ახლად დიაგნოზირება.
-
ახლად დიაგნოზირების ეტაპი: პირველი რეაქციები
-
ჯანმრთელობის მდგომარეობა
-
მკურნალობის მიღება
-
განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა
-
აივის მკურნალობა
-
გვერდითი მოვლენები
-
ჯანმრთელობისთვის ყურადღების დათმობა
-
მენტალური ჯანმრთელობა
ახლად დიაგნოზირების ეტაპი: პირველი რეაქციები
ადამიანები ბევრნაირად რეაგირებენ, როდესაც იგებენ, რომ აივი აქვთ. შესაძლოა, ცხოვრება ისე გააგრძელოთ, ვითომ არაფერი მომხდარა, შესაძლოა, ბევრი ინფორმაციის მომოძიება დაიწყოთ ან გაგიჭირდეთ აღნიშული სიახლის მიღება.
შესაძლოა, აღნიშნული საკუთარ თავს დააბრალოთ. თუმცა, ადამიანები არ ინფიცირდებიან აივით იმიტომ, რომ ისინი ამას „იმსახურებენ“ - აივის ქონა არ ნიშნავს, რომ თქვენ ცუდი, ამორალური ან სულელი ადამიანი ხართ.
ადამიანთა უმრავლესობას აივი სექსუალური პარტნიორისგან ედება. შესაძლოა, არ გცოდნოდათ აივის შესახებ იმ დროს, ან არ გეფიქრათ, რომ რისკის ქვეშ იყავით, ან შესაძლოა გადაწყვიტეთ, რომ არ გენერვიულათ ამაზე. ყოველი მათგანი ნორმალური, ადამიანური რამაა.
შესაძლოა, აღნიშული ვინმე სხვას დააბრალოთ. თუ ფიქრობთ, რომ იცით, ვისგან გადაგედოთ აივი, შესაძლოა სამართლიან ბრაზს განიცდიდეთ აღნიშნული პირის მიმართ.
თუმცა, შესაძლებელია, ამ პირმაც არ აცოდა, რომ აივი აქვს. ძალიან ხშირად, აივის გადადება იმ ადამიანებისგან ხდება, ვინც თავად მხოლოდ რამდენიმე თვის ინფიცირებულია. მათ არ გაუკეთებიათ ანალიზი და არ იციან, რომ აღნიშნული ვირუსი აქვთ.
შესაძლოა, იცოდნენ და არ გითხრეს. შესაძლოა, ყველაფერი უკეთ ყოფილიყო, რომ ეთქვათ. თუმცა, ბევრ ადამიანს ეშინია სხვებისთვის აივ სტატუსის გამხელის, რადგან რცხვენიათ, ნერვიულობენ, რომ უარყოფილი იქნებიან ან ეშინიათ, რომ მათი სტატუსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება საჯაროდ. ყოველთვის მარტივი არ არის აივზე საუბარი.
ჯანმრთელობის მდგომარეობა
თუ აივის დიაგნოზი დაგისვეს, ეს ნიშნავს, რომ სხეულში ვირუსი გაქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ შიდსი გაქვთ ან კვდებით.
აივის მკურნალობას ვირუსის გაკონტროლება შეუძლია. აივის მკურნალობით თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ:
-
ჯანმრთელი ცხოვრება. მედიკამენტები აჩერებს ვირუსის გამრავლებას (რეპროდუქციას) და ამცირებს აივის რაოდენობას თქვენს სხეულში. აღნიშნული თქვენს იმუნურ სისტემას საშუალებას აძლებს, რომ იყოს ძლიერი და ებრძოლოს დაავადებებსა და ინფექციებს.
-
ხანგრძლივი ცხოვრება. აივის მკურნალობის წყალობით, აივით ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობას აქვს სიცოცხლის ნორმალური ხანგრძლივობა, ისინი ცხოვრობენ იმდენივე ხანს, რამდენ ხანსაც აივის არმქონე ადამიანები.
-
სექსუალური ცხოვრება. აივის ეფექტიანი მკურნალობა აივის გადადების პრევენციას ახდენს. თუ თქვენ იღებთ ანტი - აივ მედიკამენტებს და გაქვთ „განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა“, თქვენ არ გადასცემთ აივს თქვენ სექსუალურ პარტნიორს.
-
აქტიური ცხოვრება. აივმა არ უნდა შეგიშალოთ ხელი მუშაობაში, ურთიერთობების აწყობაში, შვილების ყოლაში ან მომავლის დაგეგმვაში.
აივის მკურნალობა რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის, ვისაც აქვს აივი. რაც უფრო მალე დაიწყებთ მკურნალობას, უფრო ადრე მიიღებთ აღნიშნულის სარგებელს.
აივის მკურნალობის სახელებია ანტირეტროვირუსული თერაპია, ART, ანტი - აივ მედიკამენტები ან კომბინაციური თერაპია. ყველა მათგანი გულისხმობს ერთიდაიგივე ტიპის მედიკამენტებს.
