top of page

C ჰეპატიტის მკურნალობა

და დამყოლობა

 

ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • რა მნიშვნელობა აქვს მკურნალობაზე დამყოლობას?

  • დამყოლობაზე მოქმედი ფაქტორები;

  • რა ფაქტორები ახდენს გავლენას C ჰეპატიტის მკურნალობის შედეგებზე?

  • როგორ გავიუმჯობესოთ დამყოლობა;

  • რა შეკითხვები უნდა დაუსვა ექიმს?

  • რა დაგეხმარება მკურნალობაზე უკეთესი დამყოლობისთვის?

  • წამლის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი;

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი;

  • ოჯახი და მეგობრები.

C ჰეპატიტის მკურნალობაზე დამყოლობა გულისხმობს, თუ რამდენად ზედმიწევნით იცავთ ექიმის დანიშნულებას. დამყოლობა მოიცავს შემდეგ მაჩვენებელს :

 

რამდენად სწორად იღებთ დანიშნულ მკურნალობას,

იღებთ თუ არა მედიკამენტის განსაზღვრულ დოზას დანიშნულ დროს. 

მკურნალობის დროს ფასდება თქვენი დამყოლობის ხარისხი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი საიმისოდ, რომ ექიმის მიერ თქვენთვის დანიშნულმა მედიკამენტმა იმოქმედოს მაქსიმალურად ეფექტურად.

მკურნალობაზე დამყოლობაზე ფიქრი უნდა დაიწყო მკურნალობის დაწყებისთანავე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

 

 

რა მნიშვნელობა აქვს მკურნალობაზე დამყოლობას?


C ჰეპატიტის მკურნალობის მიზანია მოხდეს C ჰეპატიტის ვირუსის
რაოდენობის (ვირუსული დატვირთვა) შემცირება მის სრულ გაქრობამდე. თუკი ვირუსის აღმოჩენა ვეღარ ხდება სისხლში მკურნალობიდან 12 ან 24 კვირის შემდეგ, ვირუსული ინფექცია დამარცხებულად მიიჩნევა.


არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტურობაზე, ესენია:

 

მკურნალობაზე დამყოლობა, C ჰეპატიტის გენოტიპი, რამდენადაა დაზიანებული ღვიძლი და ხართ თუ არა წარსულში ნამკურნალევი C ჰეპატიტზე.


ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ერთ-ერთის - მკურნალობაზე დამყოლობის მართვა თქვენ თვითონ შეგიძლიათ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამდენადაც მკურნალობის შედეგი ბევრად დამოკიდებულია თავად თქვენზე. 


თუკი არ დაიცავთ ექიმის დანიშნულებას და სწორად არ მიყვებით
მკურნალობის გეგმას, იზრდება ვირუსის მუტაციების და მკურნალობის რეზისტენტობის განვითარების რისკი რეზისტენტობის განვითარების შედეგად მედიკამენტები ნაკლებ ეფექტური ხდება და მკურნალობაც უშედეგოა.


C ჰეპატიტის მკურნალობაზე კარგი დამყოლობა ხელს უწყობს მედიკამენტების ეფექტურ მოქმედებას და ზრდის C ჰეპატიტისგან სრული განკურნების შანსს.

დამყოლობაზე მოქმედი ფაქტორები

2011 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც იმ დროისთვის არსებული მედიკამენტების დამყოლობის შესაფასებლად ჩატარდა, გამოვლინდა, რომ კარგ დამყოლობას ხელს უშლიდა მედიკამენტების მწვავე გვერდითი ეფექტები, როგორიც იყო დეპრესია და ალოპეცია (თმების ცვენა).


ახალ სამკურნალო მედიკამენტებს, მსგავსი გვერდითი ეფექტები ნაკლებად აქვთ გამოხატული, გარდა ამისა, მკურნალობის ხანგრძლივობაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. ამ ფაქტორების გამო, დღეისათვის C ჰეპატიტის მკურნალობაზე პაციენტებს უკეთესი დამყოლობა აქვთ, რაც ზრდის მათ შანსს საბოლოოდ განიკურნონ C ჰეპატიტის ვირუსისგან.

 

რა ფაქტორები ახდენს გავლენას C ჰეპატიტის მკურნალობის შედეგებზე?

ღვიძლს აქვს შაქრის, ცხიმების და ქოლესტერინის დაგროვების ფუნქცია. გარდა ამისა, მასში გროვდება რამდენიმე სახის ვიტამინი და მიკროელემენტი, მათ შორის რკინა. ვიტამინებს შორის მნიშვნელოვანია A და D ვიტამინები. ორგანიზმში ამ ვიტამინების ჭარბ შემცვლელობას ზიანი მოაქვს ღვიძლისთვის. მნკურნალობის პროცესზე ნეგატიურად ისახება შემდეგი ფაქტორები: ვირუსული დატვირთვა, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, ინფექციის ხანგრძლივობა, სიმსუქნე, აივ ინფექცია და  კოინფექციები.

როგორ გავიუმჯობესოთ დამყოლობა 

 

მკურნალობის დაწყებამდე დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს, გაიგეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მოუყევით თქვენი ცხოვრების წესის და საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია მკურნალობის გეგმის შესადგენად.

 

 

რა შეკითხვები უნდა დაუსვა ექიმს?

• შემიძლია თუ არა დავიწყო C ჰეპატიტის მკურნალობა ეხლავე და
დავასრულო სრული მკურნალობის კურსი?


• რა გამოკვლევები მესაჭიროება მკურნალობაში ჩართვამდე?


• რამდენი ხანი გაგრძელდება ჩემი მკურნალობა?


• რა სიხშირით უნდა მივიღო მედიკამენტი?


• რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს მედიკამენტებს?


• რამდენად ეფექტურია არსებული მკურნალობა?


• რა სიხშირით უნდა ვიარო ექიმთან ვიზიტზე?


• რა გამოკვლევები მესაჭიროება მკურნალობის მიმდინარეობისას?


• რა გამოკვლევები მესაჭიროება მკურნალობის დასრულების შემდგომ?

რა დაგეხმარება მკურნალობაზე უკეთესი დამყოლობისთვის?

• კარგია, თუკი ჩამოწერთ იმ მედიკამენტების სიას, რისი მიღებაც
მკურნალობის განმავლობაში გიწევთ, თითოეულს მიუწერეთ გვერდით მისაღები წამლის დოზა და დრო;


• კარგია, თუკი წინასწარ მოახდენთ თქვენი მედიკამენტების
,,ორგანიზებას“ - სპეციალურ ტაბლეტების ყუთში საჭირო დოზების
მოთავსებით, გაგიმარტივდებათ დღიური დოზის განსაზღვრა და
მიღება;


• კარგი პრაქტიკაა კალენდრის გამოყენება, სადაც აღინიშნება
მედიკამენტების მიღების და დამთავრების თარიღები, ასევე ექიმთან მისვლის და გამოკვლევების ჩატარების თარიღები;


• ტელეფონზე წამლის შეხსენების ფუნქციის დაყენება ასევე კარგი
პრაქტიკაა.

წამლის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი

C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყებამდე შეეკითხეთ ექიმს, თუ რა სახის გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს მედიკამენტებს და რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი მათი თავიდან ასაცილებლად ან მათი მოქმედების ეფექტის შესამცირებლად.

იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით

ჯანსაღი კვება, ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები ამცირებს მედიკამენტების გვერდით ეფექტებს და გეხმარებათ მკურნალობის უკეთესი შედეგების მიღებაში.

ოჯახი და მეგობრები

C ჰეპატიტის მკურნალობაზე დამყოლობას აუმჯობესებს მეგობრების და ოჯახის წევრების მხარდაჭერაც. კარგი პრაქტიკაა, თუკი გაწევრიანდებით ,,პაციენტთა სკოლებში“, რომელთაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები/ ზიანის შემცირების სერვის ცენტრები ახორციელებენ. მსგავს სკოლებში
პაციენტებისთვის ექიმების მიერ ხდება დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავადების და მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ, პაციენტები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებასაც. ზიანის შემცირების ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ბროშურაში ,,C ჰეპატიტი, ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია, ნარკოტიკების მოხმარება“. 


დასავლეთ ევროპის ქვეყნების და აგრეთვე საქართველოში ბოლო წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, წარმატებით მუშაობს თანასწორგანმანათლებლებით (გამოჯანმრთელებული პაციენტები, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც მომზადებული არიან შესაბამის საკითხებზე) პაციენტების განათლების მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტების დამყოლობას მკურნალობაზე. განსაკუთრებით ეფექტურია თანასწორთა მიერ თანასწორის სწავლების  მეთოდი ისეთი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან ნარკოტიკების ინექციური
მომხმარებლები, მიგრანტები, მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი პრაქტიკა მამაკაცებთან, პატიმრები ან ყოფილი პატიმრები. გარდა მკურნალობაზე დამყოლობისა, აღნიშნულ ჩარევას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანებში C ჰეპატიტის რე-ინფექციის (ეს არის ინფიცირება C ჰეპატიტის სხვა ქვეტიპით) თავიდან ასარიდებლად.


პირები, ვინც მოიხმარს ნარკოტიკებს ინტრავენურად, მნიშვნელოვანია, რომ C ჰეპატიტის მკურნალობისას ჩართული იყვნენ ზიანის შემცირების პროგრამებში - ჩანაცვლებითი თერაპია (მეტადონი, სუბუქსონი) და შპრიცებისა და ნემსების პროგრამაში.

bottom of page