აივ ინფექცია/შიდსი და
კოინფექციები
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
კოინფექციის პრევენცია და მართვა
-
B ჰეპატიტი;
-
B ჰეპატიტის მკურნალობა;
-
C ჰეპატიტი;
-
C ჰეპატიტის მკურნალობა;
-
აივ-ი და C ჰეპატიტი;
-
ტუბერკულოზი;
-
ტუბერკულოზის მკურნალობა;
-
აივ-ი და ტუბერკულოზი;
-
სიფილისი და სქესობრვი გზით გადამდები ინფექციები (სგგი);
-
სიფილისის მკურნალობაოვრების;
-
სიფილისი და აივ ინფექცია.
კოინფექცია ნიშნავს ერთდროულად ერთზე მეტი ინფექციის არსებობას ორგანიზმში.
აივ ინფიცირებულს შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი ტიპის კოინფექციები: ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, სიფილისი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.
იმუნოდეფიციტის ფონზე, აივ ინფიცირებულ პირებს აქვთ კოინფექცი-ების განვითარების შედარებით მაღალი რისკი.
აივ ინფექციას ხშირად თან ერთვის ტუბერკულოზი - საქართველოში აივ ინფექცია-ტუბერკულოზის კოინფექცია 19,1%-ს აღწევს, ხოლო 3,4% აქტიურ ტუბერკულოზზე მოდის.
კოინფექციების არსებობის მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტორიც, რომ ზოგიერთ კოინფექციას აქვს გადაცემის იგივე გზები, რაც აივ ინფექციას (სისხლით ან სქესობრივი გზით) - შესაბამისად, ინფიცირება ხდება ჩვეულებრივი გზით და არა იმუნოდეფიციტის ფონზე.
კოინფექციის პრევენცია და მართვა
1. იყავით მომთმენი
საერთაშორისო გაიდლაინებით მოწოდებული რეკომენდაციის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელსაც დაესვა აივ-ის დიაგნოზი, გამოკვლეული უნდა იქნას კოინფექციებზეც;
2. იყავით დამყოლი
არსებული რისკებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია აივ ინფიცირებულს წელიწადში ერთხელ ჩაუტარდეს გამოკვლევა კოინფექციებზე - ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია კარგი კლინიკური შედეგების მისაღებად;
3. იყავით ინფორმირებული
თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება კოინფექციების შესახებ, დაელაპარაკეთ ექიმს, მოუყევით მას, თუ გქონდათ რაიმე სარისკო ქცევა (დაუცველი სქესობრივი კავშირი, შპრიცის ან სხვა საინექციო აღჭურვილობის გაზიარება) ან გაქვთ ეჭვი, რომ რომელიმე სამედიცინო მანიპულაცია ჩაგიტარდათ არასტერილური ინსტრუმენტებით;
4. თავი შეიკავეთ სარისკო ქცევისგან
თუ რომელიმე კოინფექცია გქონდათ წარსულში და იმკურნალეთ, ეს არ გამორიცხავს კოინფექციების მომავალში განვითარების რისკს.
B ჰეპატიტი
B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს. B ჰეპატიტის ვირუსმა შესაძლოა განაპირობოს მწვავე ან ქრონიკული დაავადების განვითარება.
თუ მწვავე B ჰეპატიტი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმით მიმდინარეობს, ავადმყოფი თავისთავადაც გამოჯანმრთელდება, მაგრამ მდგომარეობის შეფასება შეუძლია მხოლოდ ექიმს. შემთხვევათა 5%-ში შესაძლებელია ვირუსი სისხლში დარჩეს 6 თვეზე მეტი პერიოდით ანუ გახდეს ქრონიკული.
გამოჯანმრთელებული პაციენტების B ჰეპატიტით რეინფიცირების (ხელახლა ან თავიდან ინფიცირების/ განმეორებით ინფიცირების) საშიშროება აღარ არსებობს.
