top of page

აივი და კონტრაცეფცია.

  • კონტრაცეფცია

  • კონტრაცეფციის მეთოდის არჩევა

  • ჰორმონული კონტრაცეფცია და ანტი-აივ წამლები

  • გრძელვადიანი კონტრაცეფცია

  • კონდომები

  • დიაფრაგმა და ე.წ. ქუდი

  • გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდები

კონტრაცეფცია

კონტრაცეფცია ორსულობის თავიდან აცილებაში გეხმარება. აივ დადებითმა ადამიანებმა გარკვეული საკითხები უნდა გაითვალისწინონ, როდესაც მათთვის სასურველ კონტრაცეფციის მეთოდს ირჩევენ. 

ჯანმრთელი, აივ-უარყოფითი შვილის ყოლა ბევრი ადამიანისთვის სავსებით რეალური ვარიანტია. თუმცა, ამისთვის სასურველია ორსულობა სწორად დაგეგმო, ან ორსულობის დადგომა გარკვეული პერიოდი თავიდან აირიდო. 

კონტრაცეფციის მეთოდის არჩევა

კონტრაცეფციის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია შენ სიტუაციასა და სურვილზე. ამასთან, გაითვალისწინე:

  • რამდენად შეესაბამება სასურველი კონტრაცეფცია აივ-მკურნალობის მეთოდს.

  • რამდენად შეეფერება სასურველი კონტრაცეფცია შენი ცხოვრების წესს.

  • რამდენად ხშირად უნდა გამოიყენო კონტრაცეფცია.

  • აპირებ თუ არა მომავალში დაორსულებას და როდის.

  • როგორ დაიცავ თავს და პარტნიორს ინფექციებისგან.

  • სხვა და სხვა კონტრაცეფციის შესაძლო გვერდითი მოვლენები.

ჰორმონული კონტრაცეფცია და ანტი-აივ წამლები

ზოგიერთი კონტრაცეფცია ერთ, ან მეტ ჰორმონს შეიცავს. ეს დამატებითი ჰორმონები ოვულაციას აჩერებს, რის შედეგადაც შენი სხეული კვერცხუჯრედს აღარ გამოყოფს გასანაყოფიერებლად. ჰორმონები ასქელებენ საშვილოსნოს ყელის გარშემო მყოფ ლორწოვან ფენასაც, რაც სპერმას საშვილოსნოში შეღწევაში ხელს უშლის. 

ჰორმონების შემცველი კონტრაცეფციაა:

  • კომბინირებული აბი

  • პროგესტერონის აბი

  • დასაკრავი 

  • ვაგინალური რგოლი

  • დეპო-პროვერას ინექციური კონტრაცეფცია

  • იმპლანტი

  • საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა

ყველა ეს კონტრაცეფცია ქალებისთვისაა განკუთვნილი.

თუ ჯერ არ გადიხარ აივ მკურნალობის კურსს, მაშინ ამ მეთოდებიდან ნებისმიერი შეგიძლია აარჩიო. თუ აივ ინფექციაზე მკურნალობ, მაშინ შენი არჩევანი შეიძლება შეიცვალოს, იქედან გამომდინარე, რომელ ანტი-აივ წამალს იღებ.

არის იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი სახის ჰორმონული კონტრაცეფცია, ანტი-აივ წამლები (ეფავირენზი, რომელიც შედის წამლებში სუსტივია და ატრიპლა) და პროტეაზის ინჰიბიტორის კლასის წამლები, მაგალითად დანურავირი (შედის პრეზისტაში), ლოპინავირი/რიტონავირი (შედის კალეტრაში) და ატაზანავირი (შედის რეიატაზიში, ან ევოტაზის კომბინირებულ აბში) რეაქციაში შევიდეს ერთმანეთთან.

თუ ინტეგრაზის ინჰიბიტორ ელვიტეგრავირს (შედის ვიტეკტაში, ან სტრიბილდისა და გენოვოიას კომბინირებულ აბებში) იღებ, მაშინ ჰორმონული კონტრაცეფციის უფრო მაღალი დოზა დაგჭირდება, ან სხვა მეთოდზე მოგიწევს გადასვლა. ნევირაპინი (შედის ვირამუნში, ვირამუნის გახანგრძლივებულ გამოთავისუფლების ტაბლეტებში და ნევირაპინის ზოგად ვერსიებში) ამჟამად იშვიათად გამოიყენება, მაგრამ ისიც შედის ჰორმონულ კონტრაცეფციასთან რეაქციაში.

ეს რეაქცია იმიტომ ხდება, რომ ანტი-აივ წამლები და კონტრაცეფცია ორივე ღვიძლში ერთი და იმავე ფერმენტების მიერ მუშავდება, რის გამოც კონტრაცეფციის ათვისება ჩვეულებრივზე მალე ხდება. ამის შედეგად, კონტრაცეპტული ჰორმონების რაოდენობა ორგანზიმში შეიძლება ყოველთვის საკმარისი არ იყოს იმისთვის, რომ ორსულობის დადგომას ხელი შეუშალოს. ხოლო რაც შეეხება ანტი-აივ წამლებს, ისინი მაინც ისე იმუშავებენ, როგორც მანამდე და იგივე ეფექტურობა ექნებათ.

