top of page

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები
B ჰეპატიტის შესახებ
ინფორმაცია პაციენტებისთვის

  • ვირუსული ჰეპატიტები: A, B, C, D ჰეპატიტები;

  • შეიძლება თუ არა ერთდროულად მქონდეს რამდენიმე ტიპის ჰეპატიტი?

  • რა შემთხვევაში ვითარდება B ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა?

  • იკურნება თუ არა B ჰეპატიტი?

  • ორსულობა და B ჰეპატიტი;

  • რა არის B ჰეპატიტის პოსტ-ექსპოზიციური მკურნალობა?

  • სისხლისა და სხვა ბიოლოგიური მასალის დონაცია და B ჰეპატიტი;

  • B ჰეპატიტით ინფიცირება/რეინფიცირება;

  • შეიძლება თუ არა დავკარგო სამსახური B ჰეპატიტის გამო?

რა არის B ჰეპატიტი?

B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს.
ინფექციას იწვევს B ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც აზიანებს ღვიძლის უჯრედებს - ჰეპატოციტებს და იწვევს ღვიძლის ანთებას.

რა არის D ჰეპატიტი?

ეს არის ღვიძლის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია D ჰეპატიტის ვირუსით (HDV) B ჰეპატიტის ვირუსის ფონზე. ეს არის სუპერინფექცია. ცალკე D ჰეპატიტი B ჰეპატიტის გარეშე არ არსებობს. ორივე ჰეპატიტი ერთად განაპირობებს ღვიძლის მძიმე დაზიანებას სწრაფი პროგრესირების ფონზე. გადაცემის გზები ზუსტად იგივე აქვს, რაც B ჰეპატიტს. არსებობს მისი მწვავე და ქრონიკული ფორმები.

ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულთა დაახლოებით 5%-ს
აქვს D ჰეპატიტი
.

D ჰეპატიტის წინააღმდეგ თავდაცვა შესაძლებელია მხოლოდ B ჰეპატიტის ვაქცინაციით.

რითი განსხვავდება ვირუსული ჰეპატიტები A, B, და C ერთმანეთისგან?

სამივე ტიპის ჰეპატიტს იწვევს სამი სხვადასხვა ტიპის ვირუსი. ვირუსული ჰეპატიტები ერთმანეთს ჰგვანან კლინიკური 

სიმპტომებით, თუმცა გადაცემის გზები განსხვავებულია და ღვიძლზეც განსხვავებულად ზემოქმედებენ. 


A ჰეპატიტი (ანუ ბოტკინის დაავადება) არსებობს მხოლოდ მწვავე ფორმით და არასდროს გადადის ქრონიკულ ფორმაში. ადამიანი ინფიცირდება ვირუსით დაბინძურებული წყლისა და საკვების მიღების დროს. A ჰეპატიტისგან განკურნება ადვილად ხდება. B და C ჰეპატიტები გადაეცემა ძირითადად სისხლის გზით. C ჰეპატიტის ვირუსი შემთხვევათა 90%-ში რჩება სისხლში, ვითარდება ჰეპატიტის
ქრონიკული ფორმა, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და განაპირობებს ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებს მრავალი წლის შემდეგ. B ჰეპატიტით ვირუსით ინფიცირებული მოზრდილების 5%-ზე ნაკლებს უვითარდება ქრონიკული ინფექცია. არსებობს პროფილაქტიკური აცრები A და B ჰეპატიტის წინააღმდეგ, თუმცა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არსებობს.

შეიძლება თუ არა ერთდროულად მქონდეს რამდენიმე ტიპის ჰეპატიტი?

შესაძლებელია ერთდროულად არსებობდეს B და C ჰეპატიტი, ან B, C და D ჰეპატიტი. მსგავს შემთხვევებს ექიმები კო-ინფექციებს უწოდებენ. კო-ინფექციების დროს გაცილებით იზრდება ღვიძლის დაზიანების ხარისხი, მეტი რისკი არსებობს ღვიძლის ციროზის ან კიბოს განვითარებისთვის. ამიტომაც, საჭიროა გამოკვლევების და მკურნალობის დროული ჩატარება.

 

რა შემთხვევაში ვითარდება B ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა?

