top of page

აივ ინფექცია/შიდსი და

ჯანსაღი კვება 

ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • რა მნიშვნელობა აქვს კვებას?

  • რატომ არიან მჭიდრო კავშირში აივ-ი და კვება?

  • ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები;

  • ინფორმაცია კვებითი ინგრედიენტების შესახებ;

  • კვება, აივ-ი და არვ მედიკამენტები: რეკომენდაციები სხვადასხვა მდგომარეობებისათვის: 

    • გულისრევა და ღებინება 

    • დიარეა

    • უმადობა  

    • წონის დაკარგვა 

    • პირის ღრუსა და ყლაპვის პრობლემები  

    • ლიპოდისტროფია

აივ დადებითი ადამიანებისთვის სწორი და ჯანსაღი კვება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის.

რა მნიშვნელობა აქვს კვებას?


ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი პროცესები, რომელსაც ერთის მხრივ იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ხოლო მეორეს მხრივ, ანტირეტროვირუსული (არვ) მედიკამენტები.


კვებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები შეიძლება იყოს: წონის მკვეთრი კლება, ნაწლავური ინფექციები, დიარეა, ლიპოდისტროფია (სხეულის ზედა ნაწილებში კანქვეშა ცხიმის სრული დაკარგვა, ზოგჯერ კი ცხიმის დაგროვებით სხეულის ქვედა ნაწილების ქსოვილებში) და სისხლში ქოლესტერინის ცვლილება.


სწორი კვების რეჟიმის შესარჩევად უმჯობესია მიმართოთ ექიმ დიეტოლოგს.

რატომ არიან მჭიდრო კავშირში აივ-ი და კვება? 


სრულფასოვან და სწორ კვებას აქვს რამდენიმე მნიშვენლოვანი სარგებელი აივ დადებითი ადამიანებისთვის, რამდენადაც იგი:


• აწოდებს ორგანიზმს საჭირო საკვებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს - რითაც აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს;


• აძლიერებს იმუნურ სისტემას, რათა უკეთ ებრძოლოს დაავადებას;


• ეხმარება ორგანიზმს აივ სიმპტომების და სხვადასხვა გართულებების მართვაში;


• ხელს უწყობს მედიკამენტების ეფექტურ მოქმედებას და ამცირებს მათ გვერდით ეფექტებს.

 

ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები

• მიიღეთ ხილით, ბოსტნეულით და პარკოსნებით (ლობიო, ოსპი) მდიდარი საკვები; 

 

• მიირთვით მჭლე, ნაკლებად ცხიმიანი ხორცი და მისი პროდუქტები;


• შეამცირეთ ტკბილეული, გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების და შაქარზე დამზადებული საკვების მიღება;


უმჯობესია, თუკი გეცოდინებათ თქვენი სხეულის მასის ინდექსი. ამის გამოთვლა ძალიან მარტივია, შეგიძლიათ ინტერნეტით მოიძიოთ მსგავსი გამომთვლელი ფორმულები, სადაც შეიყვანთ მონაცემებს: სხეულის წონა, სიმაღლე და ასაკი.


სხეულის მასის ინდექსის მიხედვით ადამიანი შეიძლება იყოს: ძალიან
გამხდარი, ნორმალური წონის, მსუქანი და ძალიან მსუქანი.


თქვენი სხეულის მასის ინდექსის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ
სამოქმედო სტრატეგია წონის კორექციისთვის. თუმცა, უმჯობესია ამ
პროცესში ჩართოთ ექიმი, რადგან რომელიმე მედიკამენტთან ერთად, მან შესაძლოა რაიმე სახის დამატებითი გამოკვლევაც დაგინიშნოთ.

 

ინფორმაცია კვებითი ინგრედიენტების შესახებ :

კალორიები  - ეს არის ორგანიზმის ერთგვარი საწვავი. ორგანიზმის
ნორმალური სხეულის მასის ინდექსის შენარჩუნების მიზნით, მნიშვნელოვანია დღიური საჭირო კალორიების მიღება.


• წონის შენარჩუნების მიზნით სხეულის 1 კგ-ზე გესაჭიროებათ 17 კალორიის მიღება;


• თუკი გაქვთ რომელიმე ოპორტუნისტული  (თანმხლები) ინფექცია, სხეულის 1 კგ-ზე გესაჭიროებათ 20 კალორიის მიღება;


• თუკი წონას კარგავთ, გესაჭიროებათ დღიურად მეტი კალორიის მიღება (სხეულის 1 კგ-ზე 25 კალორია).

