top of page

ოპიოდებით ჩანაცვლებითი თერაპია,

ნარკოტიკების მოხმარება და არვ მკურნალობა

ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • ზიანის შემცირების შესახებ;

  • რატომ დგანან ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები
    აივ ინფექციის გავრცელების მაღალი საფრთხის წინაშე?

  • უფასო და ანონიმური შპრიცებისა და ნემსების პროგრამით სარგებლობა;

  • რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჩატარებული კვლევებიდან;

  • ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებები;

  • ზიანის შემცირების პროგრამების სერვის ცენტრების მისამართები;

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია (ჩთ) რეკომენდირებულია, როგორც ზიანის შემცირების მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის, ხოლო ნარკომომხმარებელი აივ ინფიცირებული პირებისათვის ჩთ მოწოდებულია, როგორც ერთ-ერთი საბაზისო პაკეტი, რომლის შეთავაზება უნდა მოხდეს 
პირისათვის აივ დიაგნოზის დასმის შემდგომ მოკლე პერიოდში.


ჩთ წარმოდგენილია ყოველდღიური მეტადონის ან ბუპრენორფინის
დოზებით. 

 

როგორც ალტერნატივა, ზიანის შემცირების მეორე და მნიშვნელოვანი
მიმართულება - შპრიცების და ნემსების პროგრამა - მოწოდებულია
ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის ინფექციური დაავადებების პრევენციის მიზნით.


ოპიოიდებით ჩანაცვლებით თერაპიას არვ თერაპიასთან ერთად კომბინაციაში გაცილებით მეტი ნარკოტიკების მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ვიდრე მხოლოდ არვ თერაპიას.


ჩანაცვლებით თერაპია (ჩთ) და შპრიცების და ნემსების პროგრამა წარმოადგენს ზიანის შემცირების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც მიმართულია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად: ზედოზირების პრევენცია, სისხლის გზით გადამდები ინფექციების (აივ-ი, ვირუსული ჰეპატიტები) გავრცელების პრევენცია, ჯანმრთელობის სხვა გართულებების მართვა. ჩთ ამცირებს არალეგალური ნარკოტიკების
მოხმარებას, შესაბამისად აღნიშნულ პროგრამაში ჩართული პირები არ
არიან კრიმინალიზებულნი.


ნარკოტიკების ინექციური მოხმარება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის
აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, აივ ინფექციის გავრცელების ძირითად გზას წარმოადგენს. მსოფლიო სტატისტიკა ასეთია: ნარკოტიკებს ინექციურად მსოფლიოს 158 ქვეყანაში 11.2 მლნ ადამიანი მოიხმარს, მათგან 1.6 მილიონი ინფიცირებულია აივ-ით.


მსოფლიოს 90 ქვეყანაში მოქმედებს შპრიცების და ნემსების პროგრამები, ხოლო 80 ქვეყანაში მიმდინარეობს ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია.

 

ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებლებს გაცილებით მეტი რისკი
აქვთ დაინფიცირდნენ აივ ინფექციით-ით, ვირუსული ჰეპატიტებით,
ტუბერკულოზით და სხვა გადამდები დაავადებებით.

ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტი:

• საინექციო აღჭურვილობის გაზიარება საშუალოდ 3-ჯერ ზრდის აივ-ის გადადების რისკს დაუცველ სქესობრივ კავშირთან შედარებით;


• სტიმულატორების მოხმარება (ინექციური, არაინექციური) ზრდის აივის სქესობრივი კავშირით გავრცელების რისკს, განსაკუთრებით სექს მუშაკებში და მამაკაცებში, ვისაც სექსი აქვთ მამაკაცებთან;


• ნარკოტიკების მომხმარებლები არიან სტიგმატიზირებულნი, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მიერ;


• ნარკოტიკების მომხმარებლებს ხშირად არ შეუძლიათ ან არ სურთ
ჩაერთონ არვ მკურნალობის პროგრამაში პოლიციის შიშის გამო;


• ნარკოტიკების მომხმარებლებს ხშირად არ აქვთ კარგი დამყოლობა არვ მკურნალობაზე;


• ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების დიაგნოსტირება აივ ინფექციაზე ხშირად დაგვიანებით ხდება, შესაბამისად ინფექციის გავრცელების საფრთხე იზრდება.


სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ჩანაცვლებით თერაპიაში, აქვთ გაცილე ბით უკეთესი დამყოლობა არვ მკურნალობაზე, სხვა

ნარკომომხმარებლებთან შედარებით.

რატომ დგანან ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები აივ ინფექციის გავრცელების მაღალი საფრთხის წინაშე? 

 

შპრიცების, ნემსების და სხვა საინექციო აღჭურვილობის გაზიარება
წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს აივ-ის გავრცელებისთვის. დადგენილია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად აივ-ის ახალი შემთხვევების 5-10% დაკავშირებულია ამ გზასთან. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის ეს მაჩვენებელი 80%-მდე იზრდება.


აივ-ის გავრცელების მხრივ განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილი  ნარკომომხმარებლები.