B ჰეპატიტი გადაეცემა:
-
სქესობრივი კონტაქტით (თუმცა, შესაძლოა ყოველთვის არ მოხდეს სქესობრივი პარტნიორის დასნებოვნება);
-
სისხლითა და სხვა ბიოლოგიური სითხეებით (საზიარო შპრიცის ან საინექციო აღჭურვილობის გაზიარება, გაუსტერილებელი სამედიცინო ინტრუმენტები);
-
ორსულობისას (პლაცენტის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში);
-
მშობიარობისას (ბავშვის სამშობიარო გზებში გავლის დროს,
-
3-5% შემთხვევებში) - თუმცა, თუ ბავშვის დაუყოვნებელი ვაქცინაცია მოხდება დაბადების შემდგომ, შესაძლებელია მოხდეს დაინფიცირების პრევენცია.
B ჰეპატიტის სიმპტომები
ბევრმა ადამიანმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ ინფიცირებულია B ჰეპატიტით. მისი ინკუბაციური (ანუ ინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე) პერიოდი შესაძლოა საშუალოდ 40-160 დღე გაგრძელ-დეს. ხოლო კლინიკური გამოვლინების შემთხვევაში, დაავადებას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:
• საერთო სისუსტე;
• უმადობა;
• გულისრევა-ღებინება;
• ცხელება;
• გამონაყარი ტანზე;
• უსიამოვნო შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
• კანის და/ან თვალის თეთრი გარსების სიყვითლე;
• სახსრების ტკივილი;
• ფაღარათი;
• შარდის გამუქება და განავლის გაღიავება; დ ა.შ..
B ჰეპატიტის მკურნალობა
მწვავე B ჰეპატიტი – სპეციალური ანტივირუსული მკურნალობა არ ტარდება, ინიშნება მხოლოდ შემანარჩუნებელი და დეზინტოქსიკაციური თერაპია, რომლის მიზანიც არის ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნა და ღვიძლის ქსოვილის აღდგენა.
ქრონიკული B ჰეპატიტი – მკურნალობა დამოკიდებულია ღვიძლის დაზიანების ხარისხზე. ამ შემთხვევაში მკურნალობის მიზანია ვირუსის გამრავლების შეფერხება და ღვიძლის დაზიანების პრევენცია. ანტივირუსული პრეპარატები ინიშნება როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინირებულადაც. ინფიცირებულთა უმეტესობას არ უვითარდება ღვიძლის მძიმე დაზიანება. შემთხვევათა 20%-ში (10-20 წლიან პერიოდში) ვითარდება ღვიძლის ციროზი.
ფაქტები B ჰეპატიტის და აივ ინფექციის კოინფექციის შესახებ
-
მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა 10% ინფიცირებულია B ჰეპატიტით;
-
აივ ინფიცირებულთა შორის B ჰეპატიტისგან თვითგანკურნების შედარებით ნაკლები ალბათობა არსებობს;
-
აივ ინფიცირებულ პირებში 10-ჯერ მეტია ალბათობა B ჰეპატიტის ინფექცია განვითარდეს ქრონიკული ფორმით;
-
აივ ინფიცირებულებისთვის რეკომენდირებულია რეგულარული კვლევები B ჰეპატიტის სადიაგნოსტიკოდ;
-
აივ ინფიცირებულებისთვის რეკომენდირებულია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაციის შედეგად გამომუშავდება B ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რაც ადამიანს B ჰეპატიტის განვითარებისგან იცავს შემთხვევათა 95%-ში.
C ჰეპატიტი
C ჰეპატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება ღვიძლი და ვითარდება მისი ანთება – ჰეპატიტი.
B ჰეპატიტის მსგავსად, არსებობს მისი მწვავე და ქრონიკული ფორმები. მიჩნეულია, რომ ინფიცირებულთა უმეტესობამ (90%-მდე) არ იცის, რომ ინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით.