B ჰეპატიტის ქრონიკულ ფორმაში გადასვლის რისკი დამოკიდებულია, თუ რა ასაკში მოხდა ადამიანის ინფიცირება. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გაცილებით მაღალია რისკი, B ჰეპატიტის მწვავე ფორმა გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში.


ახალშობილები და ბავშვები:


• ინფიცირებული ახალშობილების 80–90%-ს უვითარდება ქრონიკული B ჰეპატიტი;

 

• 6 წლამდე ასაკის ინფიცირებული ბავშვების 30–50%-ს უვითარდება
ქრონიკული B ჰეპატიტი;


მოზრდილები:


• მოზრდილთა 5%-ს (რომელთაცჯანმრთელობის მხრივ სხვა პრობლემები არ აქვთ) უვითარდებათ ქრონიკული B ჰეპატიტი (დანარჩენი შემთხვევები თვითგანკურნებადია);


• ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულ მოზრდილთა 20–30% უვითარდება ღვიძლის ციროზი და/ან ღვიძლის კიბო.

იკურნება თუ არა B ჰეპატიტი?

სპეცფიკური ანტივირუსული მკურნალობა მწვავე B ჰეპატიტის დროს არ ტარდება, ინიშნება მხოლოდ სიმპტომური და 

დეზინტოქსიკაციური თერაპია, რომლის მიზანიც არის ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნა, ადეკვატური კვების ბალანსის შენარჩუნება ღებინების და/ან დიარეის დროს სითხის დაკარგვის/ორგანიზმის გაუწყლოების პრევენციის მიზნით. 


ქრონიკული B ჰეპატიტის დროს მკურნალობის დაწყება  დამოკიდებულია ღვიძლის დაზიანების ხარისხზე და სისხლში ვირუსულ დატვირთვაზე. ამ შემთხვევაში ინიშნება ანტივირუსული მკურნალობა, რომლის მიზანია ვირუსის გამრავლების  შეფერხება,ღვიძლის დაზიანების პრევენცია და სიცოცხლის
გახანგრძლივება. ანტივირუსული პრეპარატები ინიშნება როგორც ერთეული, ისე კომბინირებული რეჟიმების სახით. ინფიცირებულთა უმეტესობას არ უვითარდება ღვიძლის მძიმე დაზიანება. შემთხვევათა 20%-ში (10-20 წლიან პერიოდში) ვითარდება ღვიძლის ციროზი.

თუკი დიდი ხნის განმავლობაში არ ხდება მკურნალობის დაწყება,
მოსალოდნელია ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ციროზის ან ღვიძლის კიბოს (ჰეპატოცელულარული კარცინომა) განვითარება. შესაძლოა დადგეს ღვიძლის გადანერგვის (ტრანსპლანტაცია) აუცილებლობა ან დაავადება გარდაცვალებით დასრულდეს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ქრონიკული B
ჰეპატიტის სამკურნალოდ მოწოდებულია ტენოფოვირი ან ენტეკავირი
(Tenofovir or Entecavir). სხვა მედიკამენტებთან შედარებით, ნაკლებია მათ მიმართ რეზისტენტობის განვითარების ალბათობა. ამ მედიკამენტების მიღება მარტივია (1 ტაბლეტი დღეში ერთხელ) და აღინიშნება მცირე გვერდითი მოვლენები.


შემთხვევათა უმრავლესობაში, ანტივირუსული მედიკამენტებით ვერ ხერხდება B ჰეპატიტის ვირუსისგან სრულად განკურნება და ფერხდება მხოლოდ ვირუსის გამრავლება. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მკურნალობის გაგრძელება სიცოცხლის ბოლომდე.

შესაძლებელია თუ არა B ჰეპატიტით ინფიცირებულ ქალს ეყოლოს ჯანმრთელი შვილი?

რა თქმა უნდა შესაძლებელია. დედისგან ბავშვის ინფიცირება
იშვიათია - (100-დან დაახლოებით 3-6 შემთხვევაში). ამ დროს
რეკომენდირებულია ფიზიოლოგიური მშობიარობა. კვეთა
როდესაც ორსულს სისხლში აღენიშნება HBeAg და მაღალი
ვირუსული დატვირთვაა. ორსულის მკურნალობა მიზანსეწონილია
ფეხმძიმობის 24-28 კვირიდან (ტენოფოვირი).


