რა არის პრეპ-ი და ვინ არის
პრეპის სამიზნე ჯგუფი?
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
პრეპის მიზანი;
-
სამიზნე ჯგუფი;
-
რა მედიკამენტი გამოიყენება პრეპის დროს?
-
ტრუვადას მოქმედების მექანიზმი;
-
პრეპის ახალი ფორმულა;
პრეპი/PreP პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა არის აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდი აივ ინფექციის არ მქონე პირისთვის, რომელსაც აქვს მაღალი სარისკო ქცევა ან არის აივ პოზიტიური პირის (ვირუსული სუპრესიის გარეშე) სქესობრივი პარტნიორი.
მეთოდი საკმაოდ მარტივია - აივ ნეგატიური პირი იღებს ანტირეტროვირუსულ (არვ) მედიკამენტს ინფექციისგან დაცვის მიზნით.
ყოველდღიურად დღეში 1 აბის მიღების შემთხვევაში პრეპი აივ ინფექციისგან იცავს 99%-მდე. ტაბლეტის მიღება ხდება იმისდამიუხედავად, ჰქონდა თუ არა ადამიანს იმ დღეს სარისკო ქცევა.
პრეპი აღიარებულ იქნა აშშ-ში აივ პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციის მეთოდად 2012 წლიდან, ამასთანავე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებიც მოიცავს პრეპს, როგორც ძირითად რეკომენდაციას აივ-ის ეპიდემიასთან საბრძოლველად.
პრეპის მიზანი
პრეპის ძირითადი მიზანია აივ ინფექციის პრევენცია აივ ნეგატიურ პირებში.
პრეპის საბოლოო მიზანს წარმოადგენს აივ ინფექციის გავრცელების დონის შემცირება ქვეყანაში და შედეგად აივ-ით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და მასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირება, როგორც ადამიანისათვის, ისე საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.
სამიზნე ჯგუფი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პრეპ-ის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სრულწლოვანი, აივ ნეგატიური სტატუსის მქონე მამაკაცები, რომელებსაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან და ტრანსგენდერი ქალები, მათ შორის, შემდეგი კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი პოპულაცია
- გეი მამაკაცები;
- ბისექსუალი მამაკაცები;
- კომერციული სექს მუშაკი მამაკაცები;
- კომერციული სექს მუშაკი ტრანსგენდერი ქალები;
- გეი დისკორდანტული წყვილები;
- კომერციული სექს მუშაკი მამაკაცებისა და ტრანსგენდერი ქალების კლიენტები;
- ინექციური და სხვა სახის ნარკოტიკების მომხმარებელი მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან.
რა მედიკამენტი გამოიყენება პრეპის დროს?
ეს არის ტრუვადა, რომელიც შეიცავს 2 აქტიურ ნივთიერებას
ემტრიციტაბინი და ტენოფოვირ-დისოპროქსილი (Tenofovir-DF და FTC). ტრუვადა მედიკამენტის სავაჭრო დასახელებაა. მოზრდილი ადამიანის სტანდარტული დოზა მოიცავს 1 ტაბლეტს დღიურად (შეიცავს 245 მგ tenofovir DF + 200 მგ FTC).
ტრუვადა ასევე გამოიყენება აივ ინფიცირებული მოზრდილი პირების სამკურნალოდაც სხვადასხვა რეჟიმის სახით. გარდა ამისა, ტრუვადას ნიშნავენ 12 წლიდან იმ მოზარდებისთვის, ვინც რეზისტენტულია აივ-ის პირველი რიგის არვ მედიკამენტების მიმართ ან ვერ იღებს სხვა მედიკამენტებს გვერდითი ეფექტის გამო.
ტენოფოვირი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი პერიოდულად განხორციელდეს ექიმის მიერ. ასევე საყურადღებოა, რომ ტენოფოვირთან ერთად არ იყოს დანიშნული სხვა მედიკამენტები, რომელთაც თირკმელებზე ტოქსიური ზემოქმედება გააჩნიათ.