C ჰეპატიტი ძირითადად გადაეცემა სისხლთან პირდაპირი კონტაქტით. C ჰეპატიტით დაინფიცირების მეტი შანსი აქვთ შემდეგ რისკის ჯგუფებს:
-
ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები;
-
სექს მუშაკები;
-
მამაკაცები, ვისაც სექსი აქვთ მამაკაცებთან;
-
აივ ინფიცირებულები;
-
მიგრანტები;
-
ჰემოდიალიზზე მყოფნი;
-
პირები, ვისაც C ჰეპატიტზე, წინასწარი შემოწმების გარეშე გადაესხათ სხვისი სისხლი ან მისი პროდუქტები, ან ჩაუტარდათ რომელიმე ორგანოს გადანერგვა;
-
სამედიცინო პერსონალი.
C ჰეპატიტის სიმპტომები
ინფიცირებულთა 20%-ში გამოხატულია შემდეგი კლინიკური ნიშნები:
მწვავე C ჰეპატიტი
• სიცხე
• დაღლილობის შეგრძნება
• უმადობა
• გულისრევა/ღებინება
• მუცლის ტკივილი
• მუქი შარდი
• რუხი ფერის განავალი
• სახსრების ტკივილი
• სიყვითლე
ქრონიკული C ჰეპატიტი
• ღვიძლის ქრონიკული დაავადება
• ციროზი
• ღვიძლის კიბო
C ჰეპატიტის მკურნალობა
დღეისათვის მიჩნეულია, რომ C ჰეპატიტის სამკურნალოდ საკმაოდ მაღალეფექტურია ბოლო თაობის მედიკამენტები, რაც საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი: სოფოსბუვირი, ჰარვონი, ეპკლუზა. სწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისგან განკურნების ალბათობა 90%-ზე მეტია. თუმცა, რაც უფრო დროულად იქნება დაწყებული მკურნალობა, მით მოკლეა მკურნალობის სქემა და მცირეა გვერდითი ეფექტები.
საქართველოში 2015 წლის აპრილიდან დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც პაციენტებს უზრუნველყოფს უფასო ანტივირუსული მედიკამენტებით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საჭირო დიაგნოსტი-კის მნიშვნელოვანი ნაწილი. ღვიძლის დაზიანებიდან და სხვა თანხმლები დაავადებების არსებობიდან გამომდინარე, მკურნალობის სქემა მერყეობს 12-დან 24 კვირამდე. მკურნალობა წარმატებულად მიიჩნევა, თუ მისი დამ-თავრების შემდეგ სისხლში აღარ განისაზღვრება C ჰეპატიტის ვირუსის რნმ.
აივ ინფიცირებულ პირებში დროულად დაწყებული C ჰეპატიტის მკურნალობა მნიშვნელოვანია, რადგან კოინფექციის დროს იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი.
ფაქტები C ჰეპატიტის და აივ ინფექციით კოინფექციის შესახებ
-
რამდენადაც C ჰეპატიტი სისხლის გზით გადამდები ვირუსია, ხშირია მისი კოინფექცია აივ ინფექციასთან;
-
შემთხვევათა 50%-დან 90%-ში, აივ ინფიცირებული ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი ინფიცირებულია C ჰეპატიტითაც;
-
აივ ინფიცირებულებისთვის რეკომენდირებულია გამოკვლება C ჰეპატიტზე სადიაგნოსტიკოდ;
-
აივ ინფექციის და C ჰეპატიტის კოინფექცია წარმოადგენს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკის ფაქტორს.
ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერია. დაავადება ძირითადად აზიანებს ფილტვებს, თუმცა შესაძლოა დაზიანდეს სხვა ორგანოებიც - შარდ-სასქესო, ძვლის და სახსრების, ცენტრალური ნერვული
სისტემა, პლევრა, ლიმფური კვანძები ან ნებისმიერი სხვა ორგანო თმისა და ფრჩხილის გარდა.
ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს აქტიური და არააქტიური ანუ ლატენტური ტუბერკულოზი (ტბ). აქტიური ტუბერკულოზის მქონე ადამიანი გადამდებია ხველების, ცემინების და ლაპარაკის დროს. ტბ-ის ლატენტური ფორმის დროს ადამიანი გადამდები არ არის. არანამკურნალევი ადამიანი (ვისაც აქტიური ფორმა აქვს) წლის განმავლობაში საშუალოდ 10-15 ადამიანს აინფიცირებს.
ორგანიზმში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის მოხვედრისას ადამიანების დიდ ნაწილში ორგანიზმი თავად უმკლავდება მას და, შესაბამისად, ეს პიროვნება ავად არ ხდება.
ტუბერკულოზის სიმპტომები
ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი სიმპტომები:
• ხველა (ნახველით ან მის გარეშე)
• ტკივილი გულ-მკერდის არეში
• სისხლიანი ნახველი
• სუნთქვის გაძნელება
• სისუსტე/დაღლილობა
• უმადობა
• წონის დაკარგვა
• გახანგრძლივებული ტემპერატურა
• ოფლიანობა ძილის დროს
სხვა ორგანოების ტუბერკულოზს პირველი 4 ნიშნის ნაცვლად შესაბამისი ორგანოს ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათ-ებს, ხოლო ბოლო 4 ნიშანი ყველა ორგანოს ტუბერკულოზისათვის საერთოა.
ტუბერკულოზის მკურნალობა
ტუბერკულოზი განკურნებადია აივ ინფიცირებულ პაციენტებშიც. ტბ მკურნალობა მოიცავს სხვადასხვა ტიპის ანტიბიოტიკით მკურნალობას მინიმუმ 6 თვიანი პერიოდის მანძილზე.
საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობა, აივ/შიდსის მკურნალობის მსგავსად, სრულად ხელმისაწვდომი და უფასოა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომლის გარკვეულ ნაწილს აფინანსებს შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი.
ტბ დაწესებულებებში:
-
მკურნალობა კონფიდენციალურია და მიმდინარეობს მედპერსონალის უშუალო მეთვალყურეობით (DOT);
-
მკურნალობისადმი კარგი დამყოლობის მქონე პაციენტს ეძლევა წამახალისებლები სატრანსპორტო და კვებითი ვაუჩერის სახით;
-
პროგრამა ასევე უზრუნვეყოფს TB პაციენტთა ფსიქოლოგიურ დახმარებას.
ფაქტები ტუბერკულოზის და აივ ინფექციის კოინფექციის შესახებ
-
დადგენილია, რომ აივ ინფიცირებულების დაახლოებით ერთ მესამედს აქვს ტუბერკულოზით კოინფექცია;
-
აივ ინფიცირებულებში 12-20%-მდე იზრდება ტუბერკულოზით დაავა-დების რისკი;
-
აივ ინფიცირებულებში შედარებით რთულია ტბ დიაგნოსტიკა;
-
არანამკურნალევ შემთხვევებში ტუბერკულოზის კოინფექციამ აივ ინფიცირებულ პირებში შესაძლოა დააჩქაროს შიდსის განვითარება, თავის მხრივ, აივ ინფექცია წარმოადგენს რისკის ფაქტორს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმის აქტიურ ფორმაში გადასასვლელად.
სიფილისი და სქესობრვი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)
სიფილისი ინფექციური დაავადებაა. დაინფიცირების ყველაზე ხშირი გზა არის სქესობრივი (მათ შორის ანალური და ორალური) კავშირი. ინფექცია ვრცელდება დაინფიცირებული სისხლის მეშვეობით (შპრიცით, ნემსით, ქირურგიული იარაღით), დაზიანებული კანის, ლორწოვანის სპერმასთან, ვაგინასთან, სისხლთან კონტაქტისას. შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს საყოფაცხოვრებო გზითაც (მაგ. დაინფიცირებულის თეთრეულის, პირსახოცის ხმარებით), თუმცა, გადაცემის ეს გზა იშვიათია. ინფექცია ასევე შესაძლოა გავრცელდეს დაავადებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.
სიფილისი არ გადადის: საერთო ტუალეტის და აბაზანის ხმარებით, კარის სახელურით, საცურაო აუზებით, საერთო ტანსაცმლის და საერთო ნივთების ხმარებით.
სიფილისის დროს ზიანდება კანი, ლორწოვანი გარსი, შინაგანი ორგანოები, ძვალსახსროვანი, იმუნური და ნერვული სისტემები. კონდომის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს.
სიფილისის სიმპტომები
ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში შესაძლოა იყოს ინფიცირებული და არ ქონდეს გამოხატული კლინიკური ნიშნები, ამ დროს მნიშვნელოვნად იზრდება მისგან გამოწვეული გართულებების განვითარების ალბათობა. სიფილისს ახასიათებს თავისი განვითარების სტადიები: პირველადი, მეორადი, გვიანი და ლატენტური სტადიები.
ადრეული ან პირველადი სიფილისის ნიშნები
სიფილისით ინფიცირების შემდეგ კანზე ჩნდება (საშუალოდ 3 კვირაში) ერთეული ან რამოდენიმე წყლული, რომელსაც შანკრს უწოდებენ. შანკრი უმეტესწილად არის მაგარი, მრგვალი ფორმის, მცირე და უმტკივნეულო. შანკრი გრძელდება 3-6 კვირა, შემდეგ ის ქრება მკურნალობის გარეშე. თუ ამ პერიოდში არ ჩატარდა ადეკვატური მკურნალობა, დაავადება გადადის შემდეგ სტადიაში.
მეორადი სიფილისის ნიშნები
-
ხდება კანის და ლორწოვანის დაზიანება, სხეულზე ჩნდება წითელი ან მოყავისფრო გამონაყარი, უხეში კონტურებით, არ ახასიათებს ქავილი, ხშირად ჩნდება ხელის და ფეხის გულებზე;
-
სხვა სიმპტომებიდან გამოხატულია: ლიმფური კვანძების გადიდება, დაღლილობა, თავის ტკივილი, წონაში კლება და ცხელება;
-
სიმპტომები შეიძლება გაქრეს მკურნალობის შედეგად ან მის გარეშეც, მაგრამ მკურნალობის გარეშე სიფილისი გადადის შემდეგ ლატენტურ ფაზაში.
ლატენტური სიფილისის ნიშნები
სიმპტომები არ გვხვდება და გრძელდება წლების განმავლობაში. მკურნალობის გარეშე არსებობს სიფილისის გვიან სტადიაში პროგრესირების რისკი.
სიფილისის გვიანი სტადია
შეიძლება განვითარდეს ინფიცირებიდან 10-20 წლის შემდეგ. ამ ფაზაში სიფილისი აზიანებს თითქმის ყველა შინაგან ორგანოს: თავის ტვინს, სისხლძარღვებს, ღვიძლს, ძვლებს, სახსრებს. მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში დაავადება შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს.
სიფილისით ინფიცირება საშიშია ორსული ქალებისთვის, მას შეიძლება მრავალი გართულება მოჰყვეს და ახალშობილის მკვდრად შობადობით ან სიკვდილით დასრულდეს.
სიფილისის მკურნალობა
პირველადი და მეორადი სიფილისის მკურნალობა წარმატებულად ხდება პენიცილინით და სხვა ანტიბიოტიკებით. მოგვიანებითი სტადიის დროს პენიცილინი ინექციის სახით ინიშნება.
სიფილისის არსებობის დამტკიცების შემთხვევაში აუცილებელია სექსუალური პარტნიორის გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში მისი მკურნალობა.
ფაქტები სიფილისის და აივ ინფექციის კოინფექციის შესახებ
-
აივ ინფიცირებულ პირებში სგგი-ის კოინფექციისას იზრდება აივ-ის ვირუსული დატვირთვა სისხლსა და ბიოლოგიურ სითხეებში (ვაგინალური სეკრეტი, სპერმა), შედეგად იზრდება აივ ინფექციის სხვა პირებზე გადაცემის რისკი. სგგ დაავადებების დროს, ყველაზე ხშირად სასქესო ორგანოები წყლულდება და ვითარდება ანთებითი პროცესები, საბოლოოდ დაზიანებულ უბნებში ვირუსი იოლად იჭრება.
-
აივ ინფიცირებულ პირებში სიფილისის კლინიკური ნიშნები შედარებით მეტადაა გამოხატული და მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში იგი სწრაფად პროგრესირებს.