 


პროტეინი - მნიშვნელოვანია კუნთების და ორგანოების სრულყოფილი მუშაობისთვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

 

პროტეინები საჭირო რაოდენობით:


• 100-150 გრ დღიურად - აივ დადებითი მამაკაცისთვის;


• 80-100 გრ დღიურად - აივ დადებითი ქალისთვის.


თუკი გაქვთ თირკმლის რომელიმე დაავადება, პროტეინების შემცველი კალორიების რაოდენობა 15-20%-ით უნდა შემცირდეს, რადგან დიდი დატვირთვა ავარიდოთ თირკმლებს.


პროტეინების დაბალანსებულად მისაღებად მიირთვით მჭლე ღორის ან საქონლის ხორცი, კანგაცლილი ქათმის ხორცი, თევზი და დაბალ ცხიმიანი საკვები. 


დიდი რაოდენობით პროტეინების მისაღებად მიიღეთ თხილის კარაქი, ბოსტნეული, ყველი, პომიდორი, მოთუშული ბოსტნეული, სალათები.

 

ნახშირწყლები - ენერგიის წყაროა. მისი საკმარისი რაოდენობით მისა-
ღებად რეკომენდირებულია:


• ყოველდღიურად 5-6 ულუფა ხილისა და ბოსტნეულის მიღება
(დაახლოებით 3 დიდი ჭიქის მოცულობით);


• ფართო სპექტრის საკვები ელემენტების მისაღებად უპირატესობა
მიანიჭეთ სხვადასხვა ფერის ბოსტნეულის ნაზავს;


• ენერგიის მისაღებად კარგია სახამებელის შემცველი პროდუქტები –
ყავისფერი ბრინჯი, კარტოფილი, მაკარონი და პური;


• თუკი გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტის წინა მდგომარეობა ან ხართ
ინსულინ რეზისტენტული (მდგრადი), უმჯობესია ნახშირწყლები
ძირითადად ბოსტნეულის სახით მიიღოთ. ასევე უმჯობესია შეამციროთ შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება, როგორიცაა კანფეტი, ტორტი, ნამცხვარი ან ნაყინი.


ვიტამინები და მინერალები - არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. აივ დადებით ადამიანებს ესაჭიროებათ უფრო მეტი ვიტამინები და მინერალები დაზიანებული უჯრედების აღსადგენად.

იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მიიღეთ ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი შემდეგი საკვები:


• A ვიტამინი და ბეტა კაროტინი: მუქი მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელი ბოსტნეული და ხილი; საქონლის ღვიძლი; კვერცხი; რძე;


• B ვიტამინი: ხორცი, თევზი, ქათამი, მარცვლეული, კაკალი, თეთრი
ლობიო, ავოკადო, ბროკოლი და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული;


• C ვიტამინი: ციტრუსი;


• E ვიტამინი: მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, არაქისი (მიწის თხილი) და მცენარეული ზეთები;


• სელენი: მთელი მარცვალი, კაკალი, ფრინველი, თევზი, კვერცხი და
არაქისის კარაქი;


• თუთია: ხორცი, ფრინველი, თევზი, ლობიო, არაქისი და რძე და რძის სხვა პროდუქტები.


რამდენადაც ყველა საჭირო ვიტამინის და მიკროელემენტის მიღება
მხოლოდ საკვებით ხშირად რთულია, შესაძლოა თქვენმა მკურნალმა ექიმმა დაგინიშნოთ მულტივიტამინების/მინერალების შემცველი აბები.


ვიტამინების ჭარბი რაოდენობით მიღება არ არის სასარგებლო, ამიტომ მიყევით ექიმის ინსტრუქციას ზუსტად.


კალციუმი - მისი ძირითადი წყაროა რძე და რძის ნაწარმი (ყველი,
ხაჭო, კეფირი, იოგურტი, მაწონი), ზოგიერთი ბოსტნეული (კომბოსტო, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო), ხილი და კენკრა (მოცხარი, მარწყვი, ბალი, გარგარი). ზოგიერთი საკვები (მარცვლეული, მჟაუნა, ისპანახი) კალციუმის შეწოვას აფერხებს. ვინაიდან რძის პროდუქტებში ბევრია ცხიმი, ეცადეთ, მიირთვათ ცხიმგამოცლილი ხაჭო, მოხდილი რძე, მაწონი 3.