ტრუვადას მოქმედების მექანიზმი:
ექსპერტების აზრით, აივ-თან კონტაქტისას ტრუვადა ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას შეჭრის ადგილზევე და მის შემდგომ გავრცელებას.
ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პრეპს იღებს, ამბობს, რომ ახლა უკვე შეუძლიათ ჰქონდეთ სექსი შიშის გარეშე.
უმეტესობა კლინიკური კვლევების (მათ შორის დიდი ბრიტანეთის UK PROUD study) შედეგად დადგინდა, რომ პრეპის ყოველდღიური მიღებით და დოზების არ გამოტოვებით, აივ-ის გადაცემის რისკი შემცირდა 100%-ით გეი წყვილებსა და ტრასნგენდერებს შორის.
პრეპის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის სპეციფიურ საჭიროებებსა და ქცევებზე, შესაბამისად ის უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.
პრეპის სხვა სახეები:
პრეპის მიღების სხვა მეთოდებიც არსებობს - ამ დროს პრეპს იღებენ სქესობრივი კავშირის წინ და შემდეგ. ეს იგივე event based dosing (EBD)-ია. ეს მეთოდი საქართველოში ჯერ დანერგილი არ არის.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პრეპის ამ მეთოდის შესწავლა კლინიკური კვლევებით. ერთ-ერთ კვლევაში (სახელწოდებით IPERGAY) ჩართული მონაწილეები იღებენ პრეპს ორჯერ: 1) ორმაგ დოზას 2 - 24-საათით ადრე სქესობრივ კავშირამდე და 2) ორმაგ დოზას სექსის შემდგომ 24 – 48 საათის განმავლობაში პირველი დოზის შემდეგ.
მიჩნეულია, რომ ეს მეთოდი EBD აივ ინფექციის პრევენციას ახორციელებს მხოლოდ ანალური სქესობრივი კავშირის დროს, ხოლო პრეპის ყოველღიურად მიღება იცავს როგორც ანალური, ასევე ვაგინალური კონტაქტის დროს.
პრეპის ახალი ფორმულა
2019 წლის აივ/შიდსის საერთაშორისო კონფერენციაზე (CROI) წარმოდგენილ იქნა ახალი კვლევის (DISCOVER) შედეგები. კლინიკური კვლევის ფარგლებში შეფასებულ იქნა პრეპის ახალი მოლეკულის F/TAF-ის (emtricitabine and tenofovir alafenamide) ეფექტურობა და უსაფრთხოება. ეს მედიკამენტი ახლახანს იქნა აღიარებული FDA-ის მიერ, როგორც აივ-ის ახალი სამკურნალო მედიკამენტი, სახელწოდებით Descovy.
ახალი პრეპის, Descovy-ის მოქმედების მექანიზმი შედარდა უკვე არსებულ პრეპთან Truvada (FTC და Tenofovir-DF). კვლევის ფარგლებში ორივე მედიკამენტის ეფექტურობა შესწავლილ იქნა 5,387 გეი, ბისექსუალ და სხვა მამაკაცებში, ვისაც სექსი აქვთ მამაკაცებთან და ტრანსგენდერ ქალებში ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის 11 ქვეყანაში. კვლევამ დაადგინა, რომ Descovy-ს გააჩნია საუკეთესო მაჩვენებლები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და არის ისეთივე ეფექტური, როგორც Truvada.
მომდევნო წლებში მოხდება პრეპის მეორე მედიკამენტების აქტიური დანერგვა პრეპის არსებულ და ახალ პროგრამებში.
დღეს პროგრამაში ჩართვა უფასო, კონფიდენციალური და ანონიმურია. პროგრამაში ჩართვისთვის არსად არ მოგეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
დამატებითი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისს.
მისამართი: უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19 თბილისი.
ელ. ფოსტა: prep@equality.ge
ტელეფონი: 0790 980 680