მშობიარობის შემდეგ არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების აკრძალვა (თუ ძუძუს დვრილები არ არის დახეთქილი და სისხლმდენი). დედის რძით B ჰეპატიტის ვირუსი არ გადაეცემა ახალშობილს.

B ჰეპატიტის ვირუსით ინფექციის პრევენციის მიზნით, დაბადებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში ახალშობილის უკეთდება B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი და უტარდებათ ვაქცინაციის სრული კურსი (მაშინ როდესაც არაინფიცირებული დედების ახალშობილებს უტარდებათ
მხოლოდ ვაქცინაცია). 


ასეთ დროს ექიმი დედას ურჩევს, ჩაუტაროს ბავშვს ტესტირება HbsAg-ზე და anti- HBs-ზე 9-15 თვის ასაკში. ახალშობილის დედამ ზუსტად უნდა იცოდეს ვირუსის გადაცემის და პრევენციის გზები. უნდა მოხდეს ოჯახის წევრების სკრინინგი B ჰეპატიტის ვირუსზე და საჭიროებისამებრ მათი ვაქცინაცია.

შეიძლება თუ არა დაორსულება, თუკი მამაკაცი
ინფიცირებულია B ჰეპატიტით? 

კი შესაძლებელია, რადგან ინფიცირებული მამისგან ნაყოფზე B ჰეპატიტის ვირუსი არ ვრცელდება (თუ დედა არ არის

ინფიცირებული).  დაორსულება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც მამაკაცი B ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობას იტარებს.

 

რა არის B ჰეპატიტის პოსტ-ექსპოზიციური მკურნალობა?

სარისკო ქცევის (ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტი, ინფიცირებულ პირთან შპრიცის გაზიარება ან დაუცველი სქესობრივი კავშირი) შემთხვევაში, თუ ინდივიდი არ არის B ჰეპატიტზე ვაქცინირებული, საჭიროა ჩატარდეს B ჰეპატიტის პოსტ-ექსპოზიციური მკურნალობა. ექსპოზირებიდან 12 საათის განმავლობაში ექსპოზირებულ პირს უნდა გაუკეთდეს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი. იმუნოგლობულინი წარმოადგენს ვირუსისგან დაცვის ხანმოკლე საშუალებას; ვირუსისგან ხანგრძლივად დასაცავად საჭიროა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

 

შემიძლია თუ არა ჩავაბარო სისხლი, ან გავხდე ორგანოს ან სპერმის დონორი, თუ მაქვს B ჰეპატიტი?

არ შეგიძლიათ. B ჰეპატიტის დიაგნოზის შემთხვევაში, ინფექციის გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდირებული სისხლის, ორგანოს ან სპერმის დონაცია.

ერთი კვირის წინ გავიკეთე ტატუირება, არ ვარ
დარწმუნებული რომ იარაღები სტერილური იყო. როდის შეიძლება ჩავიტარო გამოკვლევა B ჰეპატიტზე? 

უმჯობესია სწრაფი ტესტი HBsAg-ზე ჩაიტაროთ დაახლოებით 4 კვირის შემდეგ.   

შეიძლება თუ არა B ჰეპატიტის მქონე ადამიანი გადამდები იყოს, თუკი მას კლინიკურად არაფერი აღენიშნება დაჯანმრთელად გამოიყურება?

შეიძლება. B ჰეპატიტის მქონე ადამიანი გადამდებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაავადება კლინიკურად არ არის გამოხატული. 

ექიმმა მითხრა, რომ გადატანილი მაქვს B ჰეპატიტი, შეიძლებარომ ისევ დავინფიცირდე B ჰეპატიტის ვირუსით?

გამოჯანმრთელებული პაციენტების B ჰეპატიტით ვირუსით რეინფექციის (განმეორებით ინფიცირების) საშიშროება არ არსებობს.

შეიძლება თუ არა დავკარგო სამსახური B ჰეპატიტის გამო?

საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზის გამო ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლება დაუშვებელია (გამონაკლისს წარმოადგენენ სამხედრო პირები და სამედიცინო პერსონალი, რადგან არსებობს სისხლის გზით სხვა პირების ინფიცირების პოტენციური საფრთხე).

bottom of page