მკურნალობის მიღება
იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ არის საჭირო აივის მკურნალობა, შესაძლოა დაგვეხმაროს იმის ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს აივი სხეულზე მაშინ, როცა არ მკურნალობთ.
თქვენ შესაძლოა რაიმე გრიპი/გაციება გქონოდათ ინფიცირების პირველ კვირებში - აღნიშნულს „სეროკონვერსიული დაავადება“ ეწოდება. ამის შემდეგ, ადამიანთა უმრავლესობას არ აქვს გამოხატული სიმპტომები წლების განმავლობაში.
მაგრამ, თუ თქვენ არ იღებთ აივის მედიკამენტებს, აივი მუდმივად თავს ესხმის და ასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას. ჩვენ ყველას გვჭირდება ძლიერი იმუნური სისტემა, რადგან ის იცავს სხეულს ინფექციებისგან.
აივი საკმაოდ ნელა ასუსტებს იმუნურ სისტემას, ასე რომ, თქვენ შესაძლოა თავს ცუდად არ გრძნობედეთ. თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მარტივად შეგეყრებათ ინფექციები და დაავადებები, რომლესაც ჯანმრთელი იმუნური სისტემა მარტივად გაუმკლავდებოდა.
თუ თქვენი აივით დიაგნოზირება „გვიან“ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გქონდათ აივი წლების განმავლობაში იქამდე, სანამ კვლევას ჩაიტარებდით და ამის შესახებ შეიტყობდით. თქვენ გექნებოდათ აივი მკურნალობის გარეშე და აღნიშნული ალბათ დროდადრო ავად გაგხდიდათ. ამის მიუხედავად, შეგიძლიათ ახლა დაიწყოთ მკურნალობა და ის მაინც იქნება ეფექტიანი.
თუ ადამიანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იმკურნალებს, ინფექცია ყველაზე სერიოზულ სტადიაში შეიძლება გადაიზარდოს. ამას შიდსი ეწოდება. აღნიშნული არის სერიოზული დაავადებების სპექტრი, რომელიც შეიძლება ადამიანს დაემართოს, თუ აივმა მნიშვნელოვნად დაასუსტა მათი იმუნური სისტემა.
აივის მკურნალობის წყალობით, ასეთი დაავადებები შემცირებულია და ის გაერთიანებულ სამეფოში ძალიან ცოტა ადამიანს განუვითარდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შიდსის მკურნალობა შესაძლებელია და ადამიანთა უმრავლესობის მდგომარეობა უმჯობესდება აღნიშნულის შედეგად.
აივი და შიდსი არ არის ერთიდაიგივე. აივის ინიციალები აღნიშნავს ადამიანის იმუნოდეფიციტურ ვირუსს. შიდსი კი აღნიშნავს შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს.
განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა
იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეფექტიანია მკურნალობა, თქვენ დაგენიშნებათ სისხლის ანალიზი ყოველ რამდნეიმე თვეში ერთხელ. აღნიშნული ანალიზებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვირუსული დატვირთვის ანალიზი.
ვირუსული დატვირთვა არის აივის შემცველობის გაზომვა სისხლში. რაც უფრო ნაკლებია სისხლში აივი, მით უკეთესია.
მკურნალობის მიზანია, რომ სისხლში ვირუსული დატვირთვა იყოს „განუსაზღვრელი“. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობა მოქმედებს ძალიან კარგად და სხეულში აივის მხოლოდ მცირე რაოდენობაა. ამ დროს, იმდენად მცირეა სისხლში აივი, რომ ანალიზის დროს შეუძლებელი იყო მისი პოვნა ან მხოლოდ მცირე რაოდენობა აღმოჩნდა.
თუ თქვენ გადიხართ მკურნალობას და გაქვთ განუსაზღვრელი ვირუსული დატვირთვა, მაკლებ სავარაუდოა, რომ გექნებათ აივთან დაკავშირებული დაავადება. თქვენ ასევე შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ სექსუალურ პარტნიორს არ გადასცემთ აივს.
თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ აივისგან განიკურნეთ. მედიკამენტები სრულად ვერ განდევნიან აივს თქვენი სხეულიდან. თუ თქვენ შეწყვეტთ მკურნალობას, ვირუსული დატვირთვა კვლავ გაიზრდება.
აივის მკურნალობა
აივის მკურნალობა როგორც წესი, მოიცავს ერთი ან ორი აბის მიღებას დღეში ერთხელ ან ორჯერ.
აივის მკურნალობა არის ეფექტიანი მაშინ, როდესაც მისი მიღება ხდება დანიშნულებისამებრ. აღნიშნულს ხშირად „დამყოლობა“ ეწოდება და ეს ნიშნავს:
-
აბის სწორ დროს მიღებას;
-
სწორი დოზის მიღებას;
-
საკვებთან და სასმელთან დაკავშირებული რჩევების გათვალისწინებას (მაგ. აბის საკვებთან ერთად მიღება);
-
თქვენ მიერ მიღებულ სხვა აბებთან ურთიერთქმედების შემოწმებას.
