top of page

მითები.

მითები

აივსა და შიდსთან დაკავშირებით ბევრი არასწორი შეხედულება არსებობს.

 

მითი №1. აივი ადამიანის შექმნილია (აივი ადამიანებმა შექმნეს განვითარებადი ქვეყნების მცხოვრებლებზე ექსპერიმენტების ჩატარების მიზნით).

ფაქტი: აივი იმ ვირუსს ენათესავება, რომელიც მაიმუნებს ახასიათებთ. ადამიანებში იგი 1950 წლიდანაა გავრცელებული.

მეცნიერებს სჯერათ, რომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მაიმუნებზე ნადირობისას გადავიდა, როდესაც მაიმუნის სისხლი ადამიანის სისხლს შეერია.

 

მითი №2. აივი შეიძლება გადავიდეს ყოველდღიური სოციალური ურთიერთობების, ან საზიარო საოჯახო ნივთების გამოყენებით.

ფაქტი: აივის გადაცემა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ერთი ადამიანის სხეულის სითხეები (მაგალითად სისხლი, სპერმა, ან ვაგინალური გამონადენი, მაგრამ არა ნერწყვი) მეორე ადამიანის ორგანიზმში ხვდება.

ვირუსი არ გადადის ჩახუტებით, ან საუბრით, არც პიროვნების ჩანგლის, ჭიქის, თეფშის, პირსახოცის, ან სააბაზანო ოთახის გამოყენებით, შესაბამისად, ამ სიტუაციებში ვირუსის გადადების რისკი არ არსებობს.

მითი №3. აივ-დადებითი ადამიანები ინფექციას ყოველ ჯერზე ავრცელებენ, როდესაც სექსი აქვთ.

ფაქტი: თუ აქტის დროს კონდომს სწორად იყენებ, აივის გადაცემის რისკი საკმაოდ დაბალია. თუ აივ-დადებითი ადამიანი ამ დროს ვირუსის სამკურნალო კურსს გადის, რისკი კიდევ უფრო ეცემა. უახლესი სამეცნიერო კვლევები მოწმობს, რომ აივის გადაცემის რისკი თითქმის ნულს უტოლდება, როდესაც აივ დადებითი ადამიანი სწორად და თანმიმდევრულად გადის აივის სამკურნალო კურსს და როდესაც ვირუსის დონე სისხლში დაუდგენელი ხდება.

მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხე სტატია დაუდგენელი=დაცული (დ=დ)

 

მითი №4. ანტი აივ წამლების კურსი მხოლოდ მაშინ უნდა გაიარო, როდესაც თავს ავად გრძნობ.

ფაქტი: უკეთესია, თუ მკურნალობას რაც შეიძლება სწრაფად დაიწყებ. 

სამკურნალო კურსის გარეშე, ვირუსი ჩუმად აზიანებს იმუნურ სისტემას (ორგანიზმის დამცველ მექანიზმს) და ზოგი დაზიანების აღდგენა შეუძლებელი ხდება. თუ მკურნალობას მანამ დაიწყებ, სანამ შენ იმუნიტეტს სერიოზული ზიანი მიადგება, შეძლებ მომავალი ავადმყოფობების თავიდან აცილებას. 

 

მითი №5. ანტი-აივ წამლები უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე კარგის.

ფაქტი: ანტი-აივ წამლების გარეშე ბევრი აივ-დადებითი ადამიანი სერიოზულად ავადდება, უვითარდებათ შიდსი და ადრეულ ასაკში იღუპებიან.

აივის მკურნალობის კურსი ადამიანებს საშუალებას აძლევს გრძელი და ჯანმრთელი ცხოვრება ჰქონდეთ. გვერდითი მოვლენების უმეტესობა რამდენიმე კვირაში ქრება და გრძელვადიანი გავლენა არ აქვს. ადამიანები, რომლებიც აივ-მკურნალობის კურსს გადიან, მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ჰყავთ ექიმებს, რათა ჯანმრთელობის არცერთი პრობლემა ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

 

მითი №6. აივ მკურნალობას საშინელი გვერდითი მოვლენები აქვს.

ფაქტი: დღესდღეობით, აივის სამკურნალო მედიკამენტებს უფრო და უფრო მცირე გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე წარსულში.

გვერდითი მოვლენების უმეტესობა მანამ ხდება, სანამ ორგანიზმი ახალ წამალს ეჩვევა და რამდენიმე კვირის შემდეგ ქრება. მძიმე, გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათია, მაგრამ თუ ერთმა წამალმა მაინც გამოიწვია პრობლემები, ექიმს მისი სხვა წამლით ჩანაცვლება შეუძლია.

 

მითი №7. აივი განკურნებადია.

ფაქტი: მეცნიერების დაუღალავი შრომის მიუხედავად, აივის განკურნება ჯერ კიდევ შეუძლებელია.

აივის მკურნალობის კურსს შეუძლია ორგანიზმი ვირუსის ძირითადი ნაწილისგან გაათავისუფლოს, მაგრამ ინფექცია ბოლომდე ვერ გაქრება და სხეულის ზოგიერთ ორგანოში მაინც იარსებებს (მაგ: ნაწლავებში). თუ მკურნალობის კურსს გაწყვეტ, აივი მთელ სხეულში განაგრძობს გამრავლებას.

მითი №8. ბალახეული და საკვები დანამატი ისეთივე ეფექტურია, როგორც აივის სამკურნალო წამლები.

ფაქტი: ზოგიერთი ბალახი და საკვები დანამატი მართლაც შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგადი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ აივ ინფექციის პრევენციას ვერცერთი ვერ მოახდენს და შესაძლოა ვირუსმა ახალი უჯრედები დააავადოს.

მხოლოდ ანტი-აივ წამლებს აქვთ სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული ეფექტი ინფექციის პრევენციისთვის. მხოლოდ მათ შეუძლიათ ვირუსს ხელი შეუშალონ, რომ ორგანიზმში არ გამრავლდეს. ამასთან, ზოგიერთი ბალახეული დანამატი ანტი-აივ მედიკამენტებს ეფექტურად მუშაობაში უშლის ხელს - ისინი ამცირებენ სისხლში მედიკამენტების საჭირო დოზას, რაც წამალს ნაკლებ-ეფექტურს ხდის ვირუსთან საბრძოლველად.

 

მითი №9. აივის განკურნებისთვის წამალი არსებობს, მაგრამ მას არ ამჟღავნებენ, რათა ფარმაცეპტულმა კომპანიებმა მეტი მოგება ნახონ მკურნალობით.

ფაქტი: მეცნიერებსა და ფარმაცეპტულ კომპანიებს ასეთი წამლისთვის ჯერ არ მიუკვლევიათ.

ანტი-აივ წამლებზე ბევრი ფარმაცეპტული კომპანია მუშაობს, ამიტომ ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია. თუ ერთი მათგანი მაინც დაიწყებს განკურნებისთვის საჭირო მედიკამენტების გაყიდვას, კონკურენტებზე ბევრად მეტ მოგებას ნახავს. კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება. 

bottom of page