ორსულობა და მშობიარობა.
-
შვილის ყოლა, როდესაც აივ ინფექციით ცხოვრობ
-
როგორ მოხდება ნაყოფის ჩასახვა, თუ ერთი ჩვენგანი აივ-დადებითია, ხოლო პარტნიორს ინფექცია არ აქვს?
-
აივ ინფექციის მკურნალობა ორსულობის დროს
-
ჩვილის მკურნალობა
-
ჩვილის გამოკვება
შვილის ყოლა, როდესაც აივ ინფექციით ცხოვრობ
-
აივ დადებით ადამიანს შვილის გაჩენა ისე შეუძლია, რომ ახალშობილს აივ ინფექცია არ გადასდოს.
-
კონტრაცეფციის არჩევანი დამოკიდებულია შენს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პარტნიორის აივ სტატუსზე.
-
თუ აივ მკურნალობის კურსს უკვე არ გადიხარ, ექიმი რეკომენდაციას გაგიწევს, რომ ორსულობის განმავლობაში მკურნალობა დაიწყო.
-
აივ ინფექციის დონემ სისხლში შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩასახვისა და მშობიარობის ვარიანტებზე.
სავსებით შესაძლებელია, რომ აივ-დადებითმა ადამიანმა აივ-უარყოფითი შვილი გააჩინოს. რჩევების უმეტესობა, რომელსაც ექიმები აივ ინფექციის მატარებელ ადამიანს აძლევენ იგივეა, რასაც ყველა სხვა ადამიანს ურჩევენ, ვინც მშობლობა გადაწყვიტა. თუმცა, ამასთან რამდენიმე დამატებითი ნაბიჯის გავლაა საჭირო იმისთვის, რომ აივის გადაცემის რისკი შემცირდეს.
როდესაც ადამიანი აივ ინფექციის მკურნალობის კურსს გადის და ამავე დროს სისხლში დაუდგენელი რაოდენობის ვირუსი აქვს, ჩვილისთვის ინფექციის გადაცემის რისკი მხოლოდ 0.1%, ანუ ათასში ერთია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში აივის დედიდან შვილზე გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყველა ჩვილი, რომელიც აივ-დადებით დედებს გაუჩნდა ჯანმრთელია.
როდესაც ფიქრს ვიწყებთ ჩასახვაზე, ექიმის რეკომენდაცია პიროვნების ინდივიდუალურ სიტუაციაზე დაყრდნობით უნდა გაიცეს: როგორია ზოგადი ჯანმრთელობა? იღებ აივის სამკურნალო წამლებს? როგორია ინფექციის დონე სისხლში? შენი პარტნიორი აივ-დადებითია?
თუ აივ ინფექციის მკურნალობის კურსს უკვე არ გადიხარ, უკეთესი იქნება, რომ დაიწყო. ორსულობისა და მშობიარობის დროს ინფექციის გადაცემის რისკი არსებობს, ხოლო სისხლში ვირუსის დაუდგენელი რაოდენობა ამ რისკს შეამცირებს.
თუ ორსულობას გეგმავ და უკვე გადიხარ აივ-მკურნალობის კურსს, მაშინ ექიმს დაელაპარაკე, რათა ზუსტად იცოდე რა სახის წამლებს იღებ და მოგიწევს თუ არა მათი შეცვლა ორსულობის განმავლობაში.
როგორ მოხდება ნაყოფის ჩასახვა, თუ ერთი ჩვენგანი აივ-დადებითია, ხოლო პარტნიორს ინფექცია არ აქვს?
როდესაც აივ-ის მატარებელ ადამიანს სისხლში ვირუსის დაუდგენელი რაოდენობა აქვს, სექსის დროს ვირუსის გადაცემის რისკი არ არსებობს. თუ დავუშვებთ, რომ აივ-დადებითი სტატუსის მქონე ადამიანს სისხლში ვირუსის დაუდგენელი რაოდენობა აქვს და არცერთი პარტნიორი სხვა სექსუალური გზით გადამდები ინფექციის (სგგი) მატარებელი არ არის, მაშინ სექსი კონდომის გარეშე დასაშვებია.
თუ შენ ან პარტნიორს სისხლში ინფექციის დონე გამოვლენილი გაქვთ, მაშინ მნიშვნელოვანია ჩასახვის ვარიანტები განიხილოთ და აირჩიოთ ის, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ან გააქრობს გადაცემის შანსებს როგორც პარტნიორისთვის, ისე შვილისთვის. სანამ კონდომის გამოყენებას შეწყვეტთ, აივ-მკურნალობის კურსზე პასუხისმგეებლ გუნდს გაესაუბრე და რჩევა ჰკითხე, რა იქნება თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი. მათ შეიძლება შენ პარტნიორს პრეპის მიღება ურჩიონ. პრეპი (PrEP) აივის გადაცემის რისკებს ამცირებს და მისი მიღება უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ისე ძუძუთი კვების დროს.
ყველასთვის, ვინც ორსულობას აპირებს - განურჩევლად მათი აივ სტატუსისა - რეკომენდირებულია ფოლიუმის მჟავის ყოველდღიური დოზის მიღება, ჩასახვის მცდელობისა და ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში. ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) ორგანიზმის უჯრედებს განვითარებაში ეხმარება.