„სიცოცხლე 2.0“-ში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მხარდაჭერა და დახმარება კარგ დამყოლობასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია, მოგცეთ რჩევები რუტინის გამომუშავებასთან დაკავშირებით, რაც დაგეხმარებათ, გაგახსენდეთ (არ დაგავიწყდეთ) წამლის ყოველ დღიურად მიღება.
თუ სხვა წამლებსაც იღებთ, შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ. ისინი შეძლებენ, შეამოწმონ მედიკამენტების ურთიერთქმედება.
თუ თქვენ ხშირად გავიწყდებათ აბების მიღება, ან არ იღებთ მათ რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, მაშინ, ის აბები, რასაც იღებთ, წყვეტენ მოქმედებას. აღნიშნულ შემთხვევაში, უნდა შეცვალოთ მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები
იმ მედიკამენტებს, რომლებიც დღეს გამოიყენება, ბევრად უფრო მცირე გვერდითი მოვლენები ახასიათებს, ვიდრე წარსულში გამოყენებულ მედიკამენტებს ახასიათებდა.
გვერდითი მოვლენების უმეტესობის მიზეზი ის არის, რომ ორგანიზმი ახალ მედიკამენტს ეჩვევა. ისინი როგორც წესი რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გრძელდება. ზოგი ადამიანი თავს ცუდათ გრძნობს, აქვს დიარეა ან დაღლილობის მომეტებული შეგრძნება.
ზოგიერთი გრძელვადიანი გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათად ვლინდება. იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტი პრობლემებს გიქმნით, თქვენ ექიმს როგორც წესი შეუძლია, რომ მკურნალობა სხვა მედიკამენტით შეგიცვალოთ.
ჯანმრთელობისთვის ყურადღების დათმობა
აივით ინფიცირებულ ადამიანებს არ ესაჭიროებათ სპეციფიკური ზრუნვა. თუმცა, ისევე, როგორც ყველა ადამიანის შემთხვევაში, თქვენი ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა მოიცავს იმაზე მეტს, ვიდრე აბის მიღებაა და ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
თქვენ ასევე დაგეხმარებათ შემდეგი:
-
დაბალანსებული კვება, რათა შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა, გქონდეთ ენერგია და მიიღოთ ის ნუტრიენტები, რაც თქვენ სხეულს ესაჭიროება;
-
ვარჯიში, რაც კარგია გულისთვის, ფილტვებისთვის, ცირკულაციისა და მობილურობისთვის;
-
დასვენება და ძილი, რათა დაისვენოთ და გააძლიეროთ თქვენი იმუნური სისტემა.
აივის დღეს არსებული მკურნალობით და სამედიცინო ზრუნვით, აივით ინფიცირებული ბევრი ადამიანი არასდროს გახდება ავად აივთან პირდაპირ დაკავშირებული მიზეზით. როგორც წესი, ჯანმრთელობის სხვა გართულებები, როგორიცაა გულის დაავადება ან დიაბეტი იწვევს პრობლემებს.
განსაკუთრებით, როდესაც აივ ინფიცირებული ადამიანები ასაკში შედიან, მათი ჯანმრთელობის წუხილები ბევრად არ განსხვავდება სხვა ადამიანების წუხილებისგან.
აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი გამოასწორებს თქვენს ჯანმრთელობას და შეამცირებს აივის გარდა ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების რისკებს.
მენტალური ჯანმრთელობა
ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრუნოთ თქვენ ემოციურ კეთილდღეობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
დაბალანსებული კვება, ვარჯიში, მოწესრიგებული ძილი და გაძლიერებული იმუნური სისტემა კარგია როგორც თქვენი ფიზიკური, ასევე, მენტალური ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ვარჯიშმა შესაძლოა თავი უფრო მშვიდად და ენერგიულად გაგრძნობინოთ. დაბალანსებული კვება თქვენს ტვინს იმ ნუტრიენტებს მიაწვდის, რაც მას კარგი ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება.
ასევე, კარგია სოციალური კონტაქტების შენარჩუნება და თავის იმ აქტივობებით დაკავება, რაც სიამოვნებას განიჭებთ. შეეცადეთ, არ ჩაიკეტოთ და სხვებს დაელაპარაკოთ თქვენს წუხილებზე.
თუ არ გსურთ თქვენ მეგობრებთან ან ნათესავებთან თქვენს პრობლემებზე საუბარი, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ ჩვენ, „სიცოცხლე 2.0“-ში. ჩვენ გავიარეთ იგივე გამოწვევები და მოხარულნი ვიქნებით, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მხარი დაგიჭიროთ.
ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო სივრცეს, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც იმავე სიტუაციაში იმყოფებიან, რაშიც თქვენ.