდი გამოწვევებისა, სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ მოხსნილა აბორტის საკითხი. რაც ერთის მხრივ უცნაურია არსებული კატაკლიზმების ფონზე, თუმცა რეალობაა და აქედან გამომდინარე, შევეცდები მიმოვიხილო სხვადასხვა ქვეყნებში აბორტთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესები არაერთგვაროვანია. ზოგ შემთხვევაში მოხდა არსებული ვითარების გაუარესება (პოლონეთი), თუმცა  იყო შემთხვევები, როდესაც მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააუმჯობესა მდგომარეობა, ან გამოკვეთა პოზიტიური ტენდენციები.

ზემოხსენებულმა პროცესების ჯაჭვმა, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ უკიდურესად სახიფათოა ყურადღების მოდუნება სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშრებით, რადგან მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, აბორტის მოწინააღმდეგე ჯგუფებისთვის ეს საკითხი არასოდეს ჩამოდის დღის წესრიგიდან, არ გადაიფარება, მათ შორის არც პანდემიით და ისინი პროაქტიულად ცდილობენ  ბარიერების შექმნას აბორტის ხელმისაწვდომობაზე.

 

პოლონეთი

 

2021 წლის იანვრის დასასრულს, პოლონეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააქტიურდა აბორტის თითქმის სრულად აკრძალვის მიმართულებით. ახალი რეგულაციების თანახმად, აბორტი იმ შემთხვევაშიც კი იკრძალება, თუ ნაყოფს განვითარების პათოლოგია აღენიშნება. პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს რეგისტრირებული აბორტების 98%, სწორედ ნაყოფის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემებით იყო განპირობებული[2].

აქციის ორგანიზატორებმა, ვარშავის ქუჩებში 100 დღიან საპროტესტო აქცია დააანონსეს. თავდაპირველად, მთავრობამ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა ახალი კანონპროექტის ძალაში შესვლის შესახებ. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, აბორტი მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა და ორსულის სიცოცხლის რისკის არსებობის შემთხვევაში იქნება ნებადართული. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი აქამდეც გამოირჩეოდა ევროპაში, აბორტთან დაკავშირებული მკაცრი კანონმდებლობით.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობა პირველად 1993 წელს შეიცვალა. მას შემდეგ, მემარჯვენე პოლიტიკური ძალები, მუდმივად ცდილობდნენ კანონის გამკაცრებას და აბორტის უფლების შეზღუდვას. აღნიშნული პოლიტიკის გატარებისათვის, ხელსაყრელი აღმოჩნდა პანდემია, თუმცა არსებული შეზღუდვების მიუხედავად, რომელიც ხუთზე მეტი ადამიანის თავყრილობას კრძალავს, საზოგადოება მაინც შეიკრიბა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებშიც. 

ქუჩაში გამოსული ადამიანები ტრანსპარანტებით გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას. „აბორტი საზღვრების გარეშე,“ „აბორტი ჩემი უფლებაა,“ „თქვენ ვეღარ დაწვავთ კუდიანებს“ ეს იყო ის ძირითადი მესიჯები, რაც აშკარად მიუთითებდა საზოგადოების ბრაზზე. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მესიჯი აქციიდან ამბობდა, რომ „აბორტი არის უფლება და არა იდეოლოგია.“ აღნიშნული ფრაზა, ზუსტად ასახავს აბორტთან დაკავშირებულ პერიპეტიებს. მიუხედავად იმისა, რომ აბორტი ფაქტობრივად და ლეგალურად აღიარებულია ადამიანის უფლებად, დადასტურებულია მისი, როგორც სამედიცინო სერვისის მნიშვნელობა და აუცილებლობა, პოლიტიკური გავლენებისა და ძალაუფლებისათვის მებრძოლი ადამიანებისათვის ის რჩება იდეოლოგიად, რომელიც ადამიანების ჩაგვრის, დისკრიმინაციის და მანიპულაციის საშუალებად გამოიყენება. 

ვარშავის ქუჩებში მობილიზებული პოლიცია, შეკრებილ მოსახლეობას ცრემლადენი გაზით გაუსწორდა იმ მოტივით, რომ პანდემიის გამო დემონსტრაციების გამართვა აკრძალულია.  აღნიშნული ქცევა პოლიციამ საზოგადოებაზე ზრუნვით ახსნა, ხოლო მთავრობამ დემონსტრანტებს შეახსენა, რომ შეკრებით COVID19-ის გავრცელებას შეუწყობდნენ ხელს და ადამიანების სიკვდილზე პასუხისმგებლობა დააკისრა. 

აშშ

 

ამერიკაში ახალი პრეზიდენტის არჩევისა და ინაუგურაციის შემდეგ, ჯო ბაიდენის მიერ მიღებული ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება აბორტის რეგულაციების გადახედვა იყო. მისი წინამორბედის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოულოდნელად, მსოფლიო მასშტაბით, ქვეყნებს ათობით მილიონის ფინანსური დახმარება შეუწყდათ, რომელიც ოჯახის დაგემვის სერვისებზე იყო მიმართული. ამ გადაწყვეტილების შედეგად, დაიხურა კლინიკები, ადამიანები კი დარჩნენ სერვისის გარეშე. 