აივ-ის გავრცელების რისკი ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში
იზრდება მათი ციხეში ყოფნის დროს, საზიარო შპრიცის გამოყენებით ან დაუცველი სქესობრივი კავშირებით. დადგენილია, რომ ნარკომომხმარებელთა საშუალოდ 56-90% მინიმუმ ერთხელ მაინც მოხვედრილა საპატიმრო დაწესებულებაში.


ხშირად შპრიცების და საინექციო აღჭურვილობის გაზიარებას ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა - როდესაც გართულებულია ხელმისაწვდომობა სტერილურ შპრიცებზე, აფთიაქებში არ იყიდება ისინი დანიშნულების გარეშე, არ მოქმედებს შპრიცების და ნემსების პროგრამები ან რთულია მოქმედ

სერვის-ცენტრებში მისვლა და სერვისებით სარგებლობა.


საქართველოს ეროვნული აივ/შიდსის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის ზიანის შემცირების პროგრამებით - ჩანაცვლებითი თერაპიის და შპრიცების და ნემსების პროგრამების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დღეისათვის, საქართველოში მოქმედებს შპრიცების და ნემსების 16 სერვის ცენტრი, 8 მობილური ამბულატორია და ჩანაცვლებითი თერაპიის 20 ცენტრი.

შპრიცების პროგრამით სარგებლობა უფასო და
ანონიმურია.

პროგრამის მიერ შეთავაზებული სერვისების პაკეტი მოიცავს:


• შპრიცები, ნემსები, სპირტიანი ტამპონები, ჟგუტები, კონდომები,
ნალოქსონი;


• რისკის კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე, B და C
ჰეპატიტებსა და სიფილისზე, აგრეთვე სკრინინგი ტუბერკულოზზე;


• სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემატიკის
ირგვლივ (ჰეპატიტები, უსაფრთხო ინექცია, ზედოზირება, აივ ინფექცია, ნარკო მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, კუსტარული ნარკოტიკების მოხმარების შედეგები და სხვა). 


სერვისების მიწოდება ხდება როგორც სტაციონალურად, ცენტრების
ოფისებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მობილური ამბულატორიების საშუალებით. დაუკავშირდით თქვენს ქალაქში მოქმედ ზიანის შემცირების პროგრამას და გაიგეთ უფრო მეტი მისი საქმიანობის შესახებ !

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჩატარებული კვლევებიდან:

ჩანაცვლებითი თერაპიის და არვ მკურნალობის პროგრამები მნიშვნელოვნად ამცირებენ ამ დაავადებებით განპირობებულ სიკვდილიანობას:


• მცირდება ზედოზირებით გარდაცვალების რისკი;


• იზრდება არვ-ზე ხელმისაწვდომობა და დამყოლობა და ვირუსის რაოდენობა სისხლში, შესაბამისად ადამიანი ნაკლებად გადამდები ხდება. 

კვლევამ აჩვენა, რომ აივდადებით ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში:


• მხოლოდ არვ მკურნალობა ამცირებს სიკვდილის შემთხვევებს

54%-ით;


• მხოლოდ ჩანაცვლებითი თერაპია 66%-ით;


• არვ და ჩთ პროგრამები ერთად 84%-ით;


• დასავლეთ ევროპის ქვეყნებში აივ დადებითი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების 89% იღებს არვ მკურნალობას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 1%-ზე დაბალია (დაბალი დამყოლობის გარდა, ხელმისაწვდომობაც დაბალია არვ მედიკამენტებზე. მაგ. რუსეთში);


• ჩთ თერაპიის პროგრამაში სტაბილურად ყოფნა ამცირებს აივ ინფექციის პროგრესირებას, ამცირებს რეზისტენტობის განვითარების რისკს და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და პირიქით, პროგრამით არასტაბილურად სარგებლობა ან სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის, მათ შორის კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება, ზრდის აივ-ის პროგრესირების რისკს, ხელს უშლის არვ-ზე დამყოლობას, ვითარდება სხვადასხვა კლინიკური გართულებები, რაც აუარესებს სიცოცხლის ხარისხს.


თუ იმყოფებით არვ მკურნალობისა და მეტადონის პროგრამაში ერთდროულად და გაქვთ რაიმე ტიპის გვერდითი ეფექტი, რაც ართულებს თქვენს მდგომარეობას, დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს. არ შეწყვიტოთ არც ერთი მკურნალობა თვითნებურად. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი ჯამრთელობა და განვითარდეს რეზისტენტობა რომელიმე მედიკამენტის მიმართ.
ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ჩანაცვლებითი პროგრამები არ არსებობს და მოქმედებს მკაცრი ნარკოპოლიტიკა, აივ დადებით პირებს არვ პროგრამაში ჩართვამდე აიძულებენ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარის თქმას, რაც ხშირ შემთხვევაში პაციენტებს უჭირთ და აფერხებს ამ ადამიანების მკურნალობის დროულ დაწყებას. შესაბამისად, მკურნალობის შედეგებიც არასახარბიელოა.

 

ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებები;

ზიანის შემცირების პროგრამების სერვის ცენტრების მისამართები:

bottom of page