C ჰეპატიტი, ოპიოდებით ჩანაცვლებითი თერაპია,
ნარკოტიკების მოხმარება
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
მსოფლიოს ფარული ეპიდემია - C ჰეპატიტი;
-
მსოფლიო სტატისტიკა;
-
ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტი;
-
რატომ დგანან ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები
C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი; საფრთხის წინაშე? -
ზიანის შემცირების პროგრამები და C ჰეპატიტი;
-
C ჰეპატიტის მკურნალობა, როგორც პრევენცია;
-
ზიანის შემცირების პროგრამების სერვის ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია.
მსოფლიოს ფარული ეპიდემია - C ჰეპატიტი
დღეისათვის, ევროპის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, C ჰეპატიტის გავრცელების ძირითად გზას წარმოადგენს ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას შპრიცების, ნემსების და სხვა ღჭურვილობის (ფილტრი, ბამბა, წყალი, კოვზი) გაზიარება. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის B ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 14- 84 %-ია.
რამდენადაც დაავადებულების უმეტესობას კლინიკური ნიშნები მრავალი წლის მანძილზე არ აღენიშნება, ინფექცია ფარულად ვრცელდება და ეპიდემიის სახეს იღებს.
მსოფლიო სტატისტიკა ასეთია:
• ნარკოტიკებს ინექციურად მსოფლიოს 158 ქვეყანაში 11.2 მლნ ადამიანი მოიხმარს;
• C ჰეპატიტით ინფიცირებულია 170 მლნ ადამიანი;
• მხოლოდ 2015 წელს ინფიცირებულ იქნა 8 მლნ ადამიანი;
• ვირუსული ჰეპატიტებით გარდაიცვალა 1.4 მლნ ადამიანი.
ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტი:
• საინექციო აღჭურვილობის გაზიარება საშუალოდ 10-ჯერ ზრდის
C ჰეპატიტის გადაცემის რისკს;
• ნარკოტიკების მომხმარებლები არიან სტიგმატიზირებულნი, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მიერ;
• ნარკოტიკების მომხმარებლებს ხშირად არ აქვთ კარგი დამყოლობა C
ჰეპატიტის მკურნალობაზე;
• ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების დიაგნოსტიკა ვირუსულ
ჰეპატიტებზე ხშირად დაგვიანებით ხდება, შესაბამისად ინფექციის
გავრცელების საფრთხე იზრდება;
• ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს აქვთ რისკი ისევ დაინფიცირდნენ C ჰეპატიტით (რე-ინფექცია), თუკი უსაფრთხოების ზომებს არ მიმართავენ.
რატომ დგანან ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი საფრთხის წინაშე?
შპრიცების, ნემსების და სხვა საინექციო აღჭურვილობის გაზიარება
წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს C ჰეპატიტის გავრცელებისთვის. საქართველოში, C ჰეპატიტის განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს სწორედ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები წარმოადგენენ (შემთხვევათა 70-80 %-ში) თუმცა, თუკი პიროვნება არ არის სისტემატურად ნარკოტიკების მომხმარებელი და მას თუნდაც ერთხელ მაინც ჰქონდა შპრიცის ან სხვა მოწყობილობის გაზიარების გამოცდილება, მაინც აქვს რისკი იყოს დაინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით.
C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილი ნარკომომხმარებლები.
C ჰეპატიტის გავრცელების რისკი ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში იზრდება მათი ციხეში ყოფნის დროს, ნარკოტიკის მოხმარებისას საზიარო შპრიცის გამოყენებით ან დაუცველი სქესობრივი კავშირებით. დადგენილია, რომ ნარკომომხმარებელთა საშუალოდ 56-90% მინიმუმ ერთხელ მაინც მოხვედრილა საპატიმრო დაწესებულებაში. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების 52% იყო ინფიცირებული C ჰეპატიტით.
ხშირად, შპრიცების და საინექციო აღჭურვილობის გაზიარებას ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა - როდესაც გართულებულია ხელმისაწვდომობა სტერილურ შპრიცებზე, აფთიაქებში არ იყიდება ისინი დანიშნულების გარეშე, არ მოქმედებს შპრიცების და ნემსების პროგრამები ან რთულია მოქმედ სერვის ცენტრებში მისვლა და სერვისებით სარგებლობა.
ზიანის შემცირების პროგრამები და C ჰეპატიტი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზიანის შემცირების პროგრამები - ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია (ჩთ) და შპრიცების და ნემსების პროგრამა (შნპ) - რეკომენდებულია, როგორც ეფექტური გზა, ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად: ინფექციური დაავადებების (აივ/შიდსი, ჰეპატიტები) გავრცელების პრევენცია, ზედოზირების პრევენცია, ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებების მართვა,ხელმისაწვდომი სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდება და სხვა.
ჩანაცვლებითი თერაპია წარმოდგენილია ყოველდღიური მეტადონის ან ბუპრენოფრინის დოზებით. იგი ამცირებს არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებას, შესაბამისად აღნიშნულ პროგრამაში ჩართული პირები არ არიან კრიმინალიზებულნი.
სხვადახვა კვლევაზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ზიანის შემცირების პროგრამები ხელს უწყობს ნიმ-ებს შორის C ჰეპატიტის გავრცელების და ხელახლა ინფიცირების პრევენციას, მის ადრეულ დიაგნოსტიკას, რეფერირებას და მკურნალობის პროგრამაში ჩართვას, ასევე დადგენილია, რომ ზიანის შემცირების პროგრამები აუმჯობესებს ნიმ-ების დამყოლობას მკურნალობაზე.
მსოფლიო სტატისტიკა და ზიანის შემცირების პროგრამები:
• შპრიცების და ნემსების პროგრამები მოქმედებს 90 ქვეყანაში;
• ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია მიმდინარეობს 80 ქვეყანაში;
• ქვეყნებში, სადაც ნარკოტიკების მოხმარების ძრითადი გზა ინტრავენურია და არ მოქმედებს ზიანის შემცირების პროგრამები, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის გავრცელება ძალიან მაღალია.
C ჰეპატიტის მკურნალობა, როგორც პრევენცია
სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ დღეისათვის არსებული სამკურნალო წამლები (პირდაპირ მოქმედების ანტივირუსული პრეპარატები) ეფექტურად მოქმედებს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებზეც. განკურნებული პირები აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების საფრთხეს, შესაბამისად, C ჰეპატიტის მკურნალობა მიჩნეულია, როგორც პრევენცია.
საქართველოში, 2015 წლიდან დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმიფო პროგრამა, რომელშიც ჩართვალ შეუძლია ქვეყნის ყველა მოქალაქეს. დაავადებულის მკურნალობის პროგრამაში ჩართვა ხდება იმის მიუხედავად, მოიხმარს თუ არა იგი ნარკოტიკულ საშუალებას.
კარგი იქნბა, თუ ექიმს გულახდილად მოუყვებით, გაქვთ ან გქონიათ თუ არა შეხება ნარკოტიკებთან. ნუ დაუმალავთ რა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმართ, რათა მან სწორად შეძლოს მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრა და თავიდან აიცილოთ სხვადასხვა გვერდითი ეფექტი.
მეტადონის პროგრამაში ყოფნა ხელს არ უშლის C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყებას და ვირუსისგან განკურნებას!
თუ იმყოფებით C ჰეპატიტის მკურნალობის და მეტადონის პროგრამაში ერთდროულად და გაქვთ რაიმე ტიპის გვერდითი ეფექტი, რაც ართულებს თქვენს მდგომარეობას, დაელაპარაკეთ თქვენს მკურნალ ექიმს. არ შეწყვიტოთ არც ერთი მკურნალობა თვითნებურად. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი ჯანმრთელობა და განვითარდეს რეზისტენტობა რომელიმე მედიკამენტის მიმართ.
ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ჩანაცვლებითი პროგრამები არ არსებობს და მოქმედებს მკაცრი ნარკოპოლიტიკა, აივ დადებით პირებს C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში ჩართვამდე აიძულებენ უარი თქვან ნარკოტიკების მოხმარებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში პაციენტებს უჭირთ, ეს კი აფერხებს მათი მკურნალობის დროულ დაწყებას. შესაბამისად, მკურნალობის შედეგებიც არასახარბიელო იქნება.
ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია ვაქცინაცია B ჰეპატიტზე. დაელაპარაკეთ თქვენს მკურნალ ექიმს და გაიგეთ მეტი, როდის ჯობს ვაქცინაციის ჩატარება და სად ტარდება იგი.
C ჰეპატიტის ეროვნული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის ზიანის შემცირების პროგრამებით - ჩანაცვლებითი თერაპიისა და შპრიცებისა და ნემსების პროგრამების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
შპრიცების პროგრამით სარგებლობა უფასო და ანონიმურია.
პროგრამის მიერ შეთავაზებული სერვისების პაკეტი მოიცავს:
• შპრიცებს, ნემსებს, სპირტიან ტამპონებს, ჟგუტებს, კონდომებს,
ნალოქსონს;
• რისკის კონსულტირებასა და ტესტირებას აივ ინფექციაზე, B და C
ჰეპატიტებსა და სიფილისზე, აგრეთვე სკრინინგს ტუბერკულოზზე;
• პაციენტთა სკოლებს C ჰეპატიტით ინფიცირებულთათვის;
• სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ (ჰეპატიტები, უსაფრთხო ინექცია, ზედოზირება, აივ ინფექცია, ნარკომომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, კუსტარული ნარკოტიკების მოხმარების შედეგები და სხვა).
სერვისების მიწოდება ხდება როგორც სტაციონარულად - ცენტრების ოფისებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მობილური ამბულატორიების საშუალებით. დღეისათვის, საქართველოში მოქმედი ჩანაცვლებითი თერაპიისა და შპრიცების და ნემსების პროგრამების შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
დაუკავშირდით თქვენს ქალაქში მოქმედ ზიანის შემცირების პროგრამას და გაიგეთ უფრო მეტი მისი საქმიანობის შესახებ!
ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებლებს გაცილებით მეტი რისკი აქვთ დაინფიცირდნენ C ჰეპატიტით, აივ ინფექციით, B ჰეპატიტით, ტუბერკულოზით და სხვა გადამდები დაავადებებით. ნუ გადადებთ და ჩაიტარეთ გამოკვლევები ამ ინფექციებზეც.
ზიანის შემცირების პროგრამების სერვის ცენტრების მისამართები: