top of page

აივ ინფექცია/შიდსი, მკურნალობა

და რეზისტენტობა


ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • რეზისტენტობის განვითარება;

  • როგორ ავირიდოთ რეზისტენტობა?

  • ტესტი რეზისტენტობაზე;

  • რა არის ჯვარედინ-რეზისტენტობა?

მედიკამენტებზე რეზისტენტობა ჩნდება მაშინ, როდესაც აივ-ის (ვირუსის) გენეტიკური სტრუქტურა იცვლება. ეს ცვლილებები ცნობილია ვირუსის მუტაციების სახელით. შედეგად მედიკამენტი ვეღარ მოქმედებს ვირუსზე და შესაბამისად, იგი ხდება არაეფექტური.


რეზისტენტობა შესაძლოა გახდეს არაეფექტური მკურნალობის მიზეზი: რეზისტენტობის გამო მედიკამენტები ნაკლებ ეფექტურად მოქმედებენ, ზოგჯერ კი საერთოდაც წყვეტენ მოქმედებას. 


აივ მკურნალობაზე მაღალი დამყოლობა ამცირებს რეზისტენტობის განვითარების რისკს. შესაბამისად, რაც უფრო დაბალია დამყოლობა, მით მეტია შანსი, რომ განვითარდეს მედიკამენტზე რეზისტენტობა. 
რეზისტენტობა ვითარდება მკურნალობაზე ყოფნისას ან მკურნალობის შეწყვეტიდან მოკლე პერიოდში. 

 

მკურნალობაზე დაბალი დამყოლობა ვირუსს აძლევს საშუალებას სწრაფად გამრავლდეს (რეპლიკაცია). წამლის დოზის გამოტოვება, ან მისი არასწორი მიღება გავლენას ახდენს სისხლში მედიკამენტის შემცველობაზე.


თუკი მედიკამენტის დონე სისხლში არის ძალიან დაბალი, (სუბ-ოპტიმალური), მედიკამენტი ვეღარ მოქმედებს ისევე ეფექტურად, როგორც მოქმედებდა რეზისტენტობის განვითარებამდე.


არვ მედიკამენტები მეტად ეფექტურად მოქმედებენ აივ-ის სტანდარტულ ტიპზე („ველური ტიპი“), ასეთივე ეფექტურობით მედიკამენტები ვერ მოქმე-დებენ ვირუსის მუტაციებზე (სახე შეცვლილ ვირუსზე). განვითარებული მუტა-ციები ერთგვარად ასახავს ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობას, რაც მეტია ასეთი მუტაციები, მით ნაკლებ ეფექტურია მიმდინარე მკურნალობა.


იმ შემთხვევაში, თუ რეზისტენტული მუტაციები აგრძელებს გამრავლებას, ისინი სისხლში ხდებიან უფრო მეტი, ვიდრე თავდაპირველი, ე.წ „ველური ტიპი“. ამ დროს არვ მკურნალობის ეფექტურობა საფრთხის ქვეშ დგება. 


როგორც კი რეზისტენტობა ჩნდება, დგება საჭიროება მკურნალობის სქემაში შეიცვალოს მედიკამენტი ან მედიკამენტები, რასაც მკურნალი ექიმი თქვენთან ერთად გადაწყვეტს. 

 

 

რეზისტენტობის განვითარება

 

საუკეთესო გზა რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად არის მედიკამენტების ყოველდღიური და დროული მიღება. მაგრამ ამასთანავე, თქვენ უნდა მიიღოთ წამლების ის კომბინაცია, რომელიც ვირუსის კონტროლისთვის საკმარისად ძლიერია.


თუ თქვენი ვირუსული დატვირთვა ხდება არაგანსაზღვრადი (ძალიან დაბალი, 50-ზე ნაკლები), მნიშვნელოვნად გიმცირდებათ რეზისტენტობის განვითარების შანსი. თუ თქვენ იწყებთ მკურნალობას და სწორად მიყვებით დანიშნულებას, თქვენ რეალურად გაქვთ მკურნალობის კარგი შედეგების მიღების შანსი.


არსებობს მედიკამენტებზე რეზისტენტობის სხვადასხვა ფორმები. ვირუსის ზოგიერთი შტამი შესაძლოა სრულად, ხოლო ზოგიერთი ნაწილობრივ რეზისტენტული იყოს რომელიმე მედიკამენტის მიმართ. რეზისტენტობა გავლენას ახდენს თითოეული მედიკამენტის ეფექტურ მოქმედებაზე და შესაძლოა განაპირობოს მკურნალობის წარუმატებლობა. 

 

წლების წინ არვ მკურნალობის სპექტრი შედარებით შეზღუდული იყო, არსებობდა მხოლოდ რამდენიმე სახეობის მედიკამენტი, შესაბამისად, რეზისტენტობის გამო სამკურნალო რეჟიმების შერჩევა ლიმიტირებული იყო. დღეისათვის არსებობს 25-ზე მეტი ლიცენზირებული ანტირეტროვირუსული (არვ) მედიკამენტი, თუმცა რეზისტენტობა ისევ რჩება პრობლემად, რადგან აივ-ის ზოგიერთი შტამი რეზისტენტული ხდება ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტის მიმართ. 

 

 

ტესტი რეზისტენტობაზე

 

რეზისტენტობაზე გამოკვლევა შესაძლებელია ჩატარდეს სისხლის საშუალებით. გამოკვლევების შედეგად დგინდება რა ტიპის მუტაციებთან გვაქვს საქმე და არის თუ არა მედიკამენტი სამკურნალოდ ეფექტური.
შეეკითხე ექიმს, თუკი ჩაგიტარდა ტესტი რეზისტენტობაზე:

  • დიაგნოზის დასმის დროს/მკურნალობის დაწყებამდე;

  • თუკი შენი ვირუსული დატვირთვა არ ჩამოდის 50-მდე და უფრო ქვემოთ;

  • თუკი შენი ვირუსული დატვირთვა იყო განუსაზღვრელი და ისევ გაიზარდა 200-მდე და მეტით;

  • მანამ, სანამ შეგიცვლის მკურნალობის რეჟიმს მედიკამენტის არაეფექტური მოქმედების გამო.

 

რეზისტენტობას იკვლევენ ასევე ორსულებშიც მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროსაც. 

 

 

რა არის ჯვარედინ-რეზისტენტობა?

 

ჯვარედინ-რეზისტენტობა ჩნდება მაშინ, როდესაც ერთი ტიპის მედიკამენტზე რეზისტენტობა იწვევს სხვა, მსგავს მედიკამენტზე რეზისტენტობის განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს არასოდეს მიუღია ეს მედიკამენტი. არვ მედიკამენტები დაყოფილია ჯგუფებად, სადაც გაერთიანებულია მსგავსი შემადგენლობის მქონე მედიკამენტები. ჯვარედინ-რეზისტენტობა ძირითადად ხდება ერთი ჯგუფის მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.
იფიქრე რეზისტენტობის თავიდან აცილებაზე, მიყევი ექიმის დანიშნულებას სწორად და ნუ გამოტოვებ დოზას!

bottom of page