ნეპალის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული განათლება და კონტრაცეპტივების მიწოდება შეფერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აბორტი კანონით დაშვებულია, უსაფრთხო პროცედურაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა[3]

1984 წელს, გაეროს მოსახლეობის კონფერენციაზე, რომელიც მექსიკაში ჩატარდა (Mexico City Policy), ამერიკამ უარი განაცხადა ისეთი ჯგუფების დაფინანსებაზე, რომლებიც აბორტის სერვისს ან მასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს სთავაზობენ ადამიანებს. ამ პერიოდიდნ დაიწყო აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის ჭიდილი ხსენებულ რეგულაციასთან დაკავშირებით. თუმცა, ტრამპის ინიციატივები გასცდა აბორტის სერვისს და შეეხო აივ-ისა და ტუბერკულოზის პროგრამების დაფინანსებასაც.

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღადგინა შეწყვეტილი პროგრამების დაფინანსება. ტრამპის გადაწყვეტილება, უფლებადამცველების მიერ შეფასდა, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასირებული შეტევა ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე.“

ტრამპის მიერ შეწყვეტილი დაფინანსება, რომელიც გაეროს განვითარების ფონდს უნდა მიეღო, 70 მილიონს შეადგენდა. ამ თანხით შესძლებელი იქნებოდა 1.4 მილიონი არასასურველი ორსულობის და 32 ათასი საფრთხის შემცველი აბორტის თავიდან აცილება. ამავდროულად, რეპროდუქციულ სერვისებს მიიღებდა 4.2 მილიონი, ხოლო კონსულტაციას 76 ათასი გოგო და ქალი, მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ბაიდენის გადაწყვეტილების შედეგად, დახმარების მემღებთა შორის იქნება ნიგერია, სადაც სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უკიდურესად მაღალია დედათა სიკვდილობა (მსოფლიოს 10%) და საფრთხის შემცველი აბორტების რაოდენობა აღემატება 1.8 მილიონს. ნიგერიაში აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი ორსულის სიცოცხლეა საფრთხეში. ამიტომ კონტრაცეპტივებსა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე წვდომას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. 

ტრამპის პოლიტიკამ უარყოფითი გავლენა იქონია ლათინური ამერისკის ქვეყნებში მცხოვრებ ქალებზეც, სადაც უკიდურესად მაღალია სიღარიბის, არასრულწლოვანთა ორსულობისა და ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი. 

პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. აბორტის აკრძალვის მომხრეების განცხადებით, „ეს ცვლილება ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულით, აფინანსებს აბორტის ინდუსტრიას უცხოეთში.“ თუმცა, მათი ოპონენტების აზრით, „თუკი მათ გულწრფელად სურთ აბორტის რაოდენობის შემცირება, ხელი უნდა შეუწყონ კონტრაცეპტივების, რეპროდუქციული სერვისებისა და სექსუალური განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას.“

 

ტაილანდი

 

2021 წლის 7 თებერვალს, ტაილანდის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ქვეყანაში აღარ შეიზღუდება აბორტის უფლება, ორსულობის 12 კვირამდე[4]. წარსულში მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებით, ტაილანდში აბორტი ყველა ვადაზე კრიმინალიზებული იყო. უკანონოდ სერვისის მიმწოდებელი ისჯებოდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთით, ხოლო სერვისის მომხმარებელი - 3 წლით[5]

ახალი კანონის პირობებში, ქალებს მაინც ეზღუდებათ არჩევანი და ორსულობის 12 კვირის შემდეგ აბორტისათვის სასჯელი ნარჩუნდება. ამ შემთხვევაში, ქალი დაჯარიმდება 340 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით და თავისუფლება აღეკვეთება 6 თვით.

ბოლოდროინდელი ცვლილება ტაილანდს აახლოებს პროგრესთან, თუმცა შორსაა სასურველი რეალობისგან. ამიტომ, ქალი უფლებადამცველები და ფემინისტური ჯგუფები კვლავ აგრძელებენ ბრძოლას, რათა მოხდეს აბორტის სრული დეკრიმინალიზაცია.

 

ზემოთ მოყვანილი პროცესები, თვალნათელი მაგალითია იმისა, რომ აბორტთან მიმართებაში გეოგრაფიული კონტექსტი მეორეხარისხოვანია. არ აქვს მნიშვნელობა არც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისებს. პანდემიის პირობებშიც კი, გამოინახება დრო და ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან აბორტთან დაკავშირებული სტატუს ქვოს შეცვლას. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია აბორტის აქტივისტების მუდმივი მზადყოფნა თავდასხმებისათვის და პროაქტიული ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ ადამიანებმა დაკარგონ დიდი ბრძოლით მიღწეული უფლებები, აღმოჩნდნენ იდეოლოგიური მანიპულაციების მსხვერპლი და შეეზღუდოთ წვდომა ჯანდაცვის სერვისზე, რამაც შესაძლოა ნეგატიური გრძელვადიანი და შეუქცევადი გავლენა იქონიოს მათ მომავალზე.

 

[1] https://www.who.int/reproductivehealth/publications/emergencies/COVID-19-VAW-full-text.pdf

[2] https://edition.cnn.com/2021/01/31/europe/poland-abortion-law-protests-intl/index.html

[3] https://www.nytimes.com/2021/01/29/world/asia/gag-rule-abortion.html

[4] https://www.aljazeera.com/news/2021/2/9/thailand-legalises-early-abortions-pro-choice-groups-want-more

[5] https://www.hrw.org/news/2021/01/25/thailand-should-fully-decriminalize-all-abortion

 

bottom of page