top of page

პრეპი და პეპი.

პრეპი - პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა:

  • რა არის პრეპი?

  • რატომ უნდა მივიღო პრეპი?

  • უსაფრთხოა პრეპი?

  • თუ პრეპს ვიღებ, შემიძლია კონდომი აღარ გამოვიყენო?

  • რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მივიღო პრეპი?

  • რამდენი ხანი უნდა ვსვა პრეპი იმისთვის, რომ ეფექტური იყოს?

პეპი - პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა:

  • რა არის პეპი?

  • როგორ მივიღო პეპი?

  • ტესტირება პეპის შემდეგ

პრეპი - პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა

რა არის პრეპი?

პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (პრეპი) არის, როდესაც აივის გადადების მაღალი რისკის მქონე ადამიანები ყოველდღიურად სვამენ შესაბამის წამლებს ინფექციის გადადების რისკის შესამცირებლად. ყოველდღიური მოხმარებისთვის ორი წამლის (ტენოფოვირი და ემტრიციტაბინი) კომბინაციაა მიღებული. პრეპი აივ ნეგატიური სტატუსის მქონე ადამიანს ეხმარება, რომ ვირუსი არ გადაედოს სექსუალური, ან ინექციური ნარკომომხმარებელი პარტნიორისგან, რომელსაც დადებითი სტატუსი აქვს. კვლევები ამტკიცებს, რომ პრეპი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა აივის თავიდან ასაცილებლად თუ მას ექიმის დანიშნულების მიხედვით მოიხმარენ. მეორე მხრივ, იგი ნაკლებად ეფექტურია, თუ მას მუდმივად არ იყენებენ.

რატომ უნდა მივიღო პრეპი?

მათთვის, ვინც აივის გადადების მაღალი რისკის ქვეშაა, პრეპის ყოველდღიურ გამოყენებას ამ რისკის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. ყოველდღიური მიღებით, პრეპი აივის სექსუალურ გზით გადადებას 90%-ით, ხოლო ინექციით - 70%-ით ამცირებს. სხვა თავდაცვის საშუალებებტან კომბინაციაში, რისკის კიდევ უფრო მეტად შემცირება შეგიძლია.

უსაფრთხოა პრეპი?

ზოგჯერ, პრეპი გულის რევის შეგრძნებას იწვევს, მაგრამ ეს გვერდითი მოვლენა მალევე ქრება. პრეპს სერიოზული, ან სიცოცხლისთვის საზიანო გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება. თუ იღებ პრეპს და გვერდითი მოვლენები დროთა განმავლობაში ძლიერდება, ან არ ქრება, აუცილებლად გაესაუბრე ექიმს, ან კვალიფიციურ ჯანდაცვის პროფესიონალს.

თუ პრეპს ვიღებ, შემიძლია კონდომი აღარ გამოვიყენო?

არა, კონდომის ხმარება არ შეწყვიტო მხოლოდ იმიტომ, რომ პრეპს ხმარობ. პრეპი ვერ დაგეხმარება სხვა სგგისგან თავის არიდებაში, როგორებიცაა გონორეა და ქლამიდია. გაითვალისწინე ისიც, რომ პრეპთან კომბინაციაში, კონდომი აივ ინფექციისგან დამატებით გიცავს.

თუ ყოველ ჯერზე სწორად გამოიყენებ, კონდომი საკმაოდ მაღალი ეფექტურობით დაგიცავს აივისა და სხვა სგგისგან, რომლებიც სხეული სითხეებით ვრცელდება (მაგ: გონორეა და ქლამიდია). მაგრამ, იგი ნაკლებ ეფექტურია კანიდან კანზე კონტაქტით გარდამავალი ინფექციების პრევენციისთვის, როგორებიცაა ადამიანის პაპილომა ვირუსი, ან გენიტალური მეჭეჭები, გენიტალური ჰერპესი და სიფილისი.

რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მივიღო პრეპი?

იმისთვის, რომ იმუშაოს, პრეპის მიღება ყოველდღიურადაა საჭირო, მაგრამ ადამიანები მის დალევას სხვა და სხვა მიზეზით მაინც წყვეტენ. კერძოდ:

  • თუ აივ ინფექციის გადადების რისკი ცხოვრების სტილის შეცვლის გამო შეგიმცირდა, შეგიძლია პრეპის მიღება შეწყვიტო.

  • თუ არ გინდა აბის ყოველდღიური მიღება, ან ხშირად გავიწყდება მისი დალევა, არსებობს სხვა გზები, რომლებიც შენი ცხოვრების სტილს უკეთესად მოერგება.

  • თუ წამლისგან გვერდითი მოვლენები გაგივითარდა, რომლებიც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ხელს უშლის, ან თუ სისხლის ანალიზებში ჩანს, რომ შენ სხეულს პრეპზე ნეგატიური რეაქცია აქვს, მაშინ მკურნალმა ექიმმა პრეპი აღარ უნდა დაგინიშნოს.

რამდენი ხანი უნდა ვსვა პრეპი იმისთვის, რომ ეფექტური იყოს?

ყოველდღიური მიღების შემთხვევაში, პრეპი უსაფრთხო და ეფექტური წამალია აივ ინფექციის პრევენციისთვის. იგი აივისგან დაცვის მაქსიმუმ უნარს ყოველდღიური გამოყენებიდან 7 დღეში აღწევს ანალური სექსისი მიმღები პარტნიორისთვის.

პეპი - პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა

რა არის პეპი?

პეპი გადაუდებელი მკურნალობის ფორმაა, რომელსაც პრევენციის მიზნით იღებენ აივ ინფექციასთან კონტაქში მოსვლის შემდეგ. პეპს, პრეპისგან განსხვავებით, ინფექციასთან შეხების შემდეგ იღებენე და გრძელვადიან მოხმარებაზე არ არის გათვლილი.

როგორ მივიღო პეპი?

  • პეპი ყველაზე ეფექტურია აივის პრევენციისთვის, თუ ვირუსთან კონტაქტში მოსვლიდან 24 საათის განმავლობაში მიიღებ. პეპის მიღება პირველი 72 საათის შემდეგ აღარ შეიძლება. 

  • პეპს იღებენ 4 კვირის განმავლობაში.

  • პეპი ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს უნდა დალიო.

 

 

ტესტირება პეპის შემდეგ

  • პეპის მიღების შემდეგ ტესტირება აუცილებელია, რათა შეამოწმო რამდენად წარმატებულად ჩაიარა მკურნალობამ.

  • ტესტირება აუცილებელია აივთან პოტენციური შეხებიდან 3 და შემდეგ 6 თვის შემდეგ.

bottom of page