თუკი ხშირად არ იღებთ კალციუმის შემცველ საკვებს და/ან ორგანიზმს გამოხატული აქვს კალციუმის დეფიციტი, ექიმმა შესაძლოა ცალკე დაგინიშნოთ კალციუმის პრეპარატი.

 

კვება, აივ-ი და არვ მედიკამენტები

აივ-ის და არვ მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად სხვადასხვა ადამიანს გამოხატული აქვს განსხვავებული გვერდითი ეფექტები. ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავსი გვერდითი ეფექტების შესამცირებლად.

გულისრევა და ღებინება 

• შეეცადეთ მიიღო უცხიმო საკვები;


• მიიღეთ მცირე რაოდენობის საკვები 1-2 საათიანი შუალედებით;


• მოერიდეთ ცხიმიან, ცხარე და ძლიერი სუნის მქონე საკვებს;


• ნაკლებად მიიღეთ ცხელი საკვები, უმჯობესია ცივი და გრილი საკვების მიღება; 


• დაელაპარაკეთ ექიმს, შესაძლოა მან დაგინიშნოთ ღებინების
საწინააღმდეგო მედიკამენტი.

ექიმი ყოველთვის უპირატესეობას ანიჭებს იმ მედიკამეტს, რომელიც
ეფექტურად იმოქმედებს აივ-ზე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.


დიარეა

 

• მიიღეთ ჩვეულებრივზე მეტი სითხე;


• შეამცირეთ რძის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელების მიღება;


• საკვები მიიღეთ ნელა და ხშირად;


• მოერიდეთ ცხიმიან საკვებს;


• სცადეთ შემდეგი კომბინაცია: ბანანი, ბრინჯი, ვაშლი და ტოსტერში
გამომშრალი პური;


• უმი და დაუმუშავებელი ბოსტნეულის ნაცვლად, მიიღეთ მოთუშული ან მოხარშული ბოსტნეული.

 

უმადობა

• კვებამდე არ დალიოთ სითხე;


• ჭამეთ ოჯახის ან მეგობრების გარემოცვაში, რაც კერძებს
მაქსიმალურად მიმზიდველს ხდის;


• შეეცადეთ იკვებოთ უფრო ხშირად და მცირე პორციებით;


• მიირთვით სხვადასხვა საკვების (შემცველობა, ფერი, ფორმა)
კომბინაცია;

• დაელაპარაკეთ ექიმს, შესაძლოა მან დაგინიშნოთ მადის მომგვრელი საშუალებები.

წონის დაკარგვა

• მიიღეთ მეტი რაოდენობით პროტეინების, ნახშირწყლების და ცხიმის შემცველი საკვები;


• დესერტად მიირთვით ნაყინი;


• მიირთვით გამხმარი ხილი და კაკალი;


• დაელაპარაკეთ ექიმს, შესაძლოა მან დაგინიშნოთ სხვადასხვა
კვებითი დანამატი გულისრევის შეგრძნების შესამცირებლად და მადის გასაძლიერებლად;

პირის ღრუსა და ყლაპვის პრობლემები 

• მიიღეთ რბილი და თხიერი საკვები, როგორიცაა იოგურტი და
კარტოფილის პიურე;


• მოერიდეთ უმ ბოსტნეულს;


• მიირთვით რბილი ხილი, როგორიცაა ბანანი და ატამი;


• მოერიდეთ მჟავე საკვების მიღებას - ფორთოხალი, ლიმონი და
პომიდორი;


• დაელაპარაკეთ ექიმს, შესაძლოა დაგჭირდეთ გამოკვლევები, რათა გაირკვეს ხომ არ გაქვთ რომელიმე ოპორტუნისტული დაავადება ან გესაჭიროებათ დამატებითი გამოკვლევები.

 

ლიპოდისტროფია 

• შეამცირეთ ცხიმების, განსაკუთრებით გაჯერებული (“ტროპიკული” ზეთები – პალმის, ქოქოსის და კაკაოს ზეთები) და პოლიუჯერი ცხიმების (რაფინირებული მცენარეული ზეთები) მიღება;


• უმჯობესია ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა
თევზეული, ორაგული და თინუსი;


• შეამცირეთ ალკოჰოლის და რაფინირებული შაქრის მიღება;


• ინსულინ რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით შეამცირე ისეთი საკვების მიღება, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს ზრდის;


• მიიღეთ უფრო მეტად ხილი და ბოსტნეული;


• დაკავდით ფიზიკური აქტივობით.

 

bottom of page