B ჰეპატიტის გადაცემის გზები
და დაავადების პრევენცია
ინფორმაცია პაციენტებისთვის
-
B ჰეპატიტის გადაცემის გზები:
-
სისხლის გზით გადაცემა;
-
შპრიცები და არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტები;
-
მშობიარობა, ორსულობა და ძუძუთი კვება;
-
სქესობრივი გზით გადაცემა.
-
-
მშობლიდან ბავშვზე B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის პრევენცია;
გადაეცემა თუ არა B ჰეპატიტი საყოფაცხოვრებო კონტაქტით?
-
როგორ დავიცვათ თავი B ჰეპატიტისგან?
-
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა;
-
სტერილური შპრიცების და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება;
-
დაცული სქესობრივი კონტაქტი.
-
B ჰეპატიტის გადაცემის გზები
B ჰეპატიტი სისხლის გზით გადამდები ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ B ჰეპატიტის ვირუსი ერთი ადამიანისგან მეორეს ძირითადად სისხლის გზით გადაეცემა. გარდა ამისა, B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტით და დედიდან ბავშვზე. ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი.
სისხლის გზით გადაცემა
სისხლის გზით ინფექციის გავრცელება ხდება ინფიცირებული
სისხლის ან სისხლის პროდუქტების გადასხმით, ინფიცირებული
სისხლით დაბინძურებული შპრიცების, ნემსების და სხვა სამედიცინო
ან სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, ორგანოს
ტრანსპლანტაციით, ტატუირებით და პირსინგით.
სისხლის გადასხმა
ბევრ ქვეყანაში 90-იან წლებში სისხლის წინასწარი გამოკვლევა ვირუსულ ჰეპატიტებზე სისტემატურად არ ხდებოდა. შედეგად, მრავალი ადამიანი დაინფიცირდა სისხლის გზით გადამდები ინფექციებით. ამჯამად, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში სისხლის ჩაბარებისას აუცილებელია დონორის გამოკვლევა სხვადასხვა ინფექციებზე, მათ შორის აივ/შიდსზე და ვირუსულ ჰეპატიტებზე.
შპრიცები და არასტერილური
სამედიცინო ინსტრუმენტები
შპრიცების და სხვა საინექციო აღჭურვილობის (ბამბა, კოვზი, ფილტრი და სხვა) გაზიარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს B
ჰეპატიტის ვირუსის გავრცელებაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ხდება ნარკოტიკების მოხმარება ინტრავენურად (აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია).
ინფექციის გავრცელების წყაროს ასევე წარმოადგენს ინფიცირებული
სისხლით დაბინძურებული ნემსი და სხვა ბასრი საგნები, რომლებიც
გამოიყენება ტატუირების, აკუპუნქტურის და სილამაზის სალონებში
სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარების დროს.
ვირუსის გადაცემის რისკი არსებობს საერთო კბილის ჯაგრისის, მაკრატლის და სამართებლის გამოყენებისას.
მშობიარობა,
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და მშობიარობის დროს დედიდან შვილზე გადაცემის
რისკი მცირეა (3-6%).
თანამედროვე გაიდლაინების თანახმად B ჰეპატიტით ინფიცირებულ ორსულს ანტივირუსულ მკურნალობას ურჩევენ მაღალი ვირუსული დატვირთის დროს, ისიც მესამე ტრეიმესტრიდან (ლამიმუდინი, ტენოფოვირი).
B ჰეპატიტით ინფიცირებული ორსულისთვის რეკომენდირებულია ფიზიოლოგიური მშობიარობა, იმდენად დაბალია ბავშვის დაინფიცირების რისკი. ადრე მხოლოდ საკეისრო კვეთა იყო რეკომენდირებული, რაც დღეისათვის შეიცვალა. გამონაკლისის სახით, საკეისრო ჩვენება ტარდება თუკი სისხლის გამოკვლევისას E-ანტიგენი დადებითია და PCR-ით ვირუსის ტიტრი მაღალია.
მშობიარობის შემდეგ ქალს შეუძლია ძუძუთი კვება, თუკი ნახეთქები არ არის სისხლმდენი, რძით ინფექცია არ გადადის.
სქესობრივი გზით
გადაცემა
C ჰეპატიტისგან განსხვავებით, სქესობრივი გზით B ჰეპატიტის
გადაცემის რისკი მაღალია დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას.
სქესობრვი გზით B ჰეპატიტის გავრცელების მეტი რისკი აქვთ მამაკაცებს, რომლებსაც დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, რამდენადაც სქესობრივი კავშირის ეს გზა გაცილებით
ტრავმულია და არსებობს სისხლდენის მეტი რისკი.
დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის პრევენცია
ჰეპატიტის ვირუსით ინფექციის პრევენციის მიზნით, დაბადებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში ახალშობილის უკეთდება B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი და უტარდება ვაქცინაციის სრული კურსი (მაშინ როდესაც არაინფიცირებული დედების ახალშობილებს უტარდებათ მხოლოდ ვაქცინაცია).
ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე დედის ახალშობილს ტესტირება HbsAg-ზე და anti-HBs-ზე უნდა ჩაუტარდეს 9-15 თვის ასაკში.
თუ მამაკაცია ინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით:
ინფიცირებული მამისგან ნაყოფზე B ჰეპატიტის ვირუსი არ ვრცელდება (თუ დედა არ არის ინფიცირებული). დაორსულება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც მამაკაცი B ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობას იტარებს.
გადაეცემა თუ არა B ჰეპატიტი საყოფაცხოვრებო კონტაქტით?
B ჰეპატიტი არ გადაეცემა:
-
ჰაერის ან წვეთოვანი გზით (საუბრისას, ცემინებისას, ხველებისას);
-
ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
-
საერთო ჭურჭლის მოხმარებით;
-
საერთო ტუალეტისა და აბაზანის გამოყენებით;
-
დაბინძურებული საკვებით და წყლით;
-
მწერების და ცხოველების ნაკბენით.
შესაბამისად, B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულებს არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან
იცოდეთ და გაუზიარეთ ცოდნა B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის გზებისშესახებ თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. რაც მეტია ცოდნა დაავადებისშესახებ, ნაკლებია სტიგმა და დისკრიმინაცია ინფიცირებულების მიმართ.
B ჰეპატიტის გადაცემა არ არის დადასტურებული შემდეგ
ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისას:
-
განავალი
-
ცხვირიდან გამონადენი
-
ოფლი
-
შარდი
-
ნერწყვი
-
დედის რძე
-
პირნაღები მასა
-
ცრემლი
როგორ დავიცვათ თავი B ჰეპატიტისგან?
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა
ვაქცინაცია B ჰეპატიტის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზაა. სწორედ ვაქცინაციის შედეგად B ჰეპატიტი გახდა მართვადი ინფექცია.
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში გამოიყენება 1982 წლიდან და იგი ითვლება კიბოს საწინააღმდეგო პირველ ვაქცინად. მას აქვს 95%-იანი ეფექტურობა და არის უსაფრთხო.
საქართველოში B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო 2002
წლიდან.
დღეისათვის, საქართველოს გარდა მსოფლიოს 182 ქვეყანაში ტარდება
საერთო გეგმიური ვაქცინაცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია ყველა ახალშობილის ვაქცინაცია B ჰეპატიტზედაბადებისთანავე (პირველი 24 საათის განმავლობაში). მნიშვნელოვანია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება მეტი ეფექტურობისთვის.
რადგან B ჰეპატიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროფესიულ საფრთხეს სამედიცინო პერსონალისათვის, მნიშვნელოვანია მათი ვაქცინაცია.
გარდა სამედიცინო პერსონალისა, B ჰეპატიტით ინფიცირების რისკ ჯგუფებს შეადგენენ:
-
პაციენტები, რომელთაც ხშირად ესაჭიროებათ სისხლი ან სისხლის პროდუქტები;
-
პატიმრობაში მყოფი ადამიანები;
-
ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები;
-
მეტადონით ან სუბოქსონით ჩანაცვლებით თერაპიაში მყოფი პირები;
-
ადამიანები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პირებთან;
-
აივ ინფიცირებულები;
-
C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულები;
-
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები;
-
გადანერგილი ორგანოს რეციპიენტები;
-
B ჰეპატიტით ინფიცირებული პირების სქესობრივი პარტნიორები.
დღეისათვის ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტით ინფიცირებულ ყველა პაციენტს უტარდება B ჰეპატიტზე ვაქცინაცია. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
სტერილური შპრიცების და სხვა სამედიცინო
ინსტრუმენტების გამოყენება
-
ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციისას, გამოიყენეთ ერთჯერადი სტერილური ინსტრუმენტები. ნებისმიერ სამედიცინო ან სტომატოლოგიურ დაწესებულებაში ან კოსმეტოლოგიურ/სილამაზის სალონებში მიმართვისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ სისხლის გზით გადამდები ინფექციების კონტროლის და უსაფრთხოების ზომები დაცულია. შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ბასრი ინსტრუმენტების სტერილიზაცია. ასევე, მოითხოვეთ ნემსების, შპრიცების და სტერილური სტომატოლოგიური ინსტრუმენტების თქვენს თვალწინ გახსნა.
-
დაუშვებელია საზიარო შპრიცის, კოვზის, ფილტრის ან ბამბის და სხვა ატრიბუტიკის გამოყენება ნარკოტიკის მომზადებისას;
-
სხვა ადამიანების პირადი ნივთების (კბილის ჯაგრისი, სამართებელი და მანიკურის გასაკეთებელი ინსტრუმენტები) გამოყენებაზე უარის თქმა;
დაცული სქესობრივი კონტაქტი
-
მნიშვნელოვანია გქონდეთ დაცული სქესობრივი კონტაქტი;
-
უმჯობესია გყავდეთ ერთი ერთგული პარტნიორი; თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ერთად ჩაიტაროთ გამოკვლევა სისხლის და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.