ჰორმონულ კონტრაცეფციასთან სხვა წამლებიც შედის რეაქციაში, მაგალითად ზოგიერთი ანტიბიოტიკი და ეპილეფსიის სამკურნალოდ დანიშნული წამლები.

 

მნიშვნელოვანია გულწრფელად დაელაპარაკო იმ ადამიანს, ვინც კონტრაცეფციას გინიშნავს და აცნობო ყველა იმ წამლის შესახებ, რომლებსაც იღებ, რეცეპტის გარეშე გამოწერილი და მცენარეული წარმოების წამლების ჩათვლით.

ზოგიერთი ანტი-აივ წამლები გავლენას არ ახდენენ ჰორმონულ კონტრაცეფციაზე, და არც ყველა ანტი-აივ წამალი შედის რექციაში კონტრაცეფციასთან.

აივზე მკურნალ ექიმს უნდა დაელაპარაკო იმ კონტრაცეპტულ მეთოდზე, რომელსაც იყენებ მანამ, სანამ აივზე მკურნალობას დაიწყებ. ამის შემდეგ, შესაძლოა კონტრაცეფციის მეთოდის, ან ანტი-აივ წამლის შეცვლა მოგიწიოს.

გრძელვადიანი კონტრაცეფცია

ზოგიერთ კონტრაცეფციას გრძელვადიანი შედეგები აქვს. მათ შორისაა იმპლანტი, საშვილოსნოსშიდა ჰორმონული მოწყობილობა, დეპო-პროვერას ინექციური კონტრაცეფცია (ყველა მათგანი ჰორმონულია) და საშვილოსნოსშიდა სპილენძის სპირალი. იმპლანტის გარდა, ანტი-აივ მკურნალობაზე მყოფ ქალებს ყველა მეთოდის გამოყენება შეუძლიათ. 

საშვილოსნოსშიდა სპილენძის სპირალი მოქნილი, პლასტმასისა და სპილენძის მოწყობილობაა, რომელიც საშვილოსნოში რამდენიმე წლით თავსდება. იგი სპერმას კვერცხუჯრედამდე მიღწევაში, ან კვერცხუჯრედს საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებაში უშლის ხელს. აუცილებელია, რომ სპირალი ექიმმა, ან ექთანმა ჩადგას და ამოიღოს. სპილენძის სპირალის ეფექტურობა აივ წამლების მიღებით არ მცირდება.

საშვილოსნოსშიდა ჰორმონული მოწყობილობა მცირე, T-ს ზომის, პლასტმასის მოწყობილობაა, რომელიც საშვილოსნოში თავსდება ექიმის, ან ექთნის მიერ. ზოგიერთი მოწყობილობა 5 წელს ძლებს (მაგ: მირენა), ზოგი კი სამი წლის განმავლობაშია ეფექტური (მაგ: ჯეიდესი). საშვილოსნოსშიდა ჰორმონული მოწყობილობის ეფექტურობა აივ წამლების მიღებით არ მცირდება.

იმპლანტი მცირე ზომის მოქნილი ღერძია, რომელიც კანის შიგნით თავსდება, როგორც წესი მკლავში. ეფექტურობას სამ წლამდე ინარჩუნებს. იგი ჰორმონ პროგესტერონს შეიცავს და ნელ-ნელა უშვებს ორგანიზმში. ამის შედეგად, საკვერცხეები კვერცხუჯრედს აღარ გამოყოფენ და სპერმასაც ურთულდება საშვილოსნოს ყელამდე მიახლოვება. ზოგიერთ ანტი-აივ წამლებს იმპლანტის ეფექტურობის შემცირება შეუძლიათ, ისევე, როგორც სხვა წამლებს, რომლებიც ინფექციების მკურნალობისას გამოიყენება.

კონტრაცეფციის ეს საშუალებები ბევრი ქალს მოსწონს, ვინაიდან სანდო და ნაკლებად შესამჩნევი მეთოდებია. ჩადგმის, ან ორგანიზმში შეყვანისთანავე იწყებენ მოქმედებას და ეფექტურები არიან რამდენიმე თვის, ან წლის განმავლობაში. შესაბამისად, ყოველდღიური, ან ყოველი სექსის წინ მიღება არაა საჭირო. 

ამასთან, კონტრაცეფციის ამ მეთოდებმა შესაძლოა მენსტრუალური ციკლის სიხშირესა და რაოდენობაზე იმოქმედოს, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ეს ცვლილებებიც გაითვალისწინე.

თუმცა, გახსოვდეს - ვერცერთი ეს ჰორმონული მეთოდი ვერ დაგიცავთ შენ და შენს პარტნიორს სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან.

კონდომები

ბევრი აივ-პოზიტიური ადამიანი სხვა კონტრაცეფციას კონდომებს ამჯობინებს. კონდომები, სწორი და მუდმივი მოხმარებით, საიმედო და ეფექტური გზაა იმისთვის, რომ პარტნიორს აივ ინფექცია არ გადასდო. კონდომები ასევე ერთადერთი კონტრაცეფციაა, რომლებიც გვიცავს სხვა სახის სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგანაც. 

