B ჰეპატიტი, ღვიძლი და
დაავადების პროგრესირება
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
ღვიძლი და მისი ფუნქციები:
- მეტაბოლიზმი, ნივთიერებათა ცვლა;
- სარეზერვო ფუნქცია;
- ცილების (პროტეინები) წარმოქმნაში მონაწილეობა.
-
ღვიძლის დაზიანების შესაფასებელი ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევები;
-
როგორ შემიძლია შევამცირო ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი?
B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს.
ინფექციას იწვევს B ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც აზიანებს ღვიძლის უჯრედებს - ჰეპატოციტებს და იწვევს ღვიძლის ანთებას.
B ჰეპატიტის ვირუსით ზრდასრულ ინფიცირებულთა 95% გამოჯანმრთელდება და სრულად იკურნება 6 თვეში.
B ჰეპატიტის ვირუსით ხანგრძლივი ინფექციის შედეგად (20 წელი
და მეტი) არანამკურნალევ პირებში ღვიძლის ციროზი ვითარდება
შემთხვევათა 20%-ში, ხოლო ღვიძლის კიბო - 3-5%-ში.
ღვიძლი და მისი ფუნქციები
ღვიძლი ადამიანის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი შინაგანი ორგანოა, რომელიც ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის 500-ზე მეტ ფუნქციას. მისი წონა დაახლოებით 1.2-1.5 კგ-ია. ღვიძლი მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა
ნაწილში მდებარეობს და მოქცეულია დიაფრაგმას, მუცლის კედელს, კუჭსა და ნაწლავებს შორის. მასგარედან თხელი გარსი ფარავს. ნორმალური, ჯანმრთელი ღვიძლი მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობისაა.
ღვიძლი
ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. კერძოდ, მის მიერ გამომუშავებული ნაღვლის მჟავები მონაწილეობს ცხიმების გადამუშავებაში.
ღვიძლი შეუცვლელ ფუნქციას ასრულებს ორგანიზმისთვის უვარგისი
ნივთიერებების დაშლა-მონელებაში. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად განუწყვეტლივ წარმოიქმნება შხამები, რომლებსაც ღვიძლი შლის, გარდაქმნის მათ არატოქსიკურ ნაერთებად, ზოგჯერ სასარგებლო ნივთიერებებადაც კი.
ღვიძლი ასუფთავებს სისხლს ქიმიკატებისგან, ნარკოტიკებისგან და
ალკოჰოლისგან, შესაბამისად აქვს დეტოქსიკაციური ფუნქცია.
მეტაბოლიზმი, ნივთიერებათა ცვლა;
ღვიძლი აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესში, პასუხისმგებელია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავება-განაწილებაზე და მათგან ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის მიღებაზე. მონაწილეობს გლუკოზის (შაქარი სისხლში) მონელებაში, გადაყავს იგი გლიკოგენში, რომელიც ინახება ღვიძლში და წარმოადგენს ენერგიის ერთგვარ მარაგს ორგანიზმისთვის.
გარდა ამისა, ღვიძლი არის ცხიმების დეპოც, რომელსაც გარდაქმნის
კეტონებად. ეს კი თავის მხრივ აუცილებელია კუნთების მუშაობისთვის, როდესაც ორგანიზმში საკმაო რაოდენობით გლუკოზა (შაქარი) არ არის.
სარეზერვო ფუნქცია
ღვიძლს აქვს შაქრის, ცხიმების და ქოლესტერინის დაგროვების
ფუნქცია. გარდა ამისა, მასში გროვდება რამდენიმე სახის ვიტამინი და
მიკროელემენტი, მათ შორის რკინა. ვიტამინებს შორის ნიშვნელოვანია A და D ვიტამინები. ორგანიზმში ამ ვიტამინების ჭარბ შემცვლელობას ზიანი მოაქვს ღვიძლისთვის.
ცილების (პროტეინები) წარმოქმნაში მონაწილეობა.
ღვიძლში წარმოიქმნება ბევრი მნიშვნელოვანი ცილა, მათ შორის
ფერმენტები, ჰორმონები, სისხლის შედედებისთვის საჭირო ნივთიერებები.
ზოგიერთი ცილა, რომელიც სწორედ ღვიძლში წარმოიქმნება, მონაწილეობს სხვადასხვა ორგანოებამდე და უჯრედებამდე ვიტამინების, მინერალების, ცხიმების ტრანსპორტირებაში.
ღვიძლის ფერმენტები ALT (ალანინ ამინოტრანსფერაზა) და AST (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა) მონაწილეობენ საკვებიდან მიღებული ამინოჟავების დაშლაში, რის შედეგადაც წარმოქმნილი ცილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნივთიერებათა ცვლაში. როდესაც ღვიძლი დაზიანებულია, მაგ. ჰეპატიტების დროს, მომატებულია ALT და AST-ს შემცველობა სისხლში, რისი დიაგნოსტიკაც სპეციალური ტესტების საშუალებით ხდება.
ღვიძლის დაზიანებისას ქვეითდება სისხლის შედედების ფუნქცია, რაც განსაკუთრებით საშიში და საფრთხილოა ჭრილობების დროს.
სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, ღვიძლს აქვს აღდგენის უნიკალური უნარი, მისი ქსოვილის დიდი ნაწილის დაზიანების შემდეგაც. ღვიძლის ყველა ფუნქცია რჩება ნორმალური მაშინაც კი, როდესაც ღვიძლის 70% არის დაზიანებული ან ქირურგიული წესით ამოკვეთილი. აქედან გამომდინარე, ღვიძლის კიბოთი დაავადებულ ადამიანებში შესაძლებელია ღვიძლის დიდი ნაწილის მოშორება ყოველგვარი საფრთხის გარეშე. სწორედ ამ უნარის გამო, შესაძლებელია დონორიდან ღვიძლის ნახევარზე მეტის მოშორება
გადანერგვისთვის. ღვიძლის ფუნქციების შენარჩუნება ხდება როგორც
დონორისათვის, ისე პაციენტისათვის სერიოზული საფრთხის მიყენების გარეშე.
ღვიძლის მოცულობის აღდგენა ხდება საშუალოდ 1 თვეში. სწორედ ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც ღვიძლი მნიშვნელოვნად აქვთ დაზიანებული (დეკომპენსირებული ციროზი, ღვიძლის კიბო, ღვიძლის უკმარისობა), ექიმები რეკომენდაციას აძლევენ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.
ღვიძლის დაზიანების შესაფასებელი ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევები.
ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებადი კვლევა:ALT-ს (ალანინ ამინოსტრანსფერაზა) და AST-ს (ასპარტატამინოსტრანსფერაზა) დონის განსაზღვრა სისხლის შრატში. თუკიგამოკვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ორივე ფერმენტის შემცველობამომატებულია, ეს მიუთითებს ღვიძლის ანთებით პროცესზე და დაზიანებაზე.
თუმცა, თუკი ALT-ს მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ეს არ გამორიცხავს B ჰეპატიტის ვირუსით ინფექციის არსებობას ორგანიზმში. ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზით, მაგ. სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროს ან მედიკამენტების მოქმედების შედეგად.
როგორც წესი, დასკვნების გამოტანა არ ხდება ერთი ცალკეული გამოკვლევის საფუძველზე, რადგანაც შესაძლებელია თითოეული გამოკვლევის შედეგზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებდნენ.
საუკეთესო შემთხვევაში, მკურნალი ექიმი აკვირდება ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებს დინამიკაში.
B ჰეპატიტის ვირუსით ქრონიკულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწყვიოს სისხლში თავისუფალი ბილირუბინის დონის მომატება, რაც იწვევს კანის და თვალის სკლერების მოყვითალო-მომწვანო შეფერილობას.
ქრონიკული B ჰეპატიტის დროს ასევე იკვლევენ პროთრომბინის დროს (PT). ამ ანალიზის საშუალებით იზომება დრო, რომელიც სჭირდება სისხლს შედედებისთვის. სისხლის შედედებისთვის საჭიროა ღვიძლის მიერ გამომუშავებული ვიტამინი K და ცილა (პროთრომბინი). თუკი პროთრომბინის წარმოქმნის დრო გახანგრძლივებულია, ეს მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე (რომელიც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა დაზიანებამ) ან ნაღვლის სადინარის დახშობაზე.
ღვიძლის ბიოფსიას ატარებენ ღვიძლის ფიბროზის ხარისხის შესაფასებლად. ამ მეთოდით ხდება ღვიძლის მცირე ზომის ნაწილის ამოღება სპეციალური ნემსის საშუალებით და მისი გამოკვლევა მიკროსკოპით.
ფიბროელასტოგრაფია ღვიძლის ბიოფსიის ალტერნატიული მეთოდია. ამ მეთოდით ხდება ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა უმტკივნეულოდ და სწრაფად.
FIB - 4 - ეს არის ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დასადგენი არაინვაზიური გამოკვლევა, რომელიც ეფუძნება სისხლში ღვიძლის ამინოტრასფერაზების (ALT, AST) დონეს, თრომბოციტების რაოდენობას და ასაკს. აღნიშნული ოთხი მაჩვენებლის და სპეციალურ ფორმულის მეშვეობით ხდება ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა.
როგორ შემიძლია შევამცირო ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი?
მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ალკოჰოლი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს და ზრდის ღვიძლის ციროზის და კიბოს განვითარების რისკს.
გარდა ამისა, თამბაქოს მოწევაც ზრდის ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს როგორც ჰეპატიტით ინფიცირებულ, ისე არაინფიცირებულ პირებში. ამიტომ, დროულად თქვით უარი მოწევაზე.
ზოგიერთი მედიკამენტის ხშირი მიღება, როგორიცაა სიცხის დამწევი,
ტკივილგამაყუჩებელი დადამამშვიდებელი საშუალებები, ასევე
ტრანქვილიზატორები, ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს B ჰეპატიტის ვირუსით ინფექციის ფონზე.
ნუ მიიღებთ მედიკამენტებს თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.