აივ ინფექციის მკურნალობა ორსულობის დროს
ყველა ორსული ადამიანისთვის, რომელიც აივ ინფექციის მატარებელია, რეკომენდირებულია წამლების მიღება ორსულობის 24-ე კვირიდან, თუ მკურნალობას ჯერ არ გადიან. ამის მიზეზია ის, რომ სისხლში ვირუსის დაუდგენელი დონე ამცირებს ჩასახვის, ორსულობისა და მშობიარობის დროს ინფექციის გადაცემას.
თუ ორსულობის 36-ე კვირაში სისხლში ვირუსის დაუდგენელი დონე გაქვს, მშობიარობის იგივე ვარიანტები გაქვს, რაც ნებისმიერ სხვა აივ-ნეგატიურ ადამიანს. თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემა არ გაწუხებს, მაშინ ვაგინალური (ფიზიოლოგიური) მშობიარობა ერთ-ერთი ვალიდური არჩევანია, თუმცა ბავშვის გაჩენა ისეთ დაწესებულებაშია რეკომენდირებული, რომელსაც ჩვილისთვის საჭირო ტესტები და სამკურნალო პროცედურები ექნება.
თუ სისხლში ვირუსის დონე მაღალია (1000 ასლზე მეტი), მაშინ ექიმი, დიდი ალბათობით, საკეისრო კვეთას დაგინიშნავს. ეს უკანასკნელი მშობიარობის ქირურგიული მეთოდია, რომლის დროსაც ექიმი ადამიანის მუცელსა და საშვილოსნოს კვეთს. ამ პროცესის საშუალებით ჩვილი აღარ შედის კონტაქტში სისხლთან და იმ სხვა სითხეებთან, რომლებთან შეხებაც ვაგინალური მშობიარობის დროს მოუწევდა. საკეისრო კვეთა აივის გადაცემის რისკებს ამცირებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ სისხლში ვირუსის დონის მიუხედავად, აივ-პოზიტიურ ადამიანს შესაძლოა საკეისრო კვეთა სხვა სამედიცინო მიზეზების გამო მოუწიოს.
ჩვილის მკურნალობა
დაბადებიდან მოკლე დროში ჩვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს აივ ინფექციის სამკურნალო წამლები, რომლებსაც სითხის ფორმა აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვილი აივ-დადებითი სტატუსის მატარებელია.
ჩვილის მკურნალობის დრო დამოკიდებულია იმაზე, ვირუსის რამდენი ასლი გექნება სისხლში. თუ მთელი ორსულობის განმავლობაში სისხლში განუსაზღვრელი რაოდენობა გქონდა, მაშინ მკურნალობა ორი კვირა გაგრძელდება. თუ ორსულობის განმავლობაში სისხლში ვირუსის დონე დადგენილი გქონდა, მაშინ შვილის მკურნალობამ შესაძლოა 4 კვირამდე გასტანოს.
გაითვალისწინე, რომ ბავშვს რამდენიმე ტესტი დასჭირდება აივ სტატუსის გადასამოწმებლად: პირველი გაჩენისთანავე, მეორე ექვსი კვირის ასაკში, მესამე თორმეტი კვირის ასაკში, ხოლო მეოთხე (და უკანასკნელი აივ-ანტისხეულების ტესტი) – 18 თვის თავზე.
თუ ყველა ეს ტესტი ნეგატიურია და ჩვილი ძუძუთი არცერთხელ არ გიწოვებია, მაშინ შეგიძლია დარწმუნებული იყო - შენ შვილს ვირუსი არ აქვს.
ჩვილის გამოკვება
ბავშვის ძუძუთი გამოკვება რეკომენდირებული არ არის. ხელოვნური კვება საუკეთესო გზაა იმაში დასარწმუნებლად, რომ ახალშობილს ინფექცია არ გადაედება.
აივი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი, რომლის გათვალისწინებაც მოგიწევს. ძუძუთი კვება შესაძლოა სხვა მიზეზების გამო არჩიო. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღე, აუცილებელია სისხლში ვირუსის დაუდგენელი რაოდენობა შეინარჩინო, მუდმივ კონტაქტზე იყო მკურნალ ექიმებთან და წინასწარ განიხილო მათთან ეს გადაწყვეტილება, სანამ ძუძუთი კვებაზე გადახვალ. აუცილებელად შეწყვიტე ძუძუთი კვება, თუ:
-
სისხლში აივის დონე დადგინდება;
-
შენ, ან შენ შვილს მუცლის პრობლემები შეგაწუხებთ;
-
ძუძუებზე და/ან კერტებზე ინფექციის ნიშნებს შეამჩნევ (კანი დაგისკდება, წყლულები გამოგივა, ან კერტებიდან სისხლდენა გექნება).
ეს შეამცირებს ძუძუთი კვების დროს აივ ინფექციის გადაცემის რისკებს, მაგრამ ყველაზე ეფექტური გზა ამ რისკის აღმოსაფხვრელად შვილის ალტერნატიულ კვების მეთოდზე გადაყვანაა.
ჩასახვიდან დაწყებული, ორსულობის, მშობიარობისა და ჩვილის გამოკვების ჩათვლით, ეს გამოცდილება უნიკალური იქნება. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში საუკეთესო თანადგომა და სამედიცინო მზრუნველობა მიიღოთ შენც და ახალშობილმაც. მკურნალ ექიმებთან და სამედიცინო გუნდთან მუდმივად ხაზზე ყოფნა ამაში დაგეხმარება.