თუ სექსამდე ყოველ ჯერზე სწორად გამოიყენებ, კონდომები არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაშიც დაგეხმარება. მაგრამ, კონდომი შეიძლება გაიხეს, ან აქტის დროს მოძვრეს. ამის თავიდან ასარიდებლად, ბევრი ადამიანი ორმაგი დაცვის სტრატეგიას ამჯობინებს და კონდომებს სხვა, უფრო სანდო კონტრაცეფციის მეთოდთან კომბინაციაში იყენებს. აქვე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ორი კონდომის ერთდროულად გამოყენება არ არის კარგი აზრი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ხახუნი იზრდება და კონდომების დაზიანების რისკი ბევრად უფრო მაღალია. ასევე რეკომენდირებულია ლუბრიკანტის ხმარება რადგან ის ამცირებს ხახუნის ძალას, რაც ერთის მხრივ ნაკლებ დაზიანებას იზვევს , მეორეს მხრივ კი ზრდის სექსის დროს მიღებული სიამოვნების ხარისხს. 

არსებობს როგორც ქალის, ისე კაცის კონდომები.

 

მნიშვნელოვანია გამოყენების წინ ინსტრუქციას გაეცნო და ზედმიწევნით მიყვე წესებს, რათა პროდუქტმა მაქსიმალურად დაგიცვათ.

დიაფრაგმა და ე.წ. ქუდი

დიაფრაგმა და ე.წ. ქუდი (კონტრაცეპტული მოწყობილობა, რომელიც სექსამდე ყოველ ჯერზე ვაგინაში იდგმება) არ არის რეკომენდირებული იმ ქალებისთვის, რომლებსაც აივ ინფექცია აქვთ, რადგან ეს მეთოდები, როგორც წესი, სპერმიციდებთან კომბინაციაში გამოიყენება. სპერმიციდი ნივთიერებაა, რომელმაც შესაძლოა გაღიზიანება, გენიტალური წყლულები და დაზიანებები გამოიწვიოს. შესაძლოა თავის დროზე ვერც კი შეამჩნიო, რომ წყლულები და დაზიანებები გაქვს, რაც ზრდის აივ ინფექციის აივ-ნეგატიური სტატუსის მატარებელი პარტნიორისთვის გადაცემის რისკს. 

გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდები

შეიძლება მოხდეს ისე, რომ შენმა არჩეულმა კონტრაცეფციის მეთოდმა არ გაჭრას - ჩასახვის საწინააღმდეგო აბის მიღება დაგავიწყდეს, ან კონდომი გაიხეს. ხანდახან სექსი ისეთ დროს შეიძლება გქონდეს, როდესაც კონტრაცეფციას არ ხმარობ.

გადაუდებელი კონტრაცეფციის მიღება დაუცველი სექსის შემდეგ შეგიძლია, იმისთვის, რომ არასასურველი ორსულობა აირიდო თავიდან. გადაუდებელი კონტრაცეფცია უკვე შემდგარ ორსულობას ვერ შეაჩერებს (ამას აბორტი ეწოდება), შესაბამისად, აბორტისთვის ვერ გამოიყენებ. გადაუდებელი კონტრაცეფციის ორი მეთოდი არსებობს.

პირველია გადაუდებელი კონტრაცეფციის აბი, ხშირად მეორე დღეს დასალევ აბსაც უწოდებენ. მისი მიღება დაუცველი სექსიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს - სასურველია პირველი 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ეფექტური იქნება 72 საათის განმავლობაშიც (პირველი სამი დღე დაუცველი სექსიდან).

თუ აივ მკურნალობას გადიხარ, აუცილებლად უთხარი იმ ადამიანს, ვისგანაც გადაუდებელი კონტრაცეფციის აბს იღებ. ზოგიერთი ანტი-აივ წამალი ხელს უშლის აბის ეფექტურად მუშაობას.

თუ ერთ, ან რამდენიმე ანტი-აივ წამალს იღებ, მაშინ გადაუდებელი კონტრაცეფციის აბის ნორმალურზე ორჯერ მაღალი დოზა დაგჭირდება.

მეორე მეთოდია საშვილოსნოსშიდა სპილენძის სპირალი, რომელიც ბევრად უფრო სანდო მეთოდია, განსაკუთრებით, თუ აივ მკურნალობის კურსს გადიხარ. ეს იგივე მოწყობილობაა, რომელიც ჩვეულებრივი კონტრაცეფციის მეთოდად გამოიყენება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაუდებელ კონტრაცეფციად იმუშაოს, საჭიროა საშვილოსნოში დაუცველი სექსიდან, ან ოვულაციიდან ხუთი დღის ვადაში მოთავსდეს. მისი ამოღება შემდეგი მენსტრუაციის შემდეგ შეგეძლება, ან შეგიძლია დაიტოვო, რათა მომავალშიც დაგიცვას არასასურველი ორსულობისგან